მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ტრამპის თქმით, 5 დღით აჩერებს დარტყმებს ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე - Netgazeti
ტრამპის თქმით, 5 დღით აჩერებს დარტყმებს ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე - Netgazeti

ტრამპის თქმით, 5 დღით აჩერებს დარტყმებს ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი23 მარტი, 2026, 11:30|netgazeti.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანთან „ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები“ წარიმართა ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების სრულ და საბოლოო მოგვარებასთან დაკავშირებით.

„ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათისა და ტონის გათვალისწინებით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ომის დეპარტამენტს დავავალე, ხუთი დღის ვადით გადადოს ყოველგვარი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებაზე“, — წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

მანამდე ტრამპი თეირანს დაემუქრა ელექტროქსელის სრულად განადგურებით, თუ ირანი სრულად არ გახსნის გადაზიდვების მნიშვნელოვან მარშრუტს ჰორმუზის სრუტეში.

განახლება: დონალდ ტრამპის განცხადებების საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ენერგომატარებლების ფასების შემცირებისა და სამხედრო გეგმების განსახორციელებლად დროის მოგებას ემსახურება“.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ მან ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმა ხუთი დღით გადადო, ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად დაეცა და ფინანსურ ბაზრებზე აქციების ფასი გაიზარდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა რეგიონის ქვეყნების ინიციატივები დაძაბულობის შესამცირებლად, თუმცა თქვა, რომ პასუხი ყველა მათგანზე ნათელია: „ჩვენ არ ვართ ის მხარე, ვინც ეს ომი დაიწყო და ყველა ეს მოთხოვნა ვაშინგტონს უნდა გადაეცეს“.

მოლაპარაკებებზე ტრამპის განცხადების მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ „თეირანის გულში“ იერიშებს აგრძელებს.

28 თებერვალს, გამთენიისას, ისრაელმა და აშშ-მა დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. საჰაერო დარტყმები განხორციელდა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე: ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, სარაკეტო ქარხნებსა და სამთავრობო შენობებზე. პირველივე დღეს თავდასხმებს ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, და ირანის შეიარაღებული ძალებისა და გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი პირები.

ირანმა საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები, რომელთაც აშშ იყენებს. იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადგურზე. ირანიდან ნასროლმა ბალისტიკურმა რაკეტამ დაარღვია ასევე თურქეთის საჰაერო სივრცე. რაკეტა ნატოს სისტემებმა ჩამოაგდეს და თუმცა ირანი უარყოფს, რომ მისი სამიზნე თურქეთი იყო, უცნობი რჩება, საით იყო მიმართული იყო რაკეტა. 5 მარტს ირანული დრონების სამიზნე გახდა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტი.

აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა ირანის არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ალი ლარიჯანი, ყოფილი სამხედრო ოფიცერი და ფილოსოფოსი, 2025 წლიდან უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც ირანის დე ფაქტო მმართველსაც უწოდებდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მოჯთაბა ხამენეიც, ალი ხამენეის შვილი, რომელიც ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.

ირანში ომმა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ გამოიწვია ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებითი შემსუბუქება მოჰყვა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მომავლის აკადემიის ცნობით, სტრასბურგმა დაარეგისტრირა მათი სარჩელი “ოცნების” რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

ნეტგაზეთი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ნეტგაზეთი