
მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ სადიგოვის გაძევებას - Netgazeti
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), MFRR-ის (სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) ხელმომწერ პარტნიორებთან და მედიის თავისუფლების, ჟურნალისტთა და გამოხატვის თავისუფლების სხვა ორგანიზაციებთან ერთად, გმობს Azel.tv-ის დამფუძნებლის, აფგან სადიგოვის დაპატიმრებასა და საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტაციას.
„სადიგოვის დეპორტაცია წარმოადგენს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრ დაგმობას მოითხოვს“, — ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადიგოვის დეპორტაცია მოხდა მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიებისა, რომელიც კრძალავდა მის ექსტრადიციას აზერბაიჯანში. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანმა სადიგოვის წინააღმდეგ არსებული ხანგრძლივი სისხლის სამართლის საქმე და ექსტრადიციის მოთხოვნა შეწყვიტა. საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების შესახებ 1 აპრილს ეცნობა, რის შედეგადაც, 3 აპრილს ქართულმა სასამართლომ მას გირაო და გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნა.
„ეს ორი ქმედება, რომელიც კოორდინირებულად და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის მიზნით გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება, ნიშნავდა იმას, რომ შესაძლებელი გახდა სადიგოვის დეპორტაცია, ნაცვლად ექსტრადიციისა“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ დეპორტაცია განხორციელდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.
სწრაფი რეაგირება მედია თავისუფლებისთვის (MFRR) არის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, დააკვირდეს და რეაგირება მოახდინოს პრესისა და მედიათავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში. MFRR ორგანიზებულია კონსორციუმის მიერ, რომელსაც უძღვება პრესისა და მედიათავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF) შემდეგ ორგანიზაციებთან ერთად:
ARTICLE 19 Europeჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)თავისუფალი პრესა შეზღუდვების გარეშე (FPU)პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)CCI/Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge