
"მანჯგალაძეს ციხეში შეახვედრეს ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი, რომელმაც ჰკითხა, რომელ საკანში იყო, რომ „დალაპარაკებოდა“ - შვილი - Netgazeti
პატიმრობაში მყოფი ყოფილი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის ოჯახი და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პენიტენციურ სამსახურს ციხეში უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებენ და პატიმრის უსაფრთხოების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვენ.
როგორც პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს, ყოფილი დეპუტატის საკანში გადაყვანისას უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი დაირღვა. კერძოდ, ნინის ცნობით, მანჯგალაძეს შეგნებულად თუ შემთხვევით შეახვედრეს ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის პატიმარი, რომელიც დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა ყოფილი დეპუტატი, რათა მას „დალაპარაკებოდა“.
მანჯგალაძის ოჯახი მომხდარს მის მიერ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმას უკავშირებს.
„როცა ადამიანმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე, ამდენი „შემთხვევითობა“ ციხეში არ ხდება. მამაჩემის უსაფრთხოება ჩემი პრიორიტეტია. თუ პაატა მაღალი რისკის პატიმარია, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს მისი სრული დაცვა“, — აცხადებს პაატა მანჯგალაძის შვილი.
ფაქტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. პარტიის შეფასებით, უკვე ერთი წელია, რაც მანჯგალაძე პოლიტიკური ნიშნით, სრულიად უმიზეზოდ იმყოფება უკანონო პატიმრობაში და სისტემა მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის გამოყენებას ცდილობს.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ყოფილი დეპუტატის სტატუსი და შესაბამისი დაცვის ზომები ეკუთვნის, ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პენიტენციური სამსახურისგან კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება, შეუქმნას კანონით გათვალისწინებული პირობები და შეწყვიტოს პოლიტიკური დევნილის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ ღია პროვოკაციები.
პაატა მანჯგალაძე დაკავებულია 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით. მანჯგალაძე ბრალს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმებას აწერს ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მანჯგალაძის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად პროკურატურას სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge