მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ვინ გახდება ირანის ახალი სულიერი ლიდერი? — ომი ახლო აღმოსავლეთში ახალ ფაზაში გადავიდა - Netgazeti
ვინ გახდება ირანის ახალი სულიერი ლიდერი? — ომი ახლო აღმოსავლეთში ახალ ფაზაში გადავიდა - Netgazeti

ვინ გახდება ირანის ახალი სულიერი ლიდერი? — ომი ახლო აღმოსავლეთში ახალ ფაზაში გადავიდა - Netgazeti

ნეტგაზეთი8 მარტი, 2026, 13:22|netgazeti.ge

ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი, არჩეულია, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ გასაჯაროებულა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების პასუხია, რომ „მისწვდებიან [ალი ხამენეის] ყველა მემკვიდრეს და მათაც, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“.

ირანის სულიერ ლიდერს 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შემდგარი კრება ირჩევს, რომლებიც, თავის მხრივ, სახალხო კენჭისყრის შედეგად ხვდებიან ამ ასამბლეაში. ერთ-ერთი წევრის თქმით, არსებობს „გარკვეული დაბრკოლებები“, რაც ჯერ კიდევ გადასაჭრელია.

7-8 მარტის ღამე უკვე ფასდება ომის ახალ ფაზად ახლო აღმოსავლეთში. გასულ ღამით, როგორც ირანმა, ისე ისრაელმა თავდასხმების მორიგი ტალღა განახორციელეს.

7 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტმა მაზეშქიანმა ბოდიში მოიხადა ირანის მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე მიტანილი იერიშების გამო. საერთაშორისო მედიის ცნობებით, მან ისიც აღნიშნა, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე სარაკეტო იერიშებს აღარ მიიტანს, თუ ისინი თავად არ დაესხმებიან თავს ირანს. თუმცა, მაზეშქიანის განცხადებიდან ცოტა ხანშივე გავრცელდა კადრები, რომელიც დუბაის აეროპორტზე ირანული დრონის იერიშს ასახავს.

შაბათს ღამით და კვირას გამთენიისას ირანულმა დრონებმა იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და ბაჰრეინის ტერიტორიებზე. იერიშების შედეგად, ხანძარი გაჩნდა ქუვეითის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ორი ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ქუვეთი იუწყება ასევე საერთაშორისო აეროპორტის საწვავის საცავებზე მიყენებული დარტყმების შესახებ. ბაჰრეინში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგებაზე პასუხისმგებელი ობიექტი. ასევე საუნივერსიტეტო შენობა მუჰარაკში, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ენერგეტიკულ სისტემაზე დარტყმებს მუქარით პასუხობს საუდის არაბეთი.

ღამით ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა თეირანთან ახლოს საწვავის საცავებს დაარტყეს. ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, ისრაელის მხრიდან სასტუმროზე იერიშის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანია მკვდარი, დაშავებულია 10. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 8 ადამიანი უნდა იყოს დაღუპული სხვა ქალაქებში. ისრაელის თქმით, მათი სამიზნე ირანელი ლიდერები და ტერორისტული ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაა.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი და აშშ სრულად აკონტროლებენ ირანის ცას და კიდევ ბევრი „სამიზნე და სიურპრიზი“ აქვთ მომზადებული.

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ირანში ამერიკული შეიარაღებული ძალებიც გაგზავნოს, თუმცა ამბობს, რომ საამისოდ „ძალიან კარგი მიზეზია საჭირო“.

HRANA-ს (ადამიანის უფლებათა აქტივისტების ახალი ამბების სააგენტო) მიერ შაბათს გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 1200 მშვიდობიანი მოქალაქეა მკვდარი ირანში კონფლიქტის დაწყების დღიდან. მათ შორის 194 ბავშვია.

მას შემდეგ, რაც ლიბანი ომში ჩათრეული აღმოჩნდა, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 400-ს მიუახლოვდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაც გამთენიისას გაავრცელეს, ომის დაწყების დღიდან 1929 ადამიანი დაშავდა და მათგან 9 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დღეს, 8 მარტს, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ასევე ცნობები ჰეზბოლას თავდასხმის შედეგად მოკლული ორი ისრაელელი ჯარისკაცის შესახებ. ეს კონფლიქტის დაწყებიდან, ომთან დაკავშირებული პირველი მსხვერპლია, რასაც ისრაელი მათ მხარეს მიუთითებს. ორიდან ერთი დაღუპული ჯარისკაცის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.

28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები. პირველივე დარტყმების შედეგად, მოკლულია ირანის 40-მდე სამხედრო ლიდერი და მაღალჩინოსანი.

ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები, რომელთაც აშშ იყენებს. იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადგურზე. ირანიდან ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაარღვია ასევე თურქეთის საჰაერო სივრცე. რაკეტა ნატოს სისტემებმა ჩამოაგდეს და თუმცა ირანი უარყოფს, რომ მისი სამიზნე თურქეთი იყო, უცნობი რჩება, საით იყო მიმართული იყო რაკეტა. 5 მარტს ირანული დრონების სამიზნე გახდა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტი.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მუსლიმთა სამმართველო: ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქის გარდაცვალებას

მუსლიმთა სამმართველო: ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქის გარდაცვალებას

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი