მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. აღარც "ღირსებით"? რა ნარატივს ტესტავს „ოცნება“ EU-ზე — ინტერვიუ - Netgazeti
აღარც "ღირსებით"? რა ნარატივს ტესტავს „ოცნება“ EU-ზე — ინტერვიუ - Netgazeti

აღარც "ღირსებით"? რა ნარატივს ტესტავს „ოცნება“ EU-ზე — ინტერვიუ - Netgazeti

ნეტგაზეთი21 მაისი, 2026, 18:45|netgazeti.ge

ბოლო რამდენიმე კვირაა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ახალ რიტორიკასა და სტრატეგიულ გზავნილებს ტესტავენ. თუ აქამდე მათგან ხშირად მოგვისმენია, რომ გაწყვეტილი ურთიერთობის მიუხედავად, კვლავაც ფიქრობდნენ ევროინტეგრაციაზე ოღონდ “ღირსებით”, ახლა უკვე მკაფიოდ აცხადებენ, რომ „დღევანდელ ევროკავშირში არაფერი ესაქმებათ“.

რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნული ნარატივის გაძლიერება? ამ საკითხზე „ნეტგაზეთი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.

— ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად იმეორებენ გზავნილს, რომ „ასეთ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება“. ევროკავშირთან ისედაც კონფრონტაციაში მყოფი „ქართული ოცნებისგან“ ამ ნარატივის დამკვიდრება, თქვენი შეფასებით, რაიმე ახალი ეტაპის დასაწყისია?

— საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ისტორიული კავშირი გაწყდეს, წარუმატებლობისთვისაა განწირული. რაც შეეხება თავად მმართველ პარტიას, ჩვენ მორიგ ჯერზე ვხედავთ მის ნამდვილ სახეს, რომელიც არ არის ევროპული, არ არის დასავლური თავისი ბუნებით და წარმოადგენს ჩვეულებრივ, პოსტსაბჭოთა, რუსული ტიპის პოლიტიკურ მოცემულობას, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა — მათ შორის, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

„ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე მიზნად ისახავს საქართველოსა და დასავლეთს შორის კავშირების შესუსტებას. ჩვენ ამას ვხედავთ როგორც ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღებით, ისე ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც არაერთხელ გაუჟღერებია ხელისუფლებას. ამ ყველაფერს ერთადერთი სარჩული აქვს — ეს არის საკუთარი, სრულიად უსამართლო და აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა.

ჩვენ აქამდეც გვინახავს „ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირის ინსტიტუტებთან, გავლებული კონფრონტაციული ხაზი. თუმცა, ამასთანავე, იმის მომსწრენიც ვყოფილვართ, თუ როგორ ცდილობდნენ კულუარულად დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებას. როგორც ჩანს, ახლა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა მაქსიმალისტური მოთხოვნების წამოყენებას — იმ იმედით, რომ დასავლეთი რამეს მაინც დაუთმობდა და ავტორიტარული კურსის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემდა — სრულიად ჩავარდა. ახლა მათ გადაწყვიტეს, დაუბრუნდნენ ერთადერთ გზას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ გაცილებით ავთენტურია, ეს მათი ანტიდასავლური, რეალური და ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. რაც უფრო მეტად გააღრმავებს ანტიდასავლურ რიტორიკას „ქართული ოცნება“, მით უფრო მკვეთრი იქნება ევროკავშირის ინსტიტუციური პასუხი. ახლა უკვე იმის გათვალისწინებითაც, რომ მმართველი გუნდის ერთადერთი ფარი ვიქტორ ორბანის სახით აღარ არსებობს, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ამ ფასის გადახდა.

— ამ კონკრეტული ნარატივის მიზანი ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკაა თუ, მთლიანობაში, ევროპული ინტეგრაციის იდეის გადაფასება?

— რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ ევროპული იდეა არასდროს არსებობდა; მათ არც საქართველოს ევროინტეგრაცია აინტერესებდათ და არც ჩვენი დასავლური კავშირები. ერთადერთი ინტერესი, რაც მმართველ გუნდს გააჩნია, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და სწორედ ამიტომ, მათი დღევანდელი ძალისხმევა ძალაუფლების განმტკიცებისკენაა მიმართული. ევროკავშირი არის ის სივრცე, სადაც აბსოლუტური და უსამართლო ძალაუფლება წარუმატებლობისთვისაა განწირული. ორბანის მაგალითზე ეს ძალიან კარგად ვნახეთ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ევროკავშირში ვერ იარსებებს — ეს დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებაა. „ქართული ოცნებაც“, როგორც თავისი ბუნებით ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ძალა, რა თქმა უნდა, ახლა ეცდება, რომ გაერთიანებისგან სრულად მოახდინოს დისტანცირება.

თუმცა, მეორე მხრივ, ისიც გვახსოვს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ლოგოც კი შეცვალა, რათა ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვხედავთ, რომ ხელისუფლებას უწევს, ანგარიში გაუწიოს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას.

— როგორც თქვენ ამბობთ, თუ აქამდე „ქართული ოცნება“ ანგარიშს უწევდა ამომრჩეველს და ცდილობდა თავის პროევროპულ ძალად წარმოჩენას, ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ითქვას, რომ მან უკვე ღიად დაიწყო ევროპაზე უარის თქმა?

— „ქართული ოცნება“ ევროპაზე უარს ყოველთვის ამბობდა. ეს აშკარა ჯერ კიდევ ანტიდასავლური კანონების მიღებისას იყო; ასევე ნათლად გამოჩნდა უკრაინასთან დაპირისპირებისა და მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებების ფონზე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში ღია პრორუსული პოლიტიკის გატარება ელექტორალური სუიციდის ტოლფასია, მმართველი გუნდი ცდილობდა, ევროკავშირის მიმართ ეს მტრული რიტორიკა ფსევდონაბიჯებით დაებალანსებინა — მაგალითად, იგივე ლოგოს შეცვლითა და საკუთარი ელექტორატის მოტყუებით, თითქოს ევროკავშირისკენ გეზს აგრძელებდნენ. დასავლეთთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის და მათი ყველა ბოლოდროინდელი ნაბიჯი ემსახურებოდა დასავლეთთან რაც შეიძლება მეტად დაშორებასა და ტრანზაქციული ურთიერთობების დამყარებას, თუმცა ვხედავთ, რომ დიდად არც ეს გამოსდით.

— თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ „ოცნებამ“ ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კულისებს მიღმა ამას ცდილობდა. ასეთ შემთხვევაში, ახლა ეს გზავნილები უფრო შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვისაა გათვლილი თუ ევროკავშირისთვის?

— შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორივესთვის. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გზავნილები შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. ისინი ცდილობენ, საკუთარ ელექტორატს აჩვენონ, თითქოს მმართველ გუნდს ევროპა უნდა, მაგრამ ევროპას არ უნდა საქართველო. ამით ისინი ტოლობის ნიშანს სვამენ საკუთარ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც აბსოლუტური ტყუილია. „ქართული ოცნება“ დღეს ნამდვილად არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და, უფრო მეტიც, არც საკუთარი ამომრჩევლის ნებას ითვალისწინებს, რადგან მათი საარჩევნო დაპირება „ღირსებით ევროპისკენ“ სვლა იყო, რასაც პარტია დღეს ნამდვილად არ ასრულებს.

— თუ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ასეთ ევროპაში არაფერი ესაქმებათ, მაშინ რა არის საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის ალტერნატიული ხედვა? რა უნდა შესთავაზოს მან ამომრჩეველსა და საზოგადოებას?

— ალტერნატიული საგარეო პოლიტიკური ხედვა არ არსებობს. გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, საქართველოს ძლიერი მეგობრები და მოკავშირეები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივა არის ძალაუფლების ვაკუუმის შექმნა, ხოლო თუ კავკასიაში ძალაუფლების ვაკუუმი შეიქმნება, მას მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია შეავსებს. ეს ავტომატურად ნიშნავს კაპიტულაციასა და რუსეთის მხრიდან საქართველოს განმეორებით ოკუპაციას.

თუ ჩვენ „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ურთიერთობებს გადავხედავთ, აშკარად დავინახავთ, რომ მმართველ გუნდს რუსეთთანაც არანაირი წარმატება არ გააჩნია. პირიქით, მათი სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის შედეგად ვხედავთ, რომ რუსეთმა და ცხინვალის რეგიონმა, ოკუპირებულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთმა, გააფორმეს ინტეგრაციის ხელშეკრულება, რაც ფაქტობრივი ანექსიაა და რაზეც „ქართულ ოცნებას“ არანაირი პასუხი არ გააჩნია.

— თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტული გზავნილებით იმას, რომ საზოგადოებაში დასავლეთთან კონფრონტაციის ნორმალიზება მოახდინოს და ხალხი იზოლაციას შეაგუოს?

— მე მჯერა ქართველი ხალხის. მჯერა, რომ ჩვენი ხალხის ურყევი ნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მტრისა და მოყვრის გარჩევა. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ქართველი ხალხი ძალით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამოძირკვონ დასავლური საწყისიდან, წარუმატებლობისთვისაა განწირული და „ქართული ოცნებაც“ ამას ძალიან მალე გაიაზრებს.

ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება – პაპუაშვილი

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი