
მოსკოვი ჟენევის დისკუსიების შვეიცარიიდან გადატანას ითხოვს - Netgazeti
რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებით, მიზეზი ისაა, რომ შვეიცარია, სადაც შეხვედრები 2008 წლიდან იმართება, მოსკოვის შეფასებით, აღარ არის ნეიტრალური.
„რუსეთი, სოხუმი და ცხინვალი“ ცდილობენ კონსენსუსის მიღწევას დისკუსიების რაუნდების ისეთი ადგილის შერჩევაზე , რომელიც, რუსეთის მხარის შეფასებით, „ნამდვილად ნეიტრალური“ და ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა კალუგინმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მოსკოვი ჟენევის დისკუსიებს სამხრეთ კავკასიაში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან ფორმატად მიიჩნევს, რადგან “დისკუსიების ფარგლებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს”.
კალუგინმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი შვეიცარიის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პოზიციას არაერთხელ გამოხატავდა და ამის მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან ბერნის შეერთება.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობენ: საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო წარმომადგენლები. პროცესის თანათავმჯდომარეები არიან გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები. დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მიმდინარეობს.
ჟენევის დისკუსიების “ნეიტრალურ ქვეყანაში” გადატანის შესახებ მოსკოვს აქამდეც განუცხადებია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge