
გორში მომხდარი არ არის ერთეული შემთხვევა, სისტემური დანაშაულია — ფარულავა - Netgazeti
„გახარია საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, გორში მომხდარი ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა მოქალაქეების დაცვის ნაცვლად მათ წინააღმდეგ მოქმედებს.
„პოლიციელებისთვის შექმნილია დაუსჯელობის განცდა, რასაც წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან წახალისება და მოძალადე პრაქტიკის დაფარვა განაპირობებდა. სწორედ ამიტომ ვხედავთ ძალადობის მსგავს შემთხვევებს დღესაც და არსებობს საფრთხე, რომ მომავალშიც გაგრძელდება“, — განაცხადა ფარულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მინისტრების ცვლილება ვერ ცვლის სისტემას, როდესაც თავად სისტემა ძალადობაზე, კორუფციასა და მოქალაქეების დაშინებაზეა დაფუძნებული.
„რიგითი ადამიანი დაუცველია როგორც პოლიციის ძალადობისგან, ისე ხელისუფლების კორუფციისგან. პოლიცია, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქეებს, ხშირ შემთხვევაში თავად იქცევა ძალადობის წყაროდ, ხოლო სახელმწიფო უწყებები მოქალაქის გვერდით დგომის ნაცვლად დუმილს ირჩევენ. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სანქცირებული პირების დაწინაურება და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა სამართალდამცავებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებას პასუხისმგებლობა არ მოჰყვება“, — თქვა ფარულავამ.
მისი თქმით, გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით განხორციელდა და საჭიროებს სრულ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას.
„ყველა მონაწილე პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. ასევე აუცილებელია, ასეთ ადამიანებს სამომავლოდ აეკრძალოთ სამართალდამცავ სისტემაში საქმიანობა“, — დასძინა მან.
გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს დაკავებულზე, პაპუნა ლოცულაშვილზე. იგი თავად არის დაკავებული.
პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარიც, ლაშა აბისონაშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.
პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.
პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დაკავებულია — რა ვიცით გორში მომხდარზე
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge