
მდინარაძე საქართველოში ევროპული ქვეყნების დაზვერვაზე საუბრობს, თუმცა მათ არ აკონკრეტებს - Netgazeti
მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში დაზვერვით სამუშაოებს ახორციელებენ. თუმცა მდინარაძე არ ასახელებს, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
მდინარაძის თქმით, „ძალიან დიდი ინფორმაციები“ აქვთ საქართველოში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ და მათ მოუწოდებს, რომ ის ხალხი, ვინც ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს ახორციელებს, გაიყვანონ.
მდინარის თქმით, არავის ემუქრებიან, თუმცა გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გააკეთებენ.
„მე მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო მათ შორის ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურები და ვთხოვო მათ, რომ რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში და გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს.
ჩვენ და ჩვენს სპეციალურ სამსახურებს დღეს შესწევთ ძალა, როგორც არასდროს, გამოავლინონ სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურები ჩვენს ქვეყანაში, მათი შესაბამისი რეზიდენტი პირები. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს და ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ. მე მგონი, ყველასთვის გასაგები იქნება, თავად უკეთ იციან, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით.
ასევე, მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს ქართველ სპეცსამსახურებს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით. ასევე, ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს და ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, რაც გავაკეთეთ, უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამის თქმის ძალა ჩვენს ქვეყანას, როგორც არასდროს, შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის წყალობით, საბედნიეროდ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.