
სად იყო და რას საქმიანობდა ივანიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისას - Netgazeti
დღეს, 26 მაისს, „იმედმა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიამატა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ქარდს და ისე მიულოცა საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი.
მართალია, დღეს ქართული საზოგადოება არა დამოუკიდებლობის აღდგენას ( 9 აპრილი, 1991), არამედ მის გამოცხადებას (26 მაისი, 1918) ზეიმობს, მაგრამ მაინც გაჩნდა კითხვა: ჰქონდა თუ არა რაიმე როლი ბიძინა ივანიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენაში, ან ზოგადად იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელ საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა?
მოკლე პასუხია, არა.
ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი დისიდენტები იყვნენ. თუმცა, სანამ ისინი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკისგან დისტანცირებული იყო, რუსეთში ცხოვრობდა და იქ ბიზნესს აკეთებდა.
საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი და დისიდენტური მოძრაობების დროს ივანიშვილმა ჯერ თბილისში დაიწყო კაპიტალის დაგროვება. იგი თბილისში მუშაობდა შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ადგილობრივ განყოფილებაში. ამ პერიოდში კამოს ქარხანასთან შექმნა თავისი პირველი კოოპერატივი, აპირებდა შლანგების წარმოებას, მაგრამ კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პროკურატურამ კოოპერატივის ანგარიშები დააყადაღა, კვლავ რუსეთში წასვლა გადაწყვიტა.
1988 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა, სადაც თავის ბიზნესპარტნიორთან, ვიტალი მალკინთან ერთად ანვითარებდა ბიზნესს – კოოპერატივი „აგროპროგრესი“, ელექტრონიკით ვაჭრობა, ხოლო 1990 წელს — ბანკი „რუსული კრედიტი“ დააფუძნა. იმ პერიოდში ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში.
კავშირი 9 აპრილის ფიგურანტ გენერალ ლებედთან
თავის პირველ ინტერვიუში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2005 წელს რუსულ გამოცემა „ვედომოსტის“ მისცა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამბობდა, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მიიღო, რუსი გენერლის, ალექსანდრ ლებედის დახმარება იყო ჯერ 1996 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შემდეგ კი, 1998 წელს საგუბერნატორო არჩევნებში.
„მე ვეწეოდი ლებედის პოპულარიზაციას, როდესაც ის მიტოვებული პოლიტიკოსი იყო… ელცინის საარჩევნო შტაბის წევრები, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მე კი ბანკის ოფისში განვათავსე მისი წინასაარჩევნო შტაბი, ვაფინანსებდი მის პიარს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველამ გააცნობიერა, რომ მართალი ვიყავი: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა არჩევნებზე თავისი ხმები ელცინს მისცა და ამით უზრუნველყო მისი გამარჯვება. მე კი მაშინ მადლობაც არავინ მითხრა, ხოლო როდესაც ლებედს [უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან] ხსნიდნენ, ყველამ გაიხსენა, რომ ის მე მოვიყვანე და დამნაშავედ მე გამომიყვანეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკაში მივიღე მონაწილეობა. მოგვიანებით, როდესაც ლებედს გუბერნატორად ირჩევდნენ, ძველი მეგობრობით კადრებით დავეხმარე, თუმცა პირდაპირ არ დამიფინანსებია და მასთან არანაირად არ ვყოფილვარ დაკავშირებული“, – ამბობდა ივანიშვილი 2005 წელს რუსულ გამოცემა „ვედომოსტისთან“.
რაც შეეხება გენერალ ლებედს, 1988 წლის მარტიდან საბჭოთა არმიის 106-ე სამხედრო-სადესანტო დივიზიის მეთაური იყო და მონაწილეობდა კავკასიის ქვეყნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობაში, მათ შორის= თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტვაში. მოგვიანებით, საქართველოს პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, იყო თუ არა ლებედი თბილისში 9 აპრილის დარბევაში და ეს „არც საინტერესო არაა“.
„მეამაყება, რომ ელცინის საარჩევნო შტაბის წევრი ვიყავი და მის საარჩევნო კამპანიას ვაფინანსებდი. მე მოვნახე მექანიზმი, როგორ უნდა გაემარჯვებინა იმ დროს ელცინს. ძალიან მძიმე დრო იყო მაშინ. არსებობდა დიდი საფრთხე იმისა, რომ კომუნისტებს რევანში აეღოთ. კომუნუსტების რევანშის შემთხვევაში, რისთვისაც თუნდაც 1989 წელს იბრძოდნენ, საფრთხის ქვეშ დადგებოდა. შეიძლებოდა უკან შემობრუნებულიყო სისტემა, რომლის წინააღმდეგაც 1989 წელს ასე აქტიურად იბრძოდნენ. დღესაც ვამაყობ, რომ სწორი არჩევნი გავაკეთე. მაშინ ელცინს მხარს უჭერდა მთელი მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება, რამეთუ არ იყო უკეთესი არჩევანი. მეორე მხარეს იდგნენ კომუნისტები. ლებედი იქ მექანიზმად იყო გამოყენებული, რადგან მან მოახერხა კომუნისტებისთვის ხმების დაბალანსება და საბოლოო ჯამში, ელცინმა გაიმარჯვა. მე ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რასაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ”,- აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge