
სარჯველაძის თქმით, ფსიქოტროპულების გაცემაზე „გარკვეული შეღავათი“ გაჩნდება - Netgazeti
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა ფსიქოტროპული მედიკამენტების მხოლოდ ორკვირიანი მარაგით გამოწერის წესზე და თქვა, რომ „გარკვეული შეღავათი გაჩნდება“.
ახალი წესი პირველი აპრილიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა:
სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით; ხოლო არასრულწლოვანსთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით; ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი; გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს; კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.
სარჯველაძის თქმით, „დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“.
„უნდა ვთქვა, რომ ორკვირიან თემას რაც შეეხება, აქაც გარკვეული სიფრთხილით, გარკვეულ თავისუფლებას, ამას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში“, – თქვა სარჯველაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მისი თქმით, მომზადებულია დოკუმენტი და „გარკვეული შეღავათი გაჩნდება“.
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან ქვეყანაში უმრავლესობაზე ფიქსირდებოდა გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს, თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმო-ს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.
სარჯველაძე ამბობს, რომ გასული თვის მონაცემით, 17 მედიკამენტის მოხმარების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ამ პროცესებზე დაკვირვებასა და მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge