
შსს ირწმუნება, რომ ცემამდე ლოცულაშვილმა პოლიციელი ქვით დააზიანა - Netgazeti
შსს აცხადებს, რომ გორში პოლიციის მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ქვით მიაყენა დაზიანება. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.
“კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო-საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებულ იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რომ გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით – ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული ფაქტობრივი გარემოება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს სრულ მზაობას, ინტენსიურ რეჟიმში ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე, სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, -განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ჯგუფურად ცემის საქმეზე 6 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.
“შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან, დაზიანდა მისი ჯანმრთელობა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.