მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? - სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება - Netgazeti
ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? - სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება - Netgazeti

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? - სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება - Netgazeti

ნეტგაზეთი26 მარტი, 2026, 15:57|netgazeti.ge

2026 წლის 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პოლიტიკური ანალიზის თანახმად, წინასაარჩევნო გარემო კონკურენტულია, თუმცა ოპოზიციის ძირითად ველს პრორუსული ძალები აკონტროლებენ. პოლიტიკური ინიციატივა “ჯერ საქართველოს” წევრი გიორგი ტუმასიანი აფასებს როგორ შეიძლება გადანაწილდეს ძალთა ბალანსი და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების შედეგებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

როგორ აფასებთ სომხეთში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოს, რამდენად კონკურენტულია პროცესი?

წინასაარჩევნო გარემო სომხეთში კონკურენტულია, თუმცა აშკარაა, რომ ოპოზიციური ველი დაკავებული აქვთ პრორუსულ ძალებს საკუთარი უზარმაზარი ფინანსური გავლენების გამო. ის პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, რომელიც არსებობს სომხეთში, სწორედ ამ პრორუსული ოპოზიციური პარტიებით არის გადაფარული.

ორი-სამი ასეთი ძირითადი ძალაა, რომელთაც ფაშინიანი უწოდებს ხოლმე “ოლიგარქიულ პარტიებს”. ერთია რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, რომლის პარტიაა “ძლიერი სომხეთი”, მეორე – ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის და “დაშნაკციუტუნის” ერთობლივი ალიანსი და მესამე გაგიკ წარუკიანი, რომელსაც უფრო ბელარუს ოლიგარქად მოიხსენიებენ, რომელსაც ასევე კავშირები აქვს რუსეთთან. შესაბამისად, ამ ფინანსური რესურსებით, იქნება ეს მედია, ოფისების გახსნა თუ სხვა აქტივობა, მოახერხეს ოპოზიციის კონკურენტუნარიანობის ხარისხის დაქვეითება, რადგან სხვა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალები კონკურენცია ასეთ რესურსებთან არ შეუძლიათ.

არის თუ არა შესაძლებელი ამ სამივე პრორუსული ოპოზიციური ძალის გაერთიანება მმართველი ძალის წინააღმდეგ?

სავარაუდოდ არა, რადგან თითოეულს იმედი აქვს, რომ გადალახავს ბარიერს, და შემდეგ უკვე ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ პარლამენტში გაერთიანდებიან.

ამ მიდგომით, გაერთიანების გარეშე რამდენად აქვთ შანსი გამარჯვების ცალ-ცალკე? გადალახავენ ბარიერს?

ბოლო კვლევებით [IRI], დაახლოებით მეორე ადგილზეა რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი და მესამეზე – ქოჩარიანის კოალიცია. გაგიკ წარუკიანის პოზიცია გაცილებით სუსტია, ამავე კვლევით. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ სულ მცირე ამ სამიდან ორი გადალახავს ბარიერს, არსებობს. სომხეთის კონსტუტუციური ჩანაწერი და მოთხოვნაა, რომ სულ მცირე სამი პარტია უნდა იყოს პარლამენტში. ეს ორი [სამველ კარაპეტიანი და რობერტ ქოჩარიანის პარტიები], დიდი შანსია, მათ შორის აღმოჩნდეს და ჯამში 50%-ზე მეტი დააგროვონ.

როგორ აფასებთ მმართველი ძალის, ანუ ნიკოლ ფაშინიანის პოზიციებს დღეს? რამდენად ენდობიან ადამიანები მას, რა განწყობებია?

IRI-ის კვლევითვე, მმართველი ძალის რეიტინგი 24%-ია [სამველ კარაპეტიანის პარტიის -9%]. 50%-60% იყო გადაუწყვეტელი. ზოგადად, სომხეთის შემთხვევაში სოციოლოგია დიდად ეფექტური არაა, წარსული აჩვენებს ამას. მოქალაქეებში განწყობებს რაც შეეხება, ძალიან პოლარიზებულია. ერთი მხრივ, არის ფაშინიანი, რომელიც მშვიდობას, TRIPP-ის პროექტს, ევროინტეგრაციას სთავაზობს მოქალაქეებს, მეორე მხრივ, არის რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, რომელიც “უფასო ფულს”, ყველა სოფელში ქარხანას სთავაზობს და ევროპულ ინტეგრაციასა და რუსეთთან კავშირებს გვერდს უვლის, რათა რაღაც ასოციაციებს გაექცეს [რაც მე პირადად 2012 წლის საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს მახსენებს] და მესამე – რობერტ ქოჩარიანი, რომელიც “დაშნაკციუტუნთან” ერთად ნაციონალურ ნარატივებზე მუშაობს, სპეკულირებს ყარაბაღის თემით და აცხადებს, რომ უნდა გადაიხედოს სამშვიდობო შეთანხმება და ა.შ. ბოლოს ქოჩარიანმა ისიც თქვა, აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, რუსეთს დავუკავშირდებით, ყველაფერი კარგად იქნება და რაში გვჭირდება თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგებაო. ნარატივები პრინციპში გასაგებია, დაბალანსებული აქვთ. სამველ კარაპეტიანი მთლად პრორუსის მანტიას ჯერ არ იცვამს, მაგრამ გასაგებია ყველაფერი. ანუ ოპოზიციის თემები უკავშირდება ყარაბაღის თემას, ეკლესიის თემას, აზერბაიჯანთან ურთიერთობების გადახედვას სხვა ფორმატში, რუსეთთან მოკავშირეობას და ეკონომიკური მდგენელი – 5 მილიარდის მფლობელი სამველ კარაპეტიანი ყველას გამდიდრებას და უფასო ფულს პირდება.

ნიკოლ ფაშინიანს სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება კონსტიტუციის შესაცვლელად, რისთვისაც სჭირდება ხმების ⅔, ანუ 67%. ფაშინიანის გათვლით, ის მიიღებს ამ ხმებს. თუმცა, მეორე გათვლაც აქვს, რომ ვერ მიიღებს, მაგრამ უმრავლესობაში დარჩება – 50%-ზე ზემოთ.

ამ მომენტისთვის ნიკოლ ფაშინიანი საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს ბევრი პოზიტიური დღის წესრიგით – მათ შორისა მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, ევროინტეგრაციის დაწყება, ვაშინგტონთან სტრატეგიული ურთიერთობები და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რუსეთისგან სუვერენიტეტის განცდა.

ამომრჩეველი რას ფიქრობს რუსი ოლიგარქის დაპირებულ “უფასო ფულზე”?

სომხეთში ინტერვიუს ხშირად მთხოვენ ხოლმე და ვუყვები, რას ნიშნავდა საქართველოში ეს დაპირება, “უფასო ფული” თუ “ქარხანა თითო სოფელს”, ეკლესიის ქველმოქმედება [რასაც აკეთებს სამველ კარაპეტიანი] და რად შეიძლება გადაიქცეს ეს დაპირებები. რეალურად კი, სამველ კარაპეტიანის არცერთი განცხადება არ ვიცით სხვა თემებთან დაკავშირებით, ცარიელი წარსულის მქონე რუსი ოლიგარქი ქველმოქმედია.

რაც შეეხება რობერტ ქოჩარიანს, ის ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, რადგან უკვე იყო ის ხელისუფლებაში, კარგად ახსოვთ ისიც, რომ პირველ მარტს 10 ადამიანის მკვლელობაზეა ის პასუხისმგებელი. ის ცნობილია ასევე, პუტინთან მჭიდრო ურთიერთობებით.

სომხურ საზოგადოებაში, ჩემი დაკვირვებით, ფაშინიანის მიმართ კეთილგანწყობა უფრო არსებობს. შესაბამისად, გამარჯვების დიდი შანსები სწორედ მას აქვს.

ყარაბაღის ომის შედეგები თუ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე? თავად ყარაბაღელებიც მიიღებენ, ალბათ, მონაწილეობას ამ არჩევნებში, ისინი ვისაც უკვე აქვს სომხეთის მოქალაქეობა.

ძალიან ბევრ ყარაბაღელს ჯერ ისევ არ აქვს სომხეთის მოქალაქეობა. თუმცა, ისინი, ვისაც აქვს, მიიღებენ ცხადია მონაწილეობას. ყარაბაღელებში არის გარკვეული უკმაყოფილების განცდა ხელისუფლების მიმართ, ბუნებრივად, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაშიც აღმოჩნდნენ. თუმცა, მათ შორის არიან ისეთები, ვინც ყარაბაღის კლანს [მათ შორის ქოჩარიანს] მხარს არ უჭერენ. და სამველ კარაპეტიანმა რომ მიიღო გამოკითხვებში მეორე ადგილი, დასტურია იმისა, რომ წინა ხელისუფლება აღარ არის აქტუალური და კონკურენტუნარიანი. რუსეთმა ახლა შეარჩია ახალი ძალა დასაყრდენად, როგორიცაა სამველ კარაპეტიანი. ანუ, ჩემი შეფასებით, ფაშინიანი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ოღონდ აქ მთავარი კითხვაა, 50%-ზე მეტს აიღებს თუ 67%-ს. ორივე ალბათობა არსებობს, წინასაარჩევნო გარემოზეა დამოკიდებული, საით გადაიხრება ის ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია.

არსებობს სცენარიც, რომლის მიხედვით, სამველ კარაპეტიანის პარტია “ძლიერ სომხეთს” საერთოდ აეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა. კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობისა და პრემიერ მინისტრობისთვის კანდიდატი უნდა იყოს სომხეთის მოქალაქე და ბოლო 4 წელი უნდა ცხოვრობდეს სომხეთში. სამველ კარაპეტიანი ასევე რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეა და 4 წელი არც უცხოვრია სომხეთში. ისინი ამბობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეცვლიან კონსტიტუციას და სამველ კარაპეტიანი პრემიერი გახდება, ეს კი, არასერიოზული და ანტიკონსტიტუციური განაცხადია უკვე. შესაბამისად, არსებობს შანსი ამ პარტიის აკრძალვისა, ანუ არ დაარეგისტირონ. ეს ალბათ, 3 მაისამდე გაირკვევა.

და ბოლოს, რა გავლენა ექნება ამ არჩევნების შედეგებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე?

რადიკალურად მნიშვნელოვანი არჩევნებია, იმიტომ რომ ამ არჩევნებით რეგიონში იმარჯვებს ფაშინიანი და სომხეთი ხდება დემოკრატიული, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის და სამშვიდობო პროცესის ფარგლებში Tripp-ს პროექტი ვითარდება და ვაშინგტონის ინტერესები გამტკიცებულია, ასევე დაძრულია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ან იმარჯვებს რუსეთი. თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები ვერ დალაგდება, Tripp-დან გადახვევა მოხდება, ევროინტეგრაციას გააჩერებენ, ნელ-ნელა თუ მალევე არ ვიცით [“ქართულმა ოცნებამაც” ასე შემოგვაპარა]. ჩემთვის გასაგებია დაახლოებით რა ტიპის მმართველობა იქნება. თუ ასეთი რამ მოხდება, საქართველოს ინტერესები ძალიან ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ხოლო სომხეთი თუ გადარჩება გარუსებას, რუსეთის გავლენების ქვეშ აღმოჩენას, მაშინ საქართველოსთვის სასარგებლო და პოზიტიური იქნება. საქართველოში “ქართულ ოცნებას” არ ვგულისხმობ, ცხადია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი

TI: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დევნა პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

TI: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დევნა პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

ნეტგაზეთი