
რას ნიშნავნს აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე შესწორებები? - ექსპერტის განმარტება - Netgazeti
საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ეკა აკობია ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ შესწორებებს და განმარტავს, რას ნიშნავს ის ქვეყნისთვის.
ეკა აკობიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა „მეგობარი აქტი“ სენატში დროებით გაიჭედა, ამერიკელმა კანონმდებლებმა სხვა სტრატეგიას მიმართეს და უსაფრთხოების სავალდებულო შეფასებები აუცილებლად დასამტკიცებელ თავდაცვის ბიუჯეტში ჩაწერეს.
მისი თქმით, მძლავრი პოლიტიკური სიგნალი დღეს და ახლა უკვე გამოშვებულია.
„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ოფიციალურად დაამტკიცა შესწორება 2027 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (FY 2027 NDAA / H.R. 8800).
ვინაიდან MEGOBARI აქტი სენატში დროებით გაიჭედა, ამერიკელმა კანონმდებლებმა სტრატეგია შეცვალეს და განსხვავებულ საკანონმდებლო მექანიზმს და სტრატეგიას მიმართეს.
ქართული ოცნების წინააღმდეგ მაღალი პროფილის, დამოუკიდებელი სასანქციო პაკეტების მიმართულებით დროებითი პაუზის ფონზე უსაფრთხოების სავალდებულო შეფასებები პირდაპირ ჩაწერეს ყოველწლიურ, „აუცილებლად დასამტკიცებელ“ თავდაცვის ბიუჯეტში (NDAA). ეს განვითარება გულისხმობს შემდეგს:
1. სადაზვერვო მონაცემების შეგროვება: 2026 NDAA-ს შესწორება ავალდებულებდა ეროვნული დაზვერვის დირექტორსა (DNI) და პენტაგონს, ზუსტად შეესწავლათ, თუ რამდენად ღრმად აქვთ შეღწეული რუსულ და ჩინურ საჯაშუშო ქსელებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აპარატში. ახლანდელი შესწორება ერთი ტონით დაბალია, რაც ზრდის მისი ბოლომდე გატანის შანსებს.
2. დამოუკიდებელი კანონპროექტის გაჩერება სენატში ორი სენატორის და კორპორატიული ლობისტების გამო უკვე მოხდა. ამ ახალი ჩანაწერის NDAA-ში შეტანით, კანონმდებლები აიძულებენ თეთრ სახლსა და პენტაგონს, აქტიურად აკონტროლონ საქართველო და ეს ხერხდება სენატისგან ინდივიდუალური დაბლოკვის საფრთხის გარეშე.
3. ეს შესწორება გულისხმობს საქართველოსადმი აშშ-ის მომავალი სამხედრო დახმარების პირობითობას, ანუ უფლებების დაკავშირებას უსაფრთხოებასთან. აქამდე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ აშშ-ის რეაგირება ძირითადად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით შემოიფარგლებოდა. ახალი მექანიზმით, ამ დებულებების თავდაცვის ბიუჯეტში შეტანით, კონგრესი აგზავნის სიგნალს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მომავალი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები და ამერიკული თავდაცვის დახმარება სამართლებრივად იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ეპყრობა თბილისი პოლიტიკურ პატიმრებს და როგორი ურთიერთობები აქვს ამერიკის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან.
markup language საბოლოო ჩასწორებას ნიშნავს შეიარაღებული ძალების კომიტეტის (რომლის გავლენიანი წევრია ჯო უილსონი) მხრიდან და მისი შეცვლა/ამოღება/ჩანაცვლება არ ხდება. ანუ, კომიტეტის დონეზე ეს ტექსტი გატანილია.
ეს დირექტივა ითხოვს, რომ სამხედრო თანამშრომლობის წინაპირობად სახ. დეპარტამენტმა წარმოადგინოს საჯარო რეპორტი/სტრატეგია, თუ რა წინაპირობები დაედება სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას, რომლის ნაწილში პირდაპირ წერია, რომ იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი. კომიტეტი ამ სტრატეგიას 2026 წლის 1 ოქტომბრისთვის ითხოვს. ეს არის 2027 წლის ფისკალური ბიუჯეტის პირველივე დღე. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი NDAA 2027 დამტკიცდება, სახ. დეპთან ერთად უკვე თავდაცვის დეპარტამენტი დაიწყებს მოკვლევას (ანუ 2026 წლის ოქტომბრამდე ბევრად ადრე), რომელიც მის ე. წ. Georgia strategy-ს დაედება საფუძვლად.
ეს განვითარება აჩვენებს, რომ ჯო უილსონის აბუჩად აგდება რამდენად მიოპიური და შეუფერებელი საქციელი იყო ქართული ოცნების მხრიდან.
ეს ასევე ადასტურებს იმას, რაც არაერთხელ მითქვამს ტელეეთერებში: როცა საქართველოსთან დაკავშირებით ამხელა პროცესია ჩაშვებული (მეგობარი აქტი), ეს პროცესი უკვე ნიშნავს, რომ ყურადღება მიიპყარი უარყოფითად და ამის დაძლევა თვითკრიტიკის, რეფლექსიის და ძალმომრეობითი პოზიციების დათმობების გარეშე შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ წარმატებად შეაფასა სენატში ცალკე მდგომი დიდი კანონპროექტის (მეგობარი აქტი) დაბლოკვა, ამ ნაბიჯმა და წინაღობამ საპასუხო რეაქცია გამოიწვია და უილსონის ხელმძღვანელობით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უფრო სახიფათო მექანიზმების ინიციირებას დაუდო სათავე.
ამ კანონპროექტს ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი დამტკიცებამდე. შესაძლოა, ლობიზმის და ბიზნეს-ინტერესების წყალობით იგივე ბედი ეწიოს, რაც შარშანდელ NDAA-ს, მაგრამ რისკები ნაკლებია, რადგან მოთხოვნა უფრო დაწურულია და მყისიერ ნაბიჯებს არ ითხოვს, არამედ ითხოვს მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას და საჯარო ანგარიშს.
გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე იკვეთება, რომ აშშ დაინტერესებულია საქართველოსთან ზოგ სფეროში თანამშრომლობით. განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ თანამშრომლობამ არ გადაფაროს ადამიანის უფლებების და მმართველობის ჩავარდნის საკითხები ამ ქვეყანაში. ამ კუთხით ჯო უილსონის ეს მორიგი მცდელობა ქართული ოცნების მიერ ყველა უფლებაშელახული ადამიანისთვის გადაგდებული მაშველი რგოლია, განსაკუთრებით კი, პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც უკვე თითქმის 2 წელია საპატიმროში არიან და სამართალს ვერ პოულობენ.
წინ პალატის კენჭისყრა, სენატის ვერსია და შერწყმის ეტაპია. კონფერენციის დროს (როცა ხდება ორივე პალატის კანონპროექტების შერწყმა) შეიძლება ტექსტი შეიცვალოს, მაგრამ მძლავრი პოლიტიკური სიგნალი დღეს და ახლა უკვე გამოშვებულია. რაციონალური ადამიანი ამას უნდა აღიქვამდეს“, – წერს ეკა აკობია სოციალურ ქსელში.
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება შედის.
ორივე შესწორების ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. სწორედ ჯო უილსონი იყო „მეგობარი აქტის“ ავტორიც, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, თუმცა აქტი სენატში ვერ დამტკიცდა.
რაც შეეხება თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში შეტანილ შესწორებებს, ერთ-ერთის თანახმად, შეიარაღებული ძალების კომიტეტი ავალებს თავდაცვის მდივანს, არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა, წარადგინოს საქართველოს შესახებ ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია საქართველოსთან სამხედრო-სამხედრო ურთიერთობების შესახებ პოლიტიკური პატიმრების საკითხის გათვალისწინებით.
მეორე შესწორება საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას შეეხება. შესწორება თავდაცვის მდივანსა და ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელს ავალდებულებს, რომ სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში.
გარდა ამისა, შესწორება ავალდებულებს სახელმწიფო მდივანს, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, შეიმუშაოს აშშ-ის 5-წლიანი სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს.
რა შესწორებები შედის საქართველოს შესახებ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში?
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge