
"საქართველო გარიყული სახელმწიფო ხდება" - პროფესორი ადენაუერის ფონდის გასვლაზე - Netgazeti
“ადენაუერის და მსგავსი ფონდების ქვეყნიდან გასვლით ქვეყანას უამრავი რამ დააკლდება და რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ ამის ხელშესახებ შედეგებს”, – უთხრა ნეტგაზეთს კორნელი კაკაჩიამ, პოლიტოლოგმა და თსუ-ს პროფესორმა.
მან უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონების გამო კონრად ადენაუერის ფონდს, 23-წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოდან მოუწია გასვლა.
მისი შეფასებით, მსგავსი ფაქტები იმის მანიშნებელია, რომ საქართველო დასავლური სამყაროსგან იზოლირებული და გარიყული ქვეყანა ხდება.
“2003 წლიდან, თუ არ მეშლება, ფონდი მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოში. საქართველო შეარჩიეს ძირითად ოფისად. მოგვიანებით, რამდენიმე წლის წინ, სომხეთის ოფისიც გახსნეს, მაგრამ მათი პრიორიტეტი იყო საქართველო, გამომდინარე გერმანია-საქართველოს განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობიდან, რომელსაც შევარდნაძის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. ისევე, როგორც სხვა გერმანული ფონდების, მათი გასვლაც დაკავშირებულია საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო რეგულაციებთან და იმ რეპრესიულ კანონმდებლობასთან, რის გამოც უარი თქვეს, განეხორციელებინათ პროექტები საქართველოში.
მთლიანობაში, ამ ფონდის დახურვა ნეგატიურია იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი რამ გვაკლდება. პირველი: ეს არის ნიშანი იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, რაც ფორმალურად გაცხადებულია, ფაქტობრივად შეჩერებულია. ასეთი ფონდების გასვლა საქართველოდან, სამოქალაქო სექტორის დახურვა, თავისუფალი მედიის შევიწროება… ამას ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება კი აღარ ჰქვია, უკვე ფაქტობრივად ვშორდებით ამ მიზანს. ეს ფონდები, მათ შორის ადენაუერიც, მუშაობდნენ და ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდნენ. ამ კუთხით ფონდი მაღალ დონეზე აფინანსებდა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, მუშაობდა პარლამენტთან, მთავრობასთან, წლების განმავლობაში აფინანსებდა მათ საქმიანობას სხვადასხვა კომიტეტთან”, – ამბობს კაკაჩია.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, ეს ფაქტი ცუდია იმიტომაც, რომ კიდევ უფრო აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას გერმანიასთან. ეს ფონდი დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან, კერძოდ, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან”. მისი თქმით, ბუნებრივია, ეს აისახება გერმანიასთან პოლიტიკური ნდობისა და ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში.
“გარდა იმისა, რომ ფონდი მხარს უჭერდა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას, ჰქონდათ ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროექტი. სხვადასხვა უნივერსიტეტში ბევრი წიგნი გამოსცეს. მათ შორის, მათი მხარდაჭერით მეც გამომიცია წიგნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ განებივრებული კვლევებისა და წიგნების დასაფინანსებელი თანხებით. ასევე, აფინანსებდა სამაგისტრო პროგრამებს სხვადასხვა უნივერსიტეტში; სტუდენტებს სტიპენდიებს აძლევდნენ, ათეულობით ადამიანს. მათ შორის, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატია, ზოგიერთი მათგანის სადოქტორო თუ სხვა პროგრამები სწორედ კონრად ადენაუერის ფონდმა დააფინანსა. ასევე ეხმარებოდნენ საკვირაო სკოლებს, ზამთრის სკოლებს, ახალგაზრდებს. გარდა ამისა, აფინანსებდნენ სხვადასხვა კულტურულ პროექტს (რაც კი შესაძლებელი იყო ისტორიასთან დაკავშირებით). ძალიან დიდ მუშაობას ეწეოდნენ რეგიონებში, განსაკუთრებით უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობდნენ ნდობის აღდგენაზე. ბუნებრივია, ცოტა ხანში ალბათ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენი რამ გვაკლდება ასეთი ორგანიზაციების გასვლით”, – აცხადებს კაკაჩია.
პოლიტოლოგისთვის ნათელია ხელისუფლების მიზანი, თუ რატომ ცდილობს “ქართული ოცნება” შექმნას ისეთი გარემო, რომელიც მსგავს ფონდებს ქვეყნიდან წასვლას აიძულებს.
“მათ ბოლოდროინდელ ქმედებებს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაზე და რეალურად აშენებს ევრაზიული ტიპის სახელმწიფოს. იქ უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი ანგარიშვალდებულება, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და სწორედ ამის გამოა, რომ მას არ სჭირდება ოპოზიცია, საერთაშორისო დახმარება და რეკომენდაციები, არ სჭირდება თავისუფალი მედია. ფაქტობრივად, ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში იცვლება შეხედულება, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრი მხარს უჭერს ევროკავშირთან ინტეგრაციას და ეს ფორმალურად ჯერ კიდევ არის დარჩენილი.
რეალურად, ქვეყანა უკვე დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო იზოლაციაშია. ვხედავთ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მაინც საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ყოველდღიურად აღარ დგანან ათიათასობით ადამიანები, სახლებშიც და ყველგან ეს პროტესტი იგრძნობა. ამის გამო ვერ მოახდინეს კონსოლიდირება და ფაქტობრივად ქვეყანა მუდმივ პოლიტიკურ კრიზისშია. ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, ამ კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია. რამდენიც არ უნდა დაამტკიცონ რეპრესიული კანონები და კიდევ უფრო გაამკაცრონ, ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ დაშინების მეთოდი არ მუშაობს და უკვე მიდის დიქტატორული მართვის სტილისკენ”.
კაკაჩიას თქმით, ბუნებრივია, ეს აისახება ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობაზეც და შიგნითაც.
“ფაქტობრივად, ჩვენ ვართ გამოუცხადებელი სამოქალაქო ომის პირობებში ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მისი მტერია. ანუ ხელისუფლების მიზანია არა ეროვნული ერთიანობის უზრუნველყოფა (რაც, წესით, უნდა იყოს მისი მიზანი), არამედ პირიქით, ხლეჩს საზოგადოებას „ჩემიანებად“ და „თავისიანებად“. ბუნებრივია, ასეთ ქვეყანას ვერ ექნება ვერც ეროვნული მედეგობა, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს მას. სწორედ ამიტომაც, ჩვენი რეგიონალური და საერთაშორისო რეიტინგი შეირყა და ჩვენი მეზობლები თუ უახლოესი ქვეყნები (როგორიცაა ირანი) შესაბამისად გვეპყრობიან და აკეთებენ განცხადებებს. რაც უფრო შედიხარ იზოლაციაში, მით უფრო სუსტდები. ჩვენი პლუსი ის იყო, რომ საერთაშორისო, დასავლური დახმარება გვქონდა. ნატოსა და ევროკავშირის წევრები არ ვიყავით, მაგრამ ქვეყანა მოიაზრებოდა ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, რომელიც ადრე თუ გვიან ამ გზაზე იდგა. ახლა კი, ამ იზოლაციაში, ჩვენს რეგიონში მყოფი სხვა ავტორიტარული სახელმწიფოები გრძნობენ ამას, უფრო ადვილი სამიზნე ხდები და სხვადასხვა ქვეყნის პოზიციებიდან გამომდინარე ამას ვხედავთ კიდეც”, – ამბობს კაკაჩია.
კონრად ადენაუერის ფონდმა [KAS] თბილისში თავისი წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდი აცხადებს, რომ დახურვა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.
ადენაუერის ფონდის ოფისი დაიხურა “ოცნების” კანონების გამო
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge