მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს - Netgazeti
„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს - Netgazeti

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს - Netgazeti

ნეტგაზეთი4 ივნისი, 2026, 19:30|netgazeti.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღია წერილს აქვეყნებს პუტინის მისამართით და სთავაზობს მას პირისპირ შეხვედრას, ომის დასასრულებლად შუამავლური დიპლომატიის მიღმა მუშაობას.

წერილის თარგმანს ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ.

„როდესაც 26 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ხელისუფლებაში მოხვედით, უკრაინაში ბევრი ადამიანი დადებითად იყო თქვენ მიმართ განწყობილი. ნამდვილად ასე იყო. მაგრამ ეგ უკვე წარსულია.

დღეს უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს იმას, რომ ჩვენმა გრძელ დისტანციაზე მოქმედმა დრონებმა 1000-ზე მეტი კილომეტრი დაფარეს და სანქტ-პეტერბურგში თქვენი ფორუმის გახსნის ცერემონიალს ესტუმრნენ. ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ეს მანძილი ჩვენი შესაძლებლობების ზედა ზღვარი არ არის.

ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლის მანძილზე სრულიად შეცვალეთ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები. ვაჭრობისა და სხვა სამოქალაქო საკითხების განხილვის ნაცვლად, ჩვენს ქვეყნებს შორის სასაუბრო თემა დარტყმებსა და დანაკარგებს აღარ სცდება.

რუსეთის ხელისუფლებაში ყოფნის დაახლოებით ნახევარი გაატარეთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.

რაც არ უნდა ილაპარაკოთ ნატოზე, გეოპოლიტიკაზე თუ რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია — ომი რეალური საფუძვლის გარეშე. სწორედ ასე დაიმახსოვრებს მას ისტორია.

ეს წლები სრულიად სხვაგვარად შეიძლებოდა წარმართულიყო.

ხშირად გვესმის, რომ თქვენთვის ეს ომი მისაღებია, ის არ გაწუხებთ. რა თქმა უნდა, არა, მაშინ როდესაც საქმე ვალდაიში თქვენი რეზიდენციის ან მოსკოვში აღლუმის უსაფრთხოებას ეხება. თქვენი საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია.

მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ რუსებისთვის ეს რეალობა სულ უფრო ნაკლებად მისაღები ხდება. ნაკლებად მისაღებია ფაქტი, რომ ომს რუსეთისთვის სულ უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს.

მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები.

არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და მუდმივად მზარდი ფასები.

არ მოსწონთ მუდმივი შეზღუდვები.

არ მოსწონთ თქვენი განზრახვა, მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყოთ, რათა ომი უკრაინაში კიდევ სხვა მიმართულებით გააფართოოთ ან რუსეთის მეზობელი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოთ.

არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ თქვენს ომს დასასრული არ უჩანს.

დიახ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ აიძულოთ რუსები, ასეთ პირობებში იცხოვრონ. მაგრამ თქვენი რესურსები მნიშვნელოვნად მცირდება.

თქვენ აღარ გეყოფათ არც ფული და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ რუსების ერთგულება იყიდოთ ისე, როგორც ამას ბოლო 26 წლის განმავლობაში აკეთებდით.

ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიომ ხელი შეუწყოს ამ მომენტის მოახლოებას.

როგორც თავად გიყვართ თქმა, „რიცხვებს უნდა შევხედოთ“.

გუშინ მივიღე ანგარიში თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ უკრაინის ფრონტზე მაისის თვეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, დაღუპული და მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროების რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. ამ მაჩვენებელს თვიდან თვემდე ვინარჩუნებთ და თქვენი თითოეული დანაკარგის ვიდეოდადასტურება გვაქვს. ეს არ არის ცარიელი სიტყვები.

ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლის ველზე თქვენი დანაკარგების 63% დაღუპულებზე მოდის, ხოლო მხოლოდ 37% — დაჭრილებზე. XXI საუკუნეში ვერც ერთი არმია ვერ გაუძლებს ასეთ თანაფარდობას. დაღუპულთა წილი კიდევ უფრო გაიზრდება.

იმის თქმა არ მინდა, თითქოს უკრაინაში რუსი სამხედროების ბედი გვაღელვებდეს მას შემდეგ, რაც თქვენმა ომმა ჩვენს ქვეყანას მოუტანა.

მაგრამ უკრაინელები მაღელვებს.

ჩვენც ვკარგავთ ჩვენს ხალხს და თითოეული დანაკარგი გვტკივა. მაშინაც კი, როდესაც უკრაინული და რუსული დანაკარგების თანაფარდობა არის ერთი ხუთთან ან ერთი — ექვსთან, ამას მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენ რეგულარულად, ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ, გადადებთ ხოლმე თქვენ მიერვე დაწესებულ „დედლაინებს“ ჩვენი რეგიონების, განსაკუთრებით კი დონეცკის ოლქის დასაპყრობად. ვერც წელს დაიკავებთ მას.

მაგრამ უკრაინაში მუდმივი ომი არ გვინდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად უკეთესია. სწორედ ამის მიღწევა გვინდა.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსების უმრავლესობაც ასე ფიქრობს. ეს თქვენც იცით.

ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა ამდენ ხანს გაძლებდა. თქვენც არ გჯეროდათ. არც მათ სჯეროდათ, ვინც რჩევებს გაძლევდათ. ეს შეცდომა იყო.

თქვენ არ ელოდით უკრაინისგან სრულმასშტაბიან წინააღმდეგობას და ვერ წარმოიდგენდით, რომ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა. და ახლა აქ ვართ ყველა, ამ სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელში.

ნუ შეუშინდებით ამ ომიდან გამოსასვლელ გზაზე დადგომას. სწორედ ეს მოგეთხოვებათ ახლა ყველაზე მეტად.

უკრაინამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და შეინარჩუნებს კიდეც. ყველა საპირისპირო პროგნოზის მიუხედავად.

ჩვენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შევძელით ხალხისა და მთავრობების გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად და თქვენ წინააღმდეგ. მოვიპოვეთ საჭირო იარაღი და დაფინანსება.

ჩვენ მხარდაჭერას ვიღებთ, თქვენ — სანქციებს. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინისთვის სამართალი არ აღსრულდება. სამართალი, რომელსაც ვითხოვთ და რომლის მიღწევაც შესაძლებელია.

არ დავუშვებთ, რომ წარმატებას მიაღწიონ მათ, ვინც ცდილობს დაგარწმუნოთ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად შესუსტდება და უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდება იმ ფონზე, თუ თქვენს პოზიციას უკრაინის მიმართ არსებითად არ შეცვლით. ორბანის მაგალითი აჩვენებს, რომ ვინც ჩვენ წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებაზე აკეთებს არჩევანს, სირცხვილი ელოდება.

უკრაინამ გადაიტანა მძიმე ზამთრები, როდესაც ჩვენი ენერგეტიკული სისტემის განადგურებას ცდილობდით. ჩვენ გავუძელით და ბნელშიც არაფერი დაჰკლებია უკრაინელების გამძლეობას.

ჩვენ ომი თქვენს ტერიტორიაზე გადმოვიტანეთ და ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებოდით. თქვენ რუსეთის პირველი მმართველი ხართ, რომელმაც დახმარებისთვის ფხენიანს მიმართა.

დღეს კი სრულად ხართ დამოკიდებული ჩინეთზე. ესეც პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში.

გჯეროდათ, რომ უკრაინელებს საკუთარი თავის დასაცავად ძალა არ ეყოფოდათ. დღეს კი ჩვენი ხალხი ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენს პარტნიორებს მათი თავდაცვის გაძლიერებაში ეხმარება.

უკრაინაში შიდა არეულობის მოლოდინი გქონდათ. ამის ნაცვლად, სწორედ თქვენ წინააღმდეგ აჯანყდნენ თქვენი სამხედრო დანაყოფები. 23 ივნისს ამ მოვლენის კიდევ ერთი წლისთავი დადგება. დუმილი და თვალის არიდება ამ ფაქტს ისტორიიდან ვერ წაშლის.

ახლა კი ხართ ის ადამიანი, რომელსაც თქვენი საკუთარი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტები აშკარად გამოფიტული თვალებით უყურებენ. მსოფლიო ამას ხედავს.

მსოფლიო არ დაღლილა უკრაინით, რისი იმედიც გქონდათ დიდი ხნის განმავლობაში. იზრდება მოყირჭება რუსეთით. მათ შორის იმ ქვეყნებსა და ჯგუფებშიც, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში გეხმარებიან და თქვენს ეკონომიკას სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებენ.

თქვენ ამას ვერ ვერ ამჩნევთ. ხელისუფლებაში 26 წლის მანძილზე ყოფნის შემდეგ ასაკი თავისას შვრება. დროთა განმავლობაში თქვენით დაღლილობა მხოლოდ გაიზრდება.

ვნახეთ სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ახლა განიხილავთ ომის გაგრძელების გეგმებს 2027 და 2028 წლებშიც. ვიცით ისიც, რომ იმედი გაქვთ, ბალისტიკური რაკეტები მოგიტანთ იმას, რისი მიღწევაც სხვა ვერაფერმა შეძლო. გსურთ ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ამ ომში და ამისთვის ჩვენც გვიწევს მზადება. ვხედავთ, რომ რაღაცის ორგანიზებას ცდილობთ დნესტრისპირეთის მიმართულებითაც. თქვენი პროპაგანდისტები ამ თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელ ქვეყანას ემუქრებიან. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა?

არჩევანი თქვენზეა.

საკმარისია ომი.

უკრაინა ამ ომის დასრულებას გთავაზობთ.

ეს უნდა მოხდეს პატიოსნად, ღირსეულად და ისეთი გარანტიებით, რომ ომი აღარ განახლდეს.

ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები მთლიანად ირანის საკითხზეა კონცენტრირებული და არ იქნებოდა სწორი უბრალოდ ლოდინი, როდის დაბრუნდება ევროპაში ომი კვლავ მისი ყურადღების ცენტრში.

უკრაინა ამ ომის დასრულებას ჩვენსა და თქვენ შორის პირდაპირი დიალოგის გზით გთავაზობთ.

მე შეხვედრას გთავაზობთ.

ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე თითქოს შემეძლო, მოსკოვში ჩამოვსულიყავი. მაგრამ ამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება. ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს არაფერი ესაქმება კიევში.

არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად — შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები. ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა.

სწორედ ლიდერები წყვეტენ ძირითად საკითხებს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.

გთავაზობთ, ასეთი შეხვედრისთვის მკაფიო თარიღი განისაზღვროს.

მოვისმინეთ, რომ თითქოს ალასკაში დაგპირდნენ უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების გადაწყვეტას. მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ უკრაინისა და ევროპის საკითხები ანკორიჯში არ წყდება.

ჩვენ შორის შექმნილ ორმხრივ ფორმატს შეიძლება სხვა მონაწილეებიც შეუერთდნენ.

რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება და თქვენც უსაფრთხოების გარანტიებს ეძებთ, ლოგიკური იქნებოდა პროცესში იმ მხარეების ჩართვა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გარანტორების როლის შესრულება.

გვჯერა, რომ ევროპა ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს — ისინი, ვისაც რეალურად შეუძლია ვითარებაზე გავლენის მოხდენა.

ასევე გვჯერა, რომ პროცესის ნაწილი უნდა იყოს შეერთებული შტატებიც. სწორედ ამას შეუძლია ჩვენი რეგიონისთვის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება.

უკვე გამოვცადეთ რუსეთთან მრავალი შეთანხმება, მათ შორის მინსკის შეთანხმებებიც, ყველამ კრახი განიცადა. ამიტომ ჯერ ჩვენ შორის უნდა ვიპოვოთ პირდაპირი პასუხები დარჩენილ კითხვებზე. რთულ საკითხებს არ უნდა დავემალოთ ფორმულების, ტექნიკური სამუშაო ჯგუფების ან შუამავლური დიპლომატიის მიღმა, რომელზეც უსასრულო დრო დაიკარგა.

თქვენმა ომმა უკრაინა და რუსეთი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს.

დღეს ფრონტის ხაზი ის ხაზია, საიდანაც დიპლომატია უნდა დაიწყოს.

უკრაინა მზად არის, მოლაპარაკებების მთელი პერიოდის განმავლობაში, ცეცხლი სრულად შეწყვიტოს. ეს სტანდარტული პრაქტიკაა და ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენები ამას მხოლოდ ადასტურებს. რეალური სიმშვიდის დამყარების მცდელობა საუკეთესო გზაა დიალოგის დასაწყებად. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ მცდელობა კი არა, ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა იქნება, თუ ამას თავადაც მოინდომებთ.

თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია აკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმ ხაზზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება.

უკრაინა მზად არის ასევე სამხედრო ტყვეების სრულმასშტაბიანი გაცვლისთვის. ყველა ყველას სანაცვლოდ. ეს შეიძლება ომის დასასრულებლად კარგ შესავლად იქცეს.

აუცილებელია სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დასაბრუნებლად, რომლებიც ომის დროს გაიყვანეს.

უნდა განვსაზღვროთ, როგორი მომავალი ელოდება უკრაინელებისა და რუსების შემდეგ თაობებს.

თუ პირადად არ მიხვალთ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასრულების დრო დადგა, უკრაინა საკუთარი არსებობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ გვერდით გვეყოლება ისინი, ვინც მხარს გვიჭერს.

მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით მძიმე ბრძოლა არსებობისთვის. არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი არსებობისთვის. ეს არ არის მუქარა ჩემგან პირადად ან უკრაინის სახელით. ეს ფაქტია რუსეთის ისტორიიდან, რომელიც თქვენც ძალიან კარგად იცით — როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებების დრო დგება.

ჩვენ შეგვიძლია ამ გადაღლილობაზე ვიმუშაოთ.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი ომი შეაჩეროთ.

მარადიული ხსოვნა ამ ომს შეწირულ ყველა ადამიანს.

დიდება უკრაინას!

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

“აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ” – ზახაროვა

“აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ” – ზახაროვა

ნეტგაზეთი