
კრემლის „ერევნის ფრონტი“ - როგორ ცდილობს მოსკოვი სომხეთის არჩევნებზე გავლენას - Netgazeti
რუსული საგამოძიებო პროექტი Dossier Center, რომელიც დაკავშირებულია რუს ოპოზიციონერ მიხაილ ხოდორკოვსკისთან, აქვეყნებს გამოძიებას სახელწოდებით „Ереванский фронт Кремля“ („კრემლის ერევნის ფრონტი“). სტატიაში ავტორები ამტკიცებენ, რომ კრემლი ცდილობს გავლენა მოახდინოს 2026 წლის 7 ივნისის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე და შეასუსტოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოზიციები.
ამავე თემაზე სტატია გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ The Insider-მა.
The Insider: ФСБ, ГРУ და СВР-ის აგენტები სომხეთში ფაშინიანის წინააღმდეგ მუშაობენ
Dossier Center-ის გამოძიების მიხედვით, რუსეთმა სომხეთში ერთ კანდიდატზე ფსონის დადების ნაცვლად რამდენიმე პრორუსულ ფიგურასა და პოლიტიკურ ჯგუფთან დაიწყო მუშაობა. Dossier Center ირწმუნება, რომ მათ მოიპოვეს შიდა დოკუმენტები, რომლებიც აღწერს რუსეთის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პოლიტტექნოლოგების გეგმებს, თუ როგორ უნდა შექმნილიყო “ანტიფაშინიანური” კოალიცია, როგორ უნდა ემუშავათ მედიაზე, დიასპორაზე და საზოგადოებრივ განწყობებზე.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთში მოღვაწე სომეხ მილიარდერს, სამველ კარაპეტიანს, რომელსაც დოკუმენტებში „სომხეთის მხსნელად“ მოიხსენიებენ. ავტორების თქმით, კრემლთან დაკავშირებული კონსულტანტები ცდილობდნენ მის პოლიტიკურ პროექტს ჩამოშორებოდა „რუსული კვალის“ იმიჯი, რადგან სომხურ საზოგადოებაში რუსეთის გავლენის მიმართ სკეპტიციზმი იზრდება.
გამოძიებაში ასევე საუბარია ყოფილ ომბუდსმენ არმან ტატოიანზე, რომელიც კრემლისთვის „სარეზერვო კანდიდატად“ განიხილებოდა. დოკუმენტების მიხედვით, რუსი პოლიტტექნოლოგები ორივე ფიგურის შესაძლო გაერთიანებასაც განიხილავდნენ არჩევნების შემდეგ.
აქვე გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ კამპანიის მიუხედავად, 2026 წლის მაისისთვის ფაშინიანის რეიტინგი კვლავ მაღალი დარჩა, ხოლო კრემლთან ასოცირებულ კანდიდატებს საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ.
IRI-ის კვლევა: სომხეთში ყველაზე მაღალი ნდობით ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge