
რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა - Netgazeti
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.
რუსული სამთავრობო სააგენტო „დროას“ შესახებ წერს, რომ პარტიის საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების გამოაშკარავებისკენ, საქართველოს ერთპარტიული სისტემის დემონტაჟსა და ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაზე.
„დროას ლიდერი [ელენე ხოშტარია] საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს.
გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ და ქვეყნის ჩართვისკენ კარპატების რვიანში“, – წერს რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ელენე ხოშტარიას შესახებ.
რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას გამოეხმაურა პარტია „დროა“.
„რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. რაში “გვედება ბრალი”:
1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში; 2. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში; 3. საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში; 4. საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში; 5. უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში; 6. დაბოლოს, იმაში, რომ “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.
ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“, – აცხადებს „დროა“.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge