
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებულს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს - Netgazeti
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ტერორისტული საქმიანობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, რის შემდგომაც შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებს და ტერორისტულ საქმიანობაში მხარდაჭერა აღმოუჩინა“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულს, რომლის ვინაობასაც პროკურატურა არ ასახელებს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 323 სეკუნდა მუხლის 1 პრიმა ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა) და მასზე ძებნა გამოცხადდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge