
„ეს არის ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება“ - 20-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის განცხადება - Netgazeti
ქართული სამოქალაქო საზოგადოების 19 ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს.
ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელებაა და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს წარმოადგენს.
სარჩელი ეხება ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტური პარტია“.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, წარმოდგენილი სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.
კერძოდ, მოსარჩელეთა ერთადერთ ე.წ. მტკიცებულებას წარმოადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის იურიდიული ძალის არმქონე დასკვნა, რომელიც კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით შეიქმნა.
განცხადების თანახმად, სარჩელში ისეთი ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტრუმენტები, როგორებიცაა ხელისუფლების კრიტიკა, საპარლამენტო ბოიკოტი, პარტიებს შორის თანამშრომლობა, მშვიდობიანი პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვა, მანიპულაციურად არის გაიგივებული კონსტიტუციური წყობილების დამხობასთან.
ორგანიზაციების განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულმა პარტიებმა 784 830 მოქალაქის (ამომრჩეველთა თითქმის 38%-ის) მხარდაჭერა მოიპოვეს. მათი აკრძალვა ასობით ათასი მოქალაქისთვის პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევას უთანაბრდება.
„ეს ქმედება საბოლოოდ გამოუთხრის ძირს არჩევნების ინსტიტუტის მიმართ ისედაც შერყეულ საზოგადოებრივ ნდობას, ყოველგვარ აზრს დაუკარგავს მომავალ არჩევნებს, გააქრობს ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილების პერსპექტივას და ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ დიქტატურას,“ — ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები სამ ძირითად ადრესატს მიმართავენ:
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს – იმოქმედონ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი სტანდარტებით, გაითვალისწინონ პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი არჩევანის დაცვის მნიშვნელობა.
საქართველოს მოქალაქეებს – არ შეეგუონ ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას და ერთიანი სამოქალაქო პოზიციით დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება — თვითონ აირჩიონ და მშვიდობიანად შეცვალონ ქვეყნის ხელისუფლება.
საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორებს – ყურადღებით დააკვირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და მის შესაძლო გავლენას ქვეყნის დემოკრატიულ გარემოზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) უფლებები საქართველო საფარი ევროპის ფონდი ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) თბილისი პრაიდი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) საქართველოს მომავლის აკადემია წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge