
პატიმრების სიმრავლით საქართველო ევროპაში მეოთხეა - Netgazeti
100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით, საქართველო, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, მეოთხე ადგილზეა.
ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკა პატიმართა რაოდენობის შესახებ, რომელიც ასახავს მონაცემებს 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით. ამ დროისთვის საქართველოს 8 592 პატიმარი ჰყავდა. 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს მაჩვენებელი 231.9-ით განისაზღვრა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პატიმრების ჭარბი რაოდენობით ევროპის ქვეყნების სამეულში აღარაა.
ანგარიშის თანახმად, 100 000 მოსახლეზე პატიმრების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ ქვეყნებშია:
თურქეთი — 458 პატიმარი აზერბაიჯანი — 271 პატიმარი მოლდოვას რესპუბლიკა – 245 პატიმარი საქართველო – 232 პატიმარი უნგრეთი — 206 პატიმარი
ანგარიშში შესული არაა რუსეთის, ბელარუსის და კოსოვოს მონაცემები, რადგან ისინი არ არიან ევროპის საბჭოს წევრები.
საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, სადაც პატიმრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა:
უკრაინა (-18%) სლოვაკეთი (-16%) საქართველო (-11%) ესტონეთი (-9.8%) პოლონეთი (-6%)
ევროპის საბჭოს ანგარიში არ მოიცავს მაჩვენებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ევროპის საბჭოს გამოქვეყნებული ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკა პატიმართა რაოდენობის შესახებ (SPACE I) აჩვენებს, რომ მრავალი ევროპული ქვეყანა ვერ ახერხებს ციხეების სერიოზული გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას. ასევე, ფიქსირდება ციხეებში ქალთა რაოდენობის მცირედი ზრდა.
2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებში სულ 1 107 921 პატიმარია, რაც მთელი კონტინენტის მასშტაბით, ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 110 პატიმარს შეადგენს.