
სადიგოვი ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს - ცოლი - Netgazeti
აზერბაიჯანში მყოფი აფგან სადიგოვი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი, სევინჩ სადიგოვა ავრცელებს.
„ახლახან, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4-5 ნიღბიანი პირი შეიჭრა იმ ადგილას, სადაც აფგანი იმყოფებოდა და იგი ძალის გამოყენებით წაიყვანეს. არანაირი ინფორმაცია არ არის იმის შესახებ, თუ სად წაიყვანეს ის, ან რა იყო ამის მიზეზი”, – აცხადებს ჟურნალისტის ცოლი.
2026 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო. პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]
2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge