
აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა TRIPP-ის ფარგლებში სამმხრივი ტექნიკური ჯგუფი შექმნეს - Netgazeti
სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრენდან ჰანრაჰანმა, სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამედოვმა მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) წინ წაწევის მიზნით სამმხრივი ტექნიკური დაგეგმარების ჯგუფების მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “ეს ფორმატი აერთიანებს სამი ქვეყნის პოლიტიკის შემმუშავებლებსა და ტექნიკურ ექსპერტებს ერთობლივი მუშაობისა და რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის, რეგიონული ურთიერთდაკავშირებულობისა და სავაჭრო კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს გამართული მშვიდობის სამიტის ფუძემდებლური დეკლარაციის მნიშვნელობა”.
ამასთან, უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ სამმხრივი ტექნიკური დაგეგმარების პირველი ორი ჯგუფის ამოქმედებაზე ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის გადაცემის მიმართულებით.
“ტექნიკური დაგეგმარების ამ ჯგუფების ფორმირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რთული ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად და განხორციელების შემდგომ ეტაპებზე გადასასვლელად, მათ შორის სხვა რეგიონულ ინფრასტრუქტურებთან კავშირის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შესაბამისი ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ TRIPP-ის ყველა კომპონენტის ამოქმედება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge