მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შრომის ბაზრის მოთხოვნა VS განათლების პოლიტიკა - Netgazeti
შრომის ბაზრის მოთხოვნა VS განათლების პოლიტიკა - Netgazeti

შრომის ბაზრის მოთხოვნა VS განათლების პოლიტიკა - Netgazeti

ნეტგაზეთი10 ივნისი, 2026, 06:44|netgazeti.ge

ლელა ჩახაია, განათლების მკვლევარი ,ნეტგაზეთთან აფასებს შრომის ბაზრის მოთხოვნისა და კვლევის როლს უმაღლესი განათლების პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასწავლო პროგრამებზე სტუდენტების კვოტები, ასევე გარკვეული პროგრამების მთლიანად გაუქმების საკითხი, საფუძვლად სწორედ შრომის ბაზრის კვლევა დაედო.

ავტორი: ლელა ჩახაია, განათლების მკვლევარი

პირველი, შრომის ბაზრის მოთხოვნა ვერ იქნება უმაღლესი განათლების პოლიტიკის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. უმაღლესი განათლება უფრო ფართო ფუნქციას ასრულებს საზოგადოებაში, ვიდრე მხოლოდ სამუშაო ძალის მომზადება: იგი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, მოქალაქეობრივ ცნობიერებას, კვლევით პოტენციალს და ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ცვალებად შრომის ბაზარზე ადაპტაციისთვის. გარდა ამისა, არსებობს სპეციალობები, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ აისახოს შრომის ბაზრის მიმდინარე მოთხოვნაში, მაგრამ მათი განვითარება იყოს ეროვნული ინტერესის სფერო, სტრატეგიული საკითხი ან ეროვნული უსაფრთხოების თემა. შრომის ბაზრის ანალიზი ვერ მოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ფილოსოფოსი, არმენოლოგი, სოციოლოგი თუ არქეოლოგი სჭირდება ქვეყანას. უნივერსიტეტების როლი მოიცავს კვლევას, ინოვაციას, დემოკრატიული კულტურის განვითარებასა და გრძელვადიანი ადამიანური კაპიტალის შექმნას, და განათლების პოლიტიკა, რომელიც ამ მრავალფუნქციურ ბუნებას ითვალისწინებს, უფრო მდგრადი და სტრატეგიულად გამართლებული იქნება, ვიდრე მოკლევადიან ეკონომიკურ მოთხოვნაზე დაფუძნებული მიდგომა.

მეორე, შრომის ბაზრის კვლევაში სავარაუდოდ არ არის გათვალისწინებული კურსდამთავრებულთა რეალური დასაქმების მონაცემები. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, სადაც პროფესიით დასაქმების მაჩვენებელი 99%-ია, კვოტა 165-დან 100-მდე შეუმცირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას, რომელსაც პროფესიით დასაქმების ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს, მხოლოდ 5 სტუდენტის მიღების უფლება მიეცა. ეს ფაქტები ნათლად მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები არ ეფუძნება კურსდამთავრებულთა დასაქმების ანალიზს.

მესამე, ანალიზი, როგორც შეზღუდული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა საწარმოთა უნარებზე კვლევას, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო 2017 წლიდან ატარებს. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ საწარმოებს ეკითხებიან, რა რაოდენობით ჰყავთ ამა თუ იმ სპეციალობის ადამიანი დაქირავებული და მომავალი ხუთი წლის განმავლობაში როგორი მოთხოვნა იქნება. ეს კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ იმ მიზნებისთვის, რაც მას აქვს დასახული, მეთოდოლოგიურად გამართულია, ვერ გამოდგება უნივერსიტეტებში კვოტების დასადგენად. ამ კვლევის მიზნებში ეს ასპექტი არც არის ნახსენები. კვლევა მიზანს ისახავს, რომ მიმოიხილოს და გვანახოს ერთ კონკრეტულ დროის მომენტში არსებული სურათი იმის შესახებ, თუ რა უნარები სჭირდებათ საწარმოებს.

მეოთხე, ეს კვლევა არის წარმომადგენლობითი, მაგრამ არ ითვალისწინებს კონკრეტული სექტორების საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ არსებობს მსგავსი ტიპის კვლევა რამდენიმე კონკრეტული სექტორის შესახებ. მაგრამ თუ გვინდა დავადგინოთ, მაგალითად, რამდენი სოციოლოგია დასაქმებული, მაშინ კონკრეტულად უნდა ჩატარდეს მარკეტინგული, კვლევითი კომპანიების, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ორგანიზაციების და ა.შ. სექტორის კვლევა.

მეხუთე, კვლევას აკლია თვისებრივი ანალიზის განზომილება, რაც მას ართმევს კონტექსტურ სიღრმეს. რაოდენობრივი მონაცემები მხოლოდ სიმპტომებს აღწერს და ვერ პასუხობს კითხვაზე — რატომ არის შრომის ბაზარი იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. მაგალითად, რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ICT სექტორში 850-900 ვაკანტური ადგილია და ბიზნესი კადრებს ვერ პოულობს. ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს უნივერსიტეტებში პროგრამისტების ადგილების გაზრდა. თუმცა, თვისებრივი კვლევა — სიღრმისეული ინტერვიუები დამსაქმებლებთან — შესაძლოა სულ სხვა სურათს აჩვენებდეს: პრობლემა არა პროგრამირების ენების ცოდნაში, არამედ კურსდამთავრებულების გუნდური მუშაობის, პრობლემის გადაჭრისა და ინგლისური ენის ცოდნის დაბალ დონეში შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, ადგილების რაოდენობის ზრდა პრობლემას ვერ გადაჭრის — სისტემა უფრო მეტ დაბალკვალიფიციურ კადრს გამოუშვებს, რომლებიც ისევ უმუშევრები დარჩებიან. ანალოგიურად, მომსახურების სექტორში კადრების მაღალი დენადობა შესაძლოა გამოწვეული იყოს არა განათლების დეფიციტით, არამედ ტოქსიკური სამუშაო გარემოთი, არაადეკვატური გრაფიკითა და დაბალი ანაზღაურებით — ფაქტორებით, რომელთა გამოვლენაც მხოლოდ თვისებრივი კვლევითაა შესაძლებელი.

მეექვსე, შრომის ბაზრის პროგნოზირება მნიშვნელოვან დროითი აცდენის რისკს შეიცავს. განათლების მიღებასა და დასაქმებას შორის არსებული 3-4 წლიანი ჩამორჩენა ნიშნავს, რომ დღევანდელი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრები უკვე შეცვლილ ბაზარზე გავლენ. მაგალითად, თუ დღეს კვლევა ამბობს, რომ გვაკლია 1000 კოდირების სპეციალისტი და ჩარიცხვები გაიზრდება ამ მიმართულებით, ამ პერიოდში ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კოდირების 80% ავტომატიზებული გახადოს. გამოდის, სახელმწიფო მწირ რესურსს დახარჯავს იმ კადრების მომზადებაში, რომელთა პროფესიული ფუნქციები მათი გამოსვლის მომენტისთვის უკვე მოძველებული იქნება. ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ახალ პროფესიებს ქმნის და არსებულებს ცვლის ისეთი ტემპით, რომელსაც პროგნოზირების მოდელები, მით უფრო მცირე და გარდამავალ ეკონომიკაში, ვერ ეწევიან.

მეშვიდე, კვოტები მხოლოდ საჯარო უნივერსიტეტებზე ვრცელდება, ხოლო კერძო უნივერსიტეტები თავისუფალ რეჟიმში აგრძელებენ მიღებას. ამ პირობებში, კვოტებს ვერ ექნებათ შრომის ბაზარზე რეალური გავლენა. საილუსტრაციოდ, რეფორმის ერთ–ერთმა ავტორმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა, რომ სამართლის ფაკულტეტებზე საშუალოდ 3,598 სტუდენტი აბარებდა, დასაქმების მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლები იყო. თუმცა, დადგენილებით სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე 1,670 ადგილი განისაზღვრა — ორჯერ მეტი, ვიდრე დეკლარირებული მოთხოვნა. ამასთან, კერძო უნივერსიტეტებში სამართლის პროგრამაზე წინა წლებში 1,500-მდე ადგილი რჩებოდა შეუვსებელი, ხოლო ახლა სტუდენტები, რომლებიც საჯარო უნივერსიტეტში ვეღარ მოხვდებიან, სავარაუდოდ კერძო სექტორში გადანაწილდებიან. შედეგად, რეფორმა არა ბაზარს არეგულირებს, არამედ საჯარო უნივერსიტეტებიდან კერძო უნივერსიტეტებისკენ სტუდენტთა ნაკადის გადამისამართებას ახდენს, ანუ სხვადასხვა ტიპის უნივერსიტეტებს შორის დაფინანსებისა და მისაღები კადრების გადანაწილებას.

მერვე, ანალიზში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო შრომის ბაზრის ფაქტორი. საქართველოდან ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის პირობებში, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირება არაადეკვატურია. თუ კვლევა აჩვენებს, რომ ბაზარს სჭირდება 1,000 ინჟინერი და უნივერსიტეტებმა ზუსტად 1,000 გამოუშვეს, ერთი შეხედვით ბალანსია; თუმცა, თუ ამ 1,000-დან 40% ევროპაში წავიდა სამუშაოდ, ქვეყანაში ისევ დეფიციტი რჩება. მიგრაციის ფაქტორის იგნორირება ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, ბაზარი „შევავსოთ“, ჰგავს გაჟონვად ვედროში წყლის ჩასხმას. ამასთან, საქართველოს ეკონომიკა ღიაა და კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე, დისტანციურად ან მიგრაციის გზით — როცა კვლევა მხოლოდ შიდა ფორმალურ დასაქმებაზეა ორიენტირებული, ის ვერ ასახავს გლობალურ შრომით სივრცეში არსებულ რეალურ შესაძლებლობებს.

მეცხრე, კვლევა უგულებელყოფს სამეცნიერო კვლევისა და განვითარების (R&D) განზომილებას. უნივერსიტეტების ფუნქცია მხოლოდ კადრების მომზადებით არ შემოიფარგლება — ისინი სამეცნიერო კვლევის, ინოვაციისა და ცოდნის წარმოების ცენტრებია. დისციპლინებში კვოტების შემცირება პირდაპირ აისახება ამ მიმართულებების სამეცნიერო პოტენციალზე. აღსანიშნავია, რომ კვლევა საერთოდ არაფერს ამბობს მეცნიერების განვითარებაზე, მაშინ როცა საერთაშორისო რეიტინგებიც კი მიუთითებს, რომ R&D არც საჯარო და არც კერძო სექტორის ძლიერი მხარე არ არის საქართველოში. თუ რეფორმის მიზანი მართლაც აკადემიური ხარისხის გაზრდაა, მაშინ ამ კვლევას უნდა დაერთოს სამეცნიერო–ტექნოლოგიური ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს არა იმას, თუ რამდენი მუშახელია საჭირო, არამედ იმას, თუ რა ინტელექტუალური ღირებულება უნდა შექმნას ქვეყანამ.

მეათე, ანალიზი იგნორირებას უკეთებს ტრანსფერულ უნარებსა და მულტიდისციპლინური განათლების მნიშვნელობას. თანამედროვე ეკონომიკაში დასაქმება იშვიათად არის მკაცრად მიბმული დიპლომის პროფილზე: კურსდამთავრებულები ხშირად მუშაობენ განსხვავებულ სექტორებში, იყენებენ ანალიტიკურ, კომუნიკაციურ და კვლევით უნარებს. მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არიან წარმატებული მენეჯერები, ანალიტიკოსები, საჯარო მოხელეები და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები. ფილოლოგი შეიძლება იყოს წარმატებული მონაცემთა ანალიტიკოსი სტრუქტურული აზროვნების წყალობით. 12-გვერდიანი პრეზენტაცია კი ითვლის „ეკონომისტებს“, „ინჟინრებს” და „იურისტებს“, მაგრამ ვერ ხედავს ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას აძლევს, პროფესია რამდენჯერმე შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში. განვითარებულ ეკონომიკებში კარიერული ბიოგრაფიები მრავალტრანზიციულია, და თუ განათლების სისტემა მხოლოდ კონკრეტულ პროფესიულ მოთხოვნაზე იქნება ორიენტირებული, ის ვერ უზრუნველყოფს მოქნილობას, რომელიც აუცილებელია თანამედროვე შრომით რეალობაში.

მეთერთმეტე, კვლევაში არ არის გათვალისწინებული თვითდასაქმებულთა და არაფორმალური ეკონომიკის ფაქტორი. საქართველოს შრომის ბაზარზე თვითდასაქმებულთა წილი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აგრარულ სექტორში, და სწორედ ეს სეგმენტი უნდა იყოს განვითარებისთვის ერთ–ერთი სამიზნე. როდესაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი არასტაბილურ ან არასრული ფორმალიზაციის პირობებში ფუნქციონირებს, შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ დასაქმებაზეა ორიენტირებული, არასრულფასოვანია და ვერ იძლევა ადეკვატურ სურათს კადრებზე არსებული რეალური მოთხოვნის შესახებ.

მეთორმეტე, წარმოდგენილი კვლევა თავად მიუთითებს, რომ ეკონომიკა ძირითადად საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის კადრებს ითხოვს, რისთვისაც პროფესიული განათლების სისტემაა უფრო შესაფერისი. ანალიზი თავისი არსით და სტრუქტურით ბევრად უფრო პროფესიული განათლების გამოწვევებს პასუხობს, ვიდრე უმაღლესი განათლებისას. მისი მთავარი ღირებულებაა, რომ ახდენს შრომის ბაზრის ინვენტარიზაციას — აღწერს, სად არის კადრის დეფიციტი აქ და ამჟამად. უმაღლესი განათლება კი თავისი ბუნებით უფრო კომპლექსურია — ის უნდა ქმნიდეს სამეცნიერო ბაზას და ინოვაციურ პოტენციალს, და არა მხოლოდ რაოდენობრივ შეკვეთას ასრულებდეს. თუ „უნივერსიტეტები უნდა მოვარგოთ არსებულ შრომის ბაზარს“, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს დღევანდელ დაბალ და საშუალო კვალიფიკაციის კადრებზე გათვლილ ეკონომიკურ სტრუქტურას, ნაცვლად იმისა, რომ შექმნას მომავლის ეკონომიკა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

31 მაისს, ბათუმში, ქუჩაში კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – პროკურატურა

31 მაისს, ბათუმში, ქუჩაში კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – პროკურატურა

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი