მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "ფრონტერას" ნავთობმაგნატი ჯო უილსონს შეხვედრას სთხოვს - Netgazeti
"ფრონტერას" ნავთობმაგნატი ჯო უილსონს შეხვედრას სთხოვს - Netgazeti

"ფრონტერას" ნავთობმაგნატი ჯო უილსონს შეხვედრას სთხოვს - Netgazeti

ნეტგაზეთი9 ივნისი, 2026, 08:54|netgazeti.ge

“ფრონტერას” ინვესტორი სტივ ნიკანდროსი კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვედრას სთხოვს. მიზანი არის საქართველოს საკითხის განხილვა.

ჯო უილსონი “ქართული ოცნებისადმი” უაღრესად კრიტიკულად განწყობილი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელიც ცდილობს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მომზადებას საქართველოსთან დაკავშირებით. ნიკანდროსი პირიქით, “ფრონტერასთან” დაკავშირებული პრობლემების შემდეგ “ოცნების” მმართველ გუნდთან ურთიერთობა დაათბო და ამერიკულ პრესაში გავრცელებული ცნობებით, სწორედ ის იდგა სენატში მეგობარი აქტის დაბლოკვის უკან. ნიკანდროსი ახლა ახალი კომპანიით, TXN Energy-ით ოპერირებს. IFACT-ის თანახმად, “ოცნებასთან” მისი ურთიერთობების დათბობას წინ უსწრებდა ის გარემოება, რომ მის კომპანიას საქართველოში მრავალმილიონიანი დავალიანება არ გადაახდევინეს.

რა წერია ნიკანდროსის მიერ ჯო ულსონისადმი მიწერილ წერილში, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა ლორა კელიმ გაავრცელა:

“პატივცემულო კონგრესმენო უილსონ, გწერთ, რათა ვითხოვო თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა საქართველოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად. როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში რესპუბლიკელი, მე დიდი ხანია პატივს ვცემ საჯარო სამსახურში თქვენს გამოცდილებას, თქვენს კონსერვატიულ ხმასა და ლიდერობას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. სწორედ ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა თქვენთან შეხვედრა.

ზოგადი სურათისთვის გეტყვით, რომ მე ვარ კომპანია TXN Energy-ის დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. ეს არის ჰიუსტონში დაფუძნებული ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი კერძო საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს მამაჩემთან (Conoco Inc.-ის ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი) და ჰიუსტონში მოღვაწე ენერგეტიკის, ფინანსური და გეოპოლიტიკური სექტორების სხვა ლიდერებთან ერთად. ჩვენი საქმიანობის ადრეულ პერიოდში კომპანიის მეგობრები და მრჩევლები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ჰ.უ. ბუში და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. დღესდღეობით, TXN Energy არის აშშ-ის კერძო სექტორის ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოს ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში, 1997 წლიდან განხორციელებული 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციით. ამჟამად ვახორციელებთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს მრავალწლიან წარმომადგენლობას იქ.

წლების განმავლობაში დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს განცხადებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს. მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემით არ ვიზიარებ თქვენს ბევრ ბოლო დასკვნას ქვეყნის ამჟამინდელ მიმართულებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ თქვენს მრავალწლიან ინტერესს რეგიონის მიმართ და თქვენს ძალისხმევას აშშ-ის ინტერესების წინ წაწევის საქმეში.

საქართველოში ოპერირების თითქმის სამი ათწლეულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შემიძლია შემოგთავაზოთ კერძო სექტორის უნიკალური ხედვა ქვეყნის შესახებ თქვენს განსახილველად, ასევე ვისაუბროთ მის ამჟამინდელ საინვესტიციო კლიმატსა და იმ პრაქტიკულ შედეგებზე, რაც აშშ-ის პოლიტიკასა და საჯარო გზავნილებს შეიძლება ჰქონდეს ჩემისთანა კომპანიებზე და ზოგადად აშშ-ის კერძო სექტორის აქტივობაზე ქვეყანაში. გარდა ამისა, მოხარული ვიქნებოდი განგვეხილა საქართველოს როლი შუა დერეფანში, რეგიონული ენერგოუსაფრთხოება და ის გზები, რომლითაც ძლიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობას შეუძლია ამერიკის უფრო ფართო სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევა აშშ-ის კერძო სექტორის მეშვეობით.

მჯერა, რომ მოსაზრებათა უშუალო გაცვლა კონსტრუქციული და სასარგებლო იქნებოდა და სწორედ ამ კონტექსტში გთავაზობთ ჩემს მოსაზრებებს, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოში ჩვენი ინვესტიციების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

გმადლობთ ყურადღებისთვის და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას”, – წერს ნიკანდროსი ჯო უილსონს.

ამბის პრეისტორია

საერთაშორისო გამოცემების, როიტერისა და The Hill-ის თანახმად, ნიკანდროსი წინა წლებში არაერთგზის და აქტიურად ლობირებდა კონგრესში მეგობარი აქტის წინააღმდეგ და “ქართული ოცნების” ინტერესების სასარგებლოდ.

სტივ ნიკანდროსი არის თანადამფუძნებელი კომპანია „ფრონტერასი“, რომელიც თითქმის 25 წელი ფუნქციონირებდა საქართველოში და კახეთში ნავთობს ეძებდა. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა და საარბიტრაჟო დავაც მიმდინარეობდა, რომლისთვისაც ქვეყანამ მილიონობით ლარი დახარჯა. მოგვიანებით „ფრონტერას” შიგნით დაიწყო შიდაკორპორაციული დავები, რომლის ერთ-ერთ მოდავე მხარესაც სწორედ ნიკანდროსი წარმოადგენდა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, სწორედ ნიკანდროსის ჯგუფმა შეძლო საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამოსწორება.

„როიტერსი“ გასულ წელს წერდა, რომ „ფრონტერას” ინვესტორი კონგრესში „ოცნებისთვის” ლობირებს.

როგორც ცნობილია, ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, „მეგობარი აქტის“ სენატში წინსვლა დაბლოკა რესპუბლიკელმა სენატორმა ოკლაჰომიდან, მარკვეინ მალინმა.

The Hill-ის თანახმად, ნიკანდროსს თანხები აქვს შეწირული მალინის კამპანიისთვის, მისი პოლიტიკური საქმიანობის კომიტეტისთვის (PAC) და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის. მალინმა სექტემბერში The Hill-ს განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტის“ მიმართ არ იყო დაკავშირებული ნიკანდროსთან. თუმცა მალინის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი „ფრონტერას“ განწყობების კვალდაკვალ შეიცვალა. წარსულში, როდესაც „ფრონტერა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დავობდა, მალინიც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ის ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილიც კი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე გააკრიტიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის. თუმცა შარშან მალინმა განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ამტკიცებდა, რომ თბილისის მიმართ სანქციების „მათრახის“ ნაცვლად წახალისების „თაფლაკვერი“ უნდა გამოეყენებინათ.

მიმდინარე წლის იანვარში The Hill-ის მიერ მოპოვებული წერილი აჩვენებს, რომ „ფრონტერას“ დამფუძნებელი კვლავ განაგრძობდა „ოცნების“ ლობირებას. ნიკანდროსმა 19 იანვარს წერილი გაუგზავნა კანონმდებლებს თხოვნით, „წინააღმდეგობა გაუწიონ „მეგობარი აქტს“ და ნებისმიერ დამატებით კანონმდებლობას, რომელიც მის მოდელზეა შექმნილი“.

გამოცემის ცნობით, ნიკანდროსმა წერილი თავისი კომპანიის, TXN Energy Holdings Inc.-ის სახელით დაწერა. კომპანიის ვებგვერდზე მითითებულია იგივე მისამართი, რაც „ფრონტერა რისორსიზს“ აქვს.

ნიკანდროსი წერს, რომ მისი კომპანია ამზადებს ახალ, 100-მილიონიან საინვესტიციო პროგრამას საქართველოში, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ის ამტკიცებს, რომ „მეგობარი აქტი“ და თბილისის სანქცირების სხვა მცდელობები დააზიანებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.

The Hill წერს, რომ ნიკანდროსმა თავისი მიმართვა წარადგინა, როგორც სექტემბერში გაგზავნილი წერილის გაგრძელება წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრისთვის. აღნიშნულ წერილში მან მადლობა გადაუხადა წევრებს „ქართული ოცნების“ არაღიარების აქტის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის. კანონპროექტი, ისევე როგორც „მეგობარი აქტი“, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიციირებული იყო.

The Hill-ის თანახმად, თავის წერილში ნიკანდროსი თბილისთან განხეთქილებაში ბაიდენს ადანაშაულებს და „ქართულ ოცნებას“ წარმოაჩენს, როგორც „კონსერვატიული“ მოძრაობის მოკავშირეს.

„მმართველობის ბოლო წლის განმავლობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ, მისი ლიბერალური/პროგრესული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებებმა და საქართველოს სუვერენულ, კონსერვატიულ მთავრობასთან იდეოლოგიური უთანხმოების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად დააზიანა მჭიდრო, ხანგრძლივი ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის“, — წერს ის.

ნიკანდროსმა წერილს ასევე თან დაურთო ექვსგვერდიანი „ანალიტიკური მასალა“, რომელიც, მისი რჩევით, ადრესატ კანონმდებელს შეუძლია გამოიყენოს სახელმძღვანელოდ.

The Hill-ის ინფორმაციით, ამ მასალაში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის ასევე იცავს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას, რომელიც კრემლის მიერ იყო შთაგონებული და სჯის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო. ის ასევე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა და მხარდაჭერას იმსახურებს.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ნიკანდროსთან არავითარი ლობისტური შეთანხმება არ აკავშირებთ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი