
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები მშვიდობიანი საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაციას ახდენს - მწარიაშვილი - Netgazeti
BLB-ის უფროსი პარტნიორი, იურისტი მაია მწარიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსში ახლახან განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომელშიც გაანალიზებულია ახალი ნორმების გავლენა სამართლებრივ უსაფრთხოებაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ბიზნესის ავტონომიაზე.
მაია მწარიაშვილის მოსაზრებით:
კანონი მშვიდობიანი საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაციას ახდენს.კოდექსში ინკორპორირებულია სისხლის სამართლისთვის უცხო ცნებები: „პოლიტიკური აქტივობა“, „გავლენის მოხდენა“, “საშინაო და საგარეო პოლიტიკა”, “უცხო ქვეყნის საჯარო ინტერესი”, “უცხო ქვეყნის მიდგომები” და სხვა, რაც თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.პოლიტიკური მიზნით ფულის გამოყენება ფულის გათეთრების დამამძიმებელ გარემოებად იქცა, რაც არ შეესაბამება ამ დანაშაულის კლასიკურ გაგებას.ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობა შესაძლოა დაექვემდებაროს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მექანიზმებით კონტროლს.დასჯადია არა მხოლოდ განხორციელებული, არამედ სამომავლო, ჯერ განუხორციელებელი „აქტივობაც“.ცვლილებები ეწინააღმდეგება გამოხატვის, შეკრების და მეწარმეობის თავისუფლების საკონსტიტუციო და საერთაშორისო სტანდარტებს.
ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მაია მწარიაშვილის ანალიზს:
საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ცვლილებებით შემოთავაზებული ნორმები გაუმართავია ენობრივი და სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, იყენებს ქართული სისხლის სამართლისათვის უცხო ცნებებს და ტერმინებს, არის სრულიად განუჭვრეტადი, იძლევა უსაზღვრო სივრცეს თვითნებური და ამდენად, მიკერძოებული განმარტებებისათვის, ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის უმთავრეს პრინციპებს. სისხლის სამართლის კოდექსში 4 მარტს ინიცირებული ცვლილებები ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობის, მათი არაძალადობრივი, მშვიდობიანი ქმედებების კრიმინალიზაციას და წარმოადგენს ნოყიერ ნიადაგს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნისათვის.
ახალი ცვლილებების ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ (ა) ევროკავშირში არ არსებობს სამართლებრივი აქტები, რომელთან დაახლოების ვალდებულებასაც ემსახურება მითითებული ცვლილებები; (ბ) კანონპროექტის მომზადებისას კანონპროექტის ავტორებს არ გაუვლიათ რაიმე კონსულტაცია სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტთა და სამუშაო ჯგუფებთან; (გ) ამგვარ ჯგუფებს არ მიუღიათ მონაწილეობა ამ კანონპროექტის მომზადებაში; (დ) არ არსებობს არცერთი ექსპერტის, მეცნიერის შეფასება კანონპროექტთან დაკავშირებით; (ე) ავტორებს არ შეუსწავლიათ და არ გაუანალიზებიათ რომელიმე სხვა ქვეყნის გამოცდილება, რაც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყოკანონპროექტის მომზადებისას. შესაბამისად, კანონპროექტის ახსნა-განმარტებითი ბარათი არ იძლევა ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის სამართლებრივი ტრადიციებით არის ნასაზრდოები მითითებული ცვლილებები.
წინამდებარე მიმოხილვა ეთმობა სისხლის სამართლის კოდექსში, მიმდინარე წლის 4 მარტს, ინიცირებულ ცვლილებათა ნაწილს და მიმოხილვის მიზანია პრაქტიკოს იურისტთა და სისხლის სამართლის თეორეტიკოსთა, ასევე საზოგადოების წევრთა ყურადღება მიაპყროს ახალ ნორმათა სამართლებრივი შინაარსის საყურადღებო, საგანგაშო ასპექტებსა და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის მძიმე შედეგებზე.
I. „საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელება“ – ნოვაცია სს კოდექსში
სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ისეთი ნოვაცია, როგორიცაა „საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელება“და „საჯაროდ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება“.
კანონპროექტით მოცემულია „პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების“ განმარტება სსკ- ის 194-ე და 3191 -ე („გრანტების შესახებ კანონის“ დარღვევა) მუხლების, ასევე სსკ-ის 3553 -ე მუხლის (მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა) თვალსაზრისით. ცნებათა განმარტებები იდენტურია, თუმცა კანონმდებელი ამ ცნებებს რატომღაც სხვადასხვა ტერმინოლოგიით იყენებს მითითებული 3 მუხლის დისპოზიციებში. გაუგებარია, რატომ აირჩია კანონმდებელმა ეს მიდგომა.
(ა) ფულის გათეთრების მუხლის ახალი კონცეფცია
ახალი ცვლილებით ფულის გათეთრების მაკვალიფიცირებელ ნიშნად, დამამძიმებელ გარემოებად, შემოდის ფულის გათეთრება პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით (სსკ-ის 194- ე მუხლის მე-3 ნაწილის (დ) ქვეპუნქტი). შემოთავაზებული კონსტრუქცია ცვლის ფულის გათეთრების კლასიკურ ბუნებას. ფულის გათეთრების დანაშაულის არსი არის უკვე განხორციელებული დანაშაულებრივი საქმიანობით მოპოვებული ქონებისთვის/ფულისათვის კანონიერი სახის მიცემა. დოგმატური ანალიზით ფულის გათეთრება არის ინსტრუმენტული დანაშაული და მის მიზანს წარმოადგენს წინარე დანაშაულით მიღებული ქონების ლეგალიზაცია, წარმოშობის დაფარვა და სხვადასხვა გზებით ფინანსურ სისტემაში ინტეგრირება. ფულის გათეთრების დანაშაულის ტრადიციული საფრთხე უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს, არალეგალურ საქმიანობას (ნარკოტიკები, იარაღით ვაჭრობა), კორუფციას. ანუ ფულის გათეთრების დანაშაულის მიზანია არალეგალური საქმიანობით მოპოვებული ქონებისათვის ლეგალური, კანონიერი სახის მიცემა. ფულის გათეთრების ობიექტია ფინანსური სისტემის სანდოობა, მისი ლეგიტიმური მიზანია- დანაშაულებრივი ფულის ლეგალურ ბრუნვაში მოქცევის პრევენცია. ანუ, ფულის გათეთრების დანაშაულის უშუალო ობიექტია ფინანსური სისტემა, ხოლო დანაშულის საგანი კი – უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.
ფულის გათეთრების ძირითადი შემადგენლობა მიზნით დაფუძნებული დელიქტია, ხოლო ქმედება დანაშაულია ლეგალიზაციის/გათეთრების ნებისმიერ სტადიაზე – შესაბამისად, გათეთრების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ის კვალიფიცირდება როგორც დასრულებული დანაშაული. ეს იმას ნიშნავს, რომ სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა კრძალავს უკანონოდ მიღებული ფულადი სახსრების ლეგალურ ბრუნვაში გაშვებას, ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციასა და გარიგებას, რაც დაკავშირებულია ამ გზით მიღებულ შემოსავლებთან. ფულის გათეთრების მუხლის ლოგიკა ისაა, რომ ის კრძალავს ნებისმიერი არალეგალური/დანაშაულებრივი საქმიანობით მოპოვებული ფულის ლეგალურ ბრუნვაში მოქცევას და/ან ამ ფულის გამოყენებას ნებისმიერ სამეწარმეო ან სხვაგვარ ეკონომიკურ საქმიანობაში.
(ბ) ახალი ცვლილების დამატებითი მიზანი – პოლიტიკური მიზანი
ცვლილებით შემოთავაზებული კონსქტრუქცია ფულის გათეთრების (სსკ-ის 194-ე მუხლი) არსებული მუხლის მიზანს, როგორც აღვნიშნეთ, ამატებს ახალ პოლიტიკურ მიზანს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ (1) პოლიტიკური აქტივობის მიზნით ფულის გათეთრების მუხლის დამძიმება ემსახურება პოლიტიკური საქმიანობის გადაჭარბებულ კრიმინალიზაციას (სინამდვილეში, ფულის გათეთრება დასჯადია ამ ფულის რომელიმე ინდუსტრიაში გამოყენების მიზნის იდენტიფიცირების გარეშეც), და, (2) ამავდროულად, შესაძლოა, ფულის გათეთრების დანაშაულისათვის პოლიტიკური დატვირთვის შეძენის ამოცანის შესრულებასაც, რაც სისხლისსამართლებრივადაც, სწორი მცდელობა არ არის. ცვლილება სუბიექტურ მხარეში, ვინაიდან სსკ-ის 194-ე მუხლის დამძიმება პოლიტიკური აქტივობის განხორციელების მიზნით სცილდება ფულის გათეთრების ტრადიციულ, სისხლისსამართლებრივ გაგებას და მიზანს, ახალი კონსტრუქციით იცვლება/მძიმდება დანაშაულის სუბიექტური მხარეც (ვინაიდან აქ ქმედების დამატებითი, მე-2 მიზანი შემოდის). ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, გამოძიებამ/ბრალდებამ უნდა ასაბუთოს ერთდროულად ორივე მიზნის არესებობა: არალეგალური ფულის ლეგალურ ბრუნვაში მოქცევის და, ამავდროულად, ამ ფულის პოლიტიკურ აქტივობაში გამოყენების მიზანიც.
ასეთი ორმაგი მიზნით დაფუძნებულ დელიქტს/დანაშაულს არ იცნობს სისხლის სამართლის კოდექსი გარდა შემოთავაზებული ახალი ცვლილებისა. შემოთავაზებული კონსტრუქციით გაუგებარია მიზნების მტკიცების თანმიმდევრობა, ვინაიდან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ფულის გათეთრება დანაშაულია მისი წარმოშობის დაფარვის და ლეგალურ ბრუნვაში მოქცევის მცდელობის ნებისმიერ ეტაპზე. შესაბამისად, გაუგებარია, როდის უნდა ჩაითვალოს დასრულებულად ქმედება, რაც უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის (დ) ქვეპუნქტით.
მიზნის მტკიცების სტანდარტი
ცალკე საკითხია ამ ორმაგი მიზნის მტკიცების სტანდარტი საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკაში, რაც სერიოზული პრობლემაა და სრულეიად ბუნდოვანს ხდის ამ მიზნის მტკიცების რაიმე სტანდარტს. ახალი ცვლილებით, მუხლის ამ დამამძიმებელი გარემოებით კვალიფიკაციისათვის საკმარისია მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის მიზნის დადგენა და არა თავად ამგვარი ქმედების განხორციელება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ არის ფორმულირებული თავად “პოლიტიკური მიზნით აქტივობის” განმარტება (რომლის ანალიზი მოცემულია ქვემოთ), ამ მიზნის მტკიცების სტანდარტი სრულიად ეფემერული ხდება.
(გ) იცვლება ფულის გათეთრების ობიექტი
ახალი ცვლილებით იცვლება დანაშაულის საფრთხის ობიექტიც. თუ ფულის გათეთრების ობიექტია ქვეყნის ფინანსური სისტემა, ამ ცვლილების შემთხვევაში, დანაშაულის ობიექტი უნდა იყოს მმართველობა, რაც, როგორც წესი, სისხლის სამართლის სხვა თავით დაცული ობიექტია, მათ შორის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სოციალური, საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით.
დოგმატური კითხვა: რატომ მიიჩნევს კანონმდებელი ფულის გათეთრებას უფრო მძიმე დანაშაულად, მაშინ, როდესაც ე.წ. “ჭუჭყიანი” ფულის გათეთრების მიზანი არის პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა, ვიდრე, მაგალითად, მაშინ, როდესაც ის უნდა მოხმარდეს ბიზნესს ან გამოყენებული იქნას თანამდებობის პირის მოქრთამვისათვის, სხვადასხვა სახის კორუფციული გარიგებებისათვის, ან გამოყენებული იქნას ტერორიზმის დაფინანსებისათვის?
(დ) რა არის ფულის გათეთრების მუხლის ცვლილების არგუმენტაცია?’
თუ შემოთავაზებული ცვლილების არგუმენტი დემოკრატიული პროცესის დაცვაა — მაშინ ამ სამართლებრივი კონსტრუქციის ადგილი არ არის სსკ-ის 194-ე მუხლში. პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული რომელიმე ქმედების სისხლისსამართლებრივი რეგულირება უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური პროცესის სისუფთავის, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის ამოცანას, ხოლო მითითებული არ არის და ვერ იქნება ფულის გათეთრების მუხლის დაცვის ინტერესი, ამ მუხლის მიზანი და ამოცანა. როგორც აღვნიშნეთ, ახალი ცვლილება აქცენტს აკეთებს არა ფულის წარმომავლობაზე, არამედ მის სამომავლო მიზანზე (პოლიტიკური აქტივობა).
სისხლის სამართალში ფულის სამომავლო მიზნობრივი გამოყენების დასჯა დამახასიათებელია, მაგალითად, ტერორიზმის დაფინანსებისა და ამ საქმიანობის სხვაგვარი მხარდაჭერისათვის (3311 -ე მუხლი) და არა კლასიკური ფულის გათეთრებისთვის. შესაბამისად, ეს მუხლები მოცემულია კოდექსის სხვა თავებში. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს პოლიტიკურ პროცესებში უკანონო ჩარევისა და პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსების მარეგულირებელი მუხლები. მაგალითად, სსკ-ის 1641 -ე მუხლი – “ამომრჩევლის მოსყიდვა”. მითითებული მუხლი ამავდროულად მოიცავს პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წესის დარღვევებსაც, მათ შორის ფულის პირდაპირ და არაპირდაპირ გადაცემასაც.
სსკ-ის 186-ე მუხლი ითვალისწინებს წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით (სადაც ფულიც იგულისხმება) სარგებლობას, ამ ქონების ფლობას და სხვა. შესაბამისად, ამ მუხლის დისპოზიცია მოიცავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით გათეთრებული ფულით სარგებლობასაც მე-3 პირის მიერ, თუკი ეს სარგებლობა არ ემსახურება ფულის გათეთრებაში დახმარებას და დამოუკიდებელი მიზნით (სხვა მოტივებით) დაფუძნებული დანაშაულია.
ფულის გათეთრების მუხლში “პოლიტიკური მიზნის” ინტეგრირება უდავოდ გამოიწვევს კოდექსის სხვა მუხლებთან გადაფარვას და საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკას თვითნებობის ფართო არეალს მისცემს ქმედების სამართლებრივი შეფასების, კვალიფიკაციის დროს. სს კოდექსში შემოთავაზებულ ნორმათა სრული ბუნდოვანების და განუჭვრეტადობის გათვალისწინებით, პოლიტიკური ინტერესის არსებობის პირობებში, ყოველი კონკრეტული ბრალდება მოსალოდნელია, რომ გადაწყდება უფრო მძიმე დანაშაულის, ფულის გათეთრების მუხლის სასარგებლოდ.
(ე) პროპორციულობის პრობლემა:
ფულის გათეთრების მუხლის კონსტრუქციის პოლიტიკური აქტივობის მიზნით დამძიმება მოიცავს ასევე პროპორციულობის სამართლებრივ პრობლემას. სისხლისსამართლებრივი ნორმის აგების სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით ქმედების დამამძიმებელი გარემოება უნდა მიემართებოდეს:
ან უფრო დიდ ზიანს; ან უფრო მაღალ საზოგადოებრივ საფრთხეს.
შემოთავაზებული ცვლილებების განმარტებითი ბარათით არ არის დადასტურებული, რომ რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობის რაიმე ფორმით დაფინანსება თავისი არსით არის უფრო საშიში, უფრო დამაზიანებელი, ვიდრე:
შავი ფულით ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსება;შავი ფულით სისტემური ეკონომიკური დანაშაულების დაფინანსება;შავი ფულით კორუფციული გარიგებების დადება;შავი ფულით ტერორიზმის დაფინანსება და სხვა.
შესაბამისად, თუკი დასაბუთებულია არგუმენტი პოლიტიკურ პროცესში დანაშაულებრივი ფულის მონაწილეობის საფრთხესთან დაკავშირებით, სამართლებრივად სწორი კონსტრუქცია იქნებოდა ცხადად ფორმულირებული სპეციალური ნორმის შეთავაზება სსკ-ის სხვა ნაწილში, სხვა თავში, მაგალითად — „პოლიტიკური პროცესის/პარტიების უკანონო დაფინანსება დანაშაულებრივი შემოსავლებით“. თუმცა ამ დროს მხედველობაშია მისაღები სსკ-ის 186-ე მუხლის არსებული დისპოზიცია, რომელიც, როგორც ზემოთაც მივუთითე, მოიცავს წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ფულის გამოყენების აკრძალვას, მათ შორის, ჩემი აზრით, ეს აკრძალვა ეხება პოლიტიკურ პროცესის სისუფთავის დაცვის ამოცანასაც.
შესაბამისად, აქ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებითაც დოგმატურად დაუსაბუთებელია ფულის გათეთრების მუხლში “პოლიტიკური აქტივობის მიზნის” შემოტანა.
II. პოლიტიკური აქტივობის დამატებითი კონტროლი
ფულის გათეთრების მექანიზმებით ფულის გათეთრების მუხლის არაბუნებრივი ახალი კონსტრუქცია დამატებით მოიცავს სამართლებრივად გაუმართლებელ კიდევ ერთ პრაქტიკულ რისკს. კერძოდ, ამგვარი საკანონმდებლო კონსტრუქციის პირობებში, ნებისმიერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა დამატებით დაექვემდებარება “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის” კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და მათ შორის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ზედამხედველობასა და მონიტორინგს. ამგვარი დაქვემდებარებით პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესში მონაწილე ნებისმიერი სუბიქტი მოექცევა “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის” კანონით დადგენილი კონტროლის და ინსტრუმენტების ობიექტებად.
ხაზგასმით საყურადღებოა, რომ სს კოდექსის ახალი ცვლილების (“პოლიტიკური საქმიანობის”) კანონისმიერი “განმარტება” მონიტორინგს დაქვემდებარებულ საქმიანობად მიუთითებს ასევე იმგვარ საქმიანობას, რომელიც ჯერ არც კი განხორციელებულა, მაგრამ შესაძლოა განხორციელდეს მომავალში. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ და, შესაბამისად, ფულის გათეთრების ფინანსურ მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირთა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობათა ნუსხა აბსოლუტურად განუჭვრეტადია.
III. დანაშაულებრივი „აქტივობები“ “ქმედების“ ნაცვლად სისხლის სამართალი არის „ქმედების“ სამართალი. სისხლის სამართალი არ არის „აქტივობების“ სამართალი.
4 მარტის ცვლილებებამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით განსჯის საგანია არა უბრალოდ ადამიანის აზრი, სურვილი, ხასიათი, გავლენა, ცხოვრების წესი, „აქტივობა“, არამედ კონკრეტული ქმედება, რომელიც ზიანის მიყენების ან საფრთხის შექმნისკენ არის მიმართული. სს კოდექსის პირველივე მუხლი გვეუბნება, რომ ეს კანონი (სისხლის სამართლის კოდექსი) განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი. კოდექსი არ გვეუბნება, თუ რომელი „აქტივობებია“ დანაშაულებრივი.
სისხლის სამართლის კოდექსისათვის უცხო და არათავსებადი ცნებებია „აქტივობა“ და „საქმიანობა“. იქ, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, კოდექსი მოიშველიებს სიტყვას „საქმიანობა“, ყველა ეს ნორმა მიუთითებს ამ ქმედებების დამდგენ, განმსაზღვრელ სხვა საკანონმდებლო აქტებზე.
განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია იმის დადასტურებულად მტკიცება, თუ რას გულისხმობს კანონმდებელი სისხლისსამართლებრივად აკრძალულ, დასჯად „პოლიტიკურ აქტივობაში“ – ქმედებას? ქმედებათა ჯერადობას? გამოხატვას? მსჯელობას? დებატს? კრიტიკას? წერას? და ა.შ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არაფერს ამბობს, თუ რატომ დასჭირდა კანონმდებელს „ქმედების“ ნაცვლად სისხლის სამართალში შემოეტანა ეს უცხო ეტიმოლოგიის ტერმინი „აქტივობა“.
(ა) „პოლიტიკური აქტივობის“ სისხლისსამართლებრივი ფორმულირება
შემოთავაზებული ნოვაციის ფორმულირება, განმარტება გვკარნახობს, რომ კანონმდებელი ამ ცნებაში გულისხმობს არა ქმედებას, არამედ გამოხატვას, კრიტიკას, მსჯელობას, დასაბუთებას. ახალი ცნების განსაზღვრება იყენებს ისეთ სიტყვათა მიმართებას, როგორიცაა „საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენა“, „პოლიტიკის ჩამოყალიბება“, რაც მიემართება გამოხატვას და კავშირშია იდეების, აზრების გავრცელებასთან, ადვოკატირებასთან, დისკუსიასთან, კრიტიკასთან, პოზიციასთან. ეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. პოლიტიკური პლურალიზმი ადამიანთა კონსტიტუციური და ფუნდამენტური უფლებაა. დემოკრატიულ სახელმწიფოთა სისხლის სამართალი არ კრძალავს გამოხატვას. მოწოდება ისჯება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ძალადობის და შეუწყნარებლობის იარაღად იქცევა. გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულებივ მოწოდებას შორის ზღვარის გავლებისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოთა კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა მიმართავს შემდეგ ტესტს:
დაუყოვნებელი საფრთხის ტესტი (აშშ-ის მოდელი)
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტით (Brandenburg v. Ohio), გამოხატვა ისჯება მხოლოდ მაშინ, თუ ის:
მიმართულია კანონსაწინააღმდეგო ქმედების პროვოცირებისკენ და არსებობს ამ ქმედების დაუყოვნებლივ (Immediate) განხორციელების რეალური საფრთხე.
“სიძულვილის ენა” (ევროპული მოდელი)
ევროპულ ქვეყნებში (და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით) სტანდარტი უფრო მკაცრია. გამოხატვა შეიძლება დაისაჯოს, თუ ის:
აღვივებს შუღლს, ძალადობას ან დისკრიმინაციას რასობრივი, რელიგიური ან სხვა ნიშნით;ლახავს ადამიანის ღირსებას იმგვარად, რომ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობას.
ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება
ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც გამოხატვა შეიცავს:
ტერორიზმის საჯარო მხარდაჭერას ან მისკენ მოწოდებას;კონკრეტული პირის მკვლელობის ან ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას.
სახელმწიფო უსაფრთხოება და კონსტიტუციური წესრიგი
გამოხატვა ხდება დასჯადი, თუ ის გადადის ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობაში. კრიტიკა ან სისტემის, ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიანი მოთხოვნა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.
შესაბამისად, დემოკრატიულ ქვეყნებში მთავარი კრიტერიუმი ქმედების კრიმინალიზაციისათვის არის კანონით დაცული სიკეთისათვის ზიანის მიყენების რეალური და დაუყოვნებელი საფრთხე, რასაც უკანასკნელ ცვლილებებამდე იზიარებდა ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობაც.
დემოკრატიული ქვეყნების სისხლის სამართალი არ სჯის არაძალადობრივ ქმედებებს და მით უფრო, არაძალადობრივ პოლიტიკურ აქტივობებს. დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტისაგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ახალი ცვლილებებით სახელმწიფო დასჯადად აცხადებს აზრს, ლეგალურ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პროცესს და არა ძალადობრივ ქმედებას.
სისხლის სამართლის კოდექსის 4 მარტის ცვლილებებით აკრძალული პოლიტიკური საქმიანობა არ აზიანებს არაფერს, არ იწვევს ძალადობას, არ აღვივებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას, უბრალოდ მიზნად ისახავს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას. აკრძალვა ეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც ეს გავლენა არის დადებითი, პოზიტიური, სასარგებლო ან ნეიტრალური.
IV. სისხლის სამართლის წესით დასჯადი „პოლიტიკური აქტივობები“
ახალი ცვლილებების, სსკ-ის 194-ე და 3191 -ე მუხლების „შენიშვნის“ მიხედვით ვეცადე მომეხდინა აკრძალული აქტივობების მეტ-ნაკლები და ზუსტი იდენტიფიცირება, რაც გარკვეული თუ გაურკვეველი წინაპირობების არსებობისას გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
კანონის მიხედვით ასეთ აქტივობად მიიჩნევა:
(ა) განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენა;
(ბ) ამავდროულად, ეს საქმიანობა მიმართული უნდა იყოს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ, გატარებისაკენ ან შეცვლისაკენ;
(გ) ასევე იმავე ტიპის საქმიანობა, რაც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რაც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის საჯარო ინტერესიდან, მიდგომებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარეობს;
მკითხველის ყურადღება მსურს მივაპყრო კანონის ტექსტში გამოყენებულ შემდეგ ცნებებს: „საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენა“, „საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა“, „საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება“, ამ პოლიტიკის „გატარება“, „შეცვლა“, „საქმიანობა, რომელიც ხმარდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პარტიის პოლიტიკურ ინტერესს“, „საქმიანობა, რომელიც ხმარდება უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის საჯარო ინტერესს“, „საქმიანობა, რომელიც ხმარდება უცხო ქვეყნის ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების მიდგომებს“ და „საქმიანობა, რომელიც ხმარდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ურთიერთობებს“.
ეს არის უკიდურესად ბუნდოვანი, ენობრივი თვალსაზრისით სრულიად გაუმართავი, ძალზე ფართო და ერთმნიშვნელოვნად სუბიექტური აღწერა არაიდენტიფიცირებული, რაღაც პოლიტიკური აქტივობებისა. ამგვარი განმარტებით, პრაქტიკაში შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი აქტივობის მოქცევა დანაშაულებრივი ქმედების ქვეშ და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, კანონის შემოთავაზებული ნორმის ყოველგვარი ლოგიკური განმარტებით, კანონში ჩამოთვლილი ეს აქტივობები უკავშირდება სწორედ გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან სხვა ადამიანებზე გავლენის მომხდენი საქმიანობა, როგორც წესი, არის აზრის, დამოკიდებულების, კრიტიკის გამოხატვა, მსჯელობა, დარწმუნება და რაც უფრო დამაჯერებელია თქვენი აზრი და მსჯელობა, მით უფრო ახლოს იქნებით პასუხისგებაში მიცემის საფრთხესთან.
გარდა აღნიშნულისა, ზემოთ ციტირებული, სრულიად ბუნდოვანი ფორმულირებების გამო, (რაც უხეშად არღვევს lex certa-ს სისხლისსამართლებრივ პრინციპს) – პირი ვერასოდეს განსაზღვრავს, კონკრეტულად რა ქცევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა მსგავსი ბუნდოვანი და ფართო სამართლებრივი ნორმების მიმართ საკმაოდ მკაცრია. გარდა ამისა, კანონის ტექსტის რედაქცია — სადაც პოლიტიკური აქტივობა, გავლენა და/ან ვინმეს „ინტერესებთან თანხვედრა“ კრიმინალიზებულია ყოველგვარი ძალადობრივი კომპონენტის გარეშე — პირდაპირ და დაუფარავად ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებს.
V. დასჯადი “პოლიტიკური აქტივობების” წინასწარ ცოდნა
შეუძლებელია დასჯადად გამოცხადებული „პოლიტიკური აქტივობების“ კეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია და გამოყენება საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება.
ქვემოთ მიმოვიხილავ კანონით განსაზღვრულ, დასჯად პოლიტიკურ აქტივობებს ერთგვარი ჯგუფების მიხედვით:
(ა) „პოლიტიკური აქტივობის“ ობიექტური შემადგენლობის პირველი ჯგუფი ფორმულირებულია შემდეგნაირად:
„განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენა“
როგორც ჩანს, ცვლილებების ავტორთა მოლოდინია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გამომძიებელმა/პროკურორმა უნდა განსაზღვროს, რა არის კონკრეტული პირის მიერ განხორციელებული „პოლიტიკური აქტივობა“, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების ორგანოებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე გავლენის მოხდენა. ამასთან, მხედველობაში არ მიიღება ის, თუ რამდენად არაძალადობრივია, კეთილშობილურია მიზანი, ხოლო გავლენა სასარგებლო, მისაღები და საინტერესო ამა თუ იმ ინდუსტრიისა თუ საზოგადოების ჯგუფისათვის.
მტკიცების სტანდარტი: რა ობიექტური კრიტერიუმით, მტკიცებულებითი სტანდარტით უნდა დაადგინოს გამომძიებელმა/პროკურორმა ის, თუ რა მიზნით განახორციელა რომელიმე პირმა რომელიმე აქტივობა, რა გავლენა მოახდინა ამ აქტივობამ საზოგადოების ნაწილზე, რაში გამოიხატება ეს გავლენა, რამდენი პირი უნდა ჩაითვალოს საზოგადოების ნაწილად ამ მუხლის თვალსაზრისით, რა ტიპის აქტივობებია გავლენის მომხდენი ა და სხვა არაერთი სამართლებრივი და ფაქტობრივი აბსურდი.
მაგალითად: არის თუ არა საპროტესტო მიტინგი, დებატი, ხელისუფლების კრიტიკა, მანიფესტაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის გზა და იარაღი? ცხადია არის და ამ ფუნდამენტური უფლების, ლეგიტიმური საშუალების დანიშნულებაც სწორედ ესაა, მოახდინოს გავლენა ხელისუფლებაზე, შეაცვლევინოს ხედვები, გადაწყვეტილებები, მოახდინოს გავლენა ადამიანებზე, შეუქმნას დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი.
აღსანიშნავია, რომ გამომძიებელმა/პროკურორმა აქ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ უკვე განხორციელებული აქტივობა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საზოგადოების ნაწილზე, არამედ უნდა დაადგინოს ისეთი აქტოვობაც, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა და არავინ იცის, განხორციელდება თუ არა საერთოდ. ახალი დანაშაულის ბრალის სტანდარტისათვის საკმარისია, რომ არსებობდეს პოლიტიკური აქტივობის განხორციელების რაღაც ეფემერული ალბათობა.
(ბ) “პოლიტიკური აქტივობის“ ობიექტური შემადგენლობის მეორე ჯგუფი ფორმულირებულია შემდეგნაირად:
„ამავდროულად, ეს საქმიანობა მიმართული უნდა იყოს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ, გატარებისაკენ ან შეცვლისაკენ“
როგორც ჩანს, ცვლილებების ავტორთა მოლოდინია, რომ გამომძიებელმა/პროკურორმა უნდა დაადგინოს, რა არის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა „საეჭვო“ პოლიტიკური აქტივობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ მომენტში და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყოველ კონკრეტულ საკითხზე.
ცვლილებების ავტორებს გამორჩათ მხედველობიდან, რომ არ არსებობს „საშინაო და საგარეო პოლიტიკის“ რაიმე საკანონმდებლო განმარტება. ვინ უნდა განსაზღვროს, რა არის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, გამომძიებელმა? სახელმწიფო ბრალდებამ? ხელისუფლების რომელი თანამდებობის პირის განცხადება მიიჩნევა რომელიმე პოლიტიკის დამდგენ და დამავალდებულებელ აქტად? რა მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების უთვალავ საკითხზე?
ამ ცვლილებების ავტორთა მოლოდინია, რომ გამომძიებელმა/პროკურორმა უნდა გაარჩიოს სხვაობა საკანონმდებლო დეფინიციის არმქონე „საშინაო და საგარეო პოლიტიკის „ჩამოყალიბებასა“ და „ამ პოლიტიკის გატარებას“ შორის? ან გამომძიებელმა ჯერ უნდა დაადგინოს, რა საკითხზე რა პოლიტიკა „ჩამოყალიბდა“, ან რა პოლიტიკა „გატარდა“ , შემდეგ კი ამტკიცოს, მისი როგორი ცვლილება სურდა მოქალაქეს ან იურიდიულ პირს?
აღსანიშნავია, რომ ეს გავლენის მომხდენი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს რაღაც ჩამოყალიბებული პოლიტიკის ცვლილებას, შესაძლოა, საერთოდაც არ ჩაიდინოს პირმა, მაგრამ არსებობდეს დაშვება ასეთი საქმიანობის/აქტივობის განხორციელებისა, რომელიც ასევე დასჯადია ახალი ცვლილებით.
(გ) „პოლიტიკური საქმიანობის“ ობიექტური შემადგენლობის მე-3 ჯგუფი ფორმულირებულია შემდეგნაირად:
„ასევე იმავე ტიპის საქმიანობა, რაც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რაც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის საჯარო ინტერესიდან, მიდგომებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარეობს“
ამ ცვლილებების ავტორებს წარმოუდგენიათ, რომ გამომძიებელმა/პროკურორმა უნდა დაადგინოს საქმიანობა, რომელიც ხმარდება (სამწუხაროდ, კანონმდებელმა სიტყვა “ხმარდება“-ზე უკეთესი ფორმალურ-სამართლებრივი შესატყვისი ვერ მოძებნა აზრის გადმოცემისათვის) „უცხო ქვეყნის ან მისი პოლიტიკური პარტიის საჯარო ინტერესებს“. რომელი საპროცესო სტანდარტითაა შესაძლებელი ამის მტკიცება?
კანონის ავტორებს უნდა მოეხსენებოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, გამომძიებელმა ჯერ უნდა დაადგინოს ამ უცხო ქვეყნის და/ან პარტიის „საჯარო ინტერესი“ ყოველ კონკრეტულ საკითხზე.
ზოგადად, „საჯარო ინტერესი“ უკიდურესად რთული საკითხია სასამართლო თეორიასა და პრაქტიკაში და ძალზე იშვიათ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე. მოცემულ შემთხვევაში კი გამომძიებელმა უნდა დაადგინოს არათუ საკუთარი ქვეყნის „საჯარო ინტერესი“, არამედ „უცხო ქვეყნის ხელისუფლების და/ან ამ უცხო ქვეყნის რომელიმე პარტიის საჯარო ინტერესი“ და ამტკიცოს, რომ საქართველოში განხორციელებული რომელიმე პოლიტიკური აქტივობა ამ ინტერესის შესაბამისია. კვლავ აღსანიშნავია, რომ მხედველობაში არ მიიღება ამ აქტივობის სარგებლიანობა, კეთილშობილური მიზნები და არაძალადობრივი ბუნება.
შემდეგ, ამავე გამომძიებელმა უნდა დაადგინოს ამავე უცხო ქვეყნის ან პარტიის „მიდგომები“. მართალია, გაუგებარია, რასთან მიდგომებზეა საუბარი, მაგრამ მაინც უნდა დაადგინოს, და შემდეგ ასევე უნდა დაადგინოს ამავე უცხო ქვეყნის რაღაც „ურთიერთობები“, რასაც თურმე „ხმარდება“ რაღაც „საქმიანობა“, რასაც აქვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ზემოქმედების მიზანი.
მკითხველის ყურადღებას კვლავ მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ ამგვარი ფანტასმაგორიული აქტივობა ასევე არა მხოლოდ განხორციელებული, შემდგარი ქმედება უნდა იყოს, არამედ მომავალში განსახორციელებელიც, ანუ ახალი ცვლილებით დასჯადია ის რაღაც აქტივობა, რომელიც არც განხორციელებულა და არც არავინ იცის, განხორციელდებოდა თუ არა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დანაშაულის დასრულებისათვის არა აქვს მნიშვნელობა, ამ ფანტასმაგორიულმა აქტივობამ ვინმეზე რაიმე გავლენა მოახდინა თუ არა.
რას ემსახურება ეს ქაოსური, გაუმართავი და გამაოგნებელი სამართლებრივი კონსტრუქციები?
სამოქალაქო აქტივობის ფართო კრიმინალიზაციას და ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილე აქტორების, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის (საზოგადოების აქტიური წევრების, სხვადასხვა მოვლენებისა და პროცესებისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, ორგანიზაციების) იძულებით თვითცენზურას, დაშინებას, რათა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სრული ბუნდოვანების პირობებში მკაცრი სასჯელის შიშით არ გამოთქვან საკუთარი აზრი საზოგადოებრივი ყურადღების არც ერთ საკითხზე.
VI. მეწარმე სუბიექტს/ბიზნესს ეკრძალება პოლიტიკური აქტივობა
ახალი ცვლილებებით სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით/გამოყენებით “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”.
აღსანიშნავია, რომ მითითებული ნორმა მიუთითებს “ისეთ საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე, რაც არ არის დაკავშირებული ამ სუბიექტის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”. ამავე მუხლის “შენიშვნაში” კი მოცემულია იგივე განმარტება, რაც გაკეთებულია სსკ-ის 194-ე და 3191 -ე მუხლებისათვის, თუმცა იმ მუხლებისაგან განსხვავებით აქ ხაზგასმაა “საჯარო” აქტივობაზე და არა უბრალოდ “პოლიტიკურ აქტივობაზე”. გაურკვეველია, რითი განსხვავდება ამავე კოდექსის მითითებული 2 მუხლით უკვე განსაზღვრული “პოლიტიკური აქტივობა” ბიზნესისათვის აკრძალულად გამოცხადებული “საჯარო პოლიტიკური აქტივობისაგან”, რამეთუ ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა თავისი არსით საჯაროა.
ახალი ცვლილებით დასჯადად გამოცხადდა ბიზნესის ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რაც არ არის დაკავშირებული მისი – სამეწარმეო სუბიექტის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
აღსანიშნავია, რომ მეწარმე იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი არასოდეს არის პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მეწარმე იურიდიული პირის საქმიანობა კლასიკურად მიმართულია მოგების მიღებისაკენ. საჯარო პოლიტიკური აქტივობა არის არა სამეწარმეო საქმიანობის სფერო, არამედ ფიზიკური და იურიდიული პირების პოლიტიკური უფლებების, საზოგადოებრივი პოზიციონირების სფერო, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში აღიარებული და დაცული სამართლებრივი სიკეთეა.
(ა) წინააღმდეგობა კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან
საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი და კანონი “მეწარმეთა შესახებ” განამტკიცებს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას, რაც ნიშნავს, რომ სამეწარმეო ურთიერთობების მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. საქმიანობის თავისუფლება, სამართლებრივი დამოუკიდებლობა – ესაა ის, რაც განასხვავებს კერძო სამართლის სუბიექტებს საჯარო სამართლის სუბიექტებისაგან. ბიზნესი თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის ნებისმიერ საკითხზე და საქმიანობის სფეროს ცვლის ყოველგვარი ნებართვის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა კანონით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართის/თანხმობის მოპოვება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებისგან).
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მეწარმეობის თავისუფლებას.
მეწარმე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება იმის გამო, რომ მისი რომელიმე აქტივობა “არ უკავშირდება მის ძირითად საქმიანობას”, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მეწარმე სუბიექტის კერძო ავტონომიაში (რაც განმტკიცებულია კანონმდებლობით) უხეშ ჩარევას.
გარდა აღნიშნულისა, მეწარმე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმგვარი საქმიანობისათვის, რაც თურმე არ არის მისი “ძირითადი საქმიანობა”, ეწინააღმდეგება ასევე “მეწარმეთა შესახებ” კანონს და ამ კანონით აღიარებუბულ მეწარმეობის თავისუფლებას (“მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-6 მუხლი), რომლის თანახმადაც მეწარმე სუბიექტი არ არის ვალდებული, ზუსტად განსაზღვროს მისი საქმიანობის სფერო. კანონი არ იცნობს მეწარმე სუბიექტის “ძირითად” და “არაძირითად” საქმიანობას. კანონის თანახმად, მეწარმე სუბიექტს წესდებაში შეუძლია მხოლოდ მიუთითოს, რომ სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანია, ზოგადად სამეწარმეო საქმიანობა, ყოველგვარი კონკრეტიკის და ძირითადი სამეწარმეო საქმიანობის ამორჩევის და მითითების გარეშე. შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ყველა საქმიანობა, რაც არ მოითხოვს ნებართვა/ლიცენზიას, კანონიერი და ამასთან, ლეგიტიმური საქმიანობაა.
გარდა აღნიშნულისა, მეწარმე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი საქმიანობისათვის, რაც არ არის მისი ე.წ. “ძირითადი საქმიანობა” ეწინააღმდეგება ასევე სამოქალაქო კოდექსს (სამოქლაქო კოექსის მე-10 მუხლი).
დაუშვებელია, გამომძიებელმა/პროკურორმა განუსაზღვროს ბიზნესს, რა არის მისი “ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა” და რა საქმიანობის უფლება აქვს ან არ აქვს მას. ბიზნესს შეუძლია ცვალოს საქმიანობის სფერო ყოველგვარი თანხმობის და საწესდებო დოკუმენტების ცვლილების გარეშე (სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობაზე ნაბართვის მოპოვება არ იგულისხმება).
ბანკი საუბრობს არჩევნებზე — კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან?IT კომპანია აკრიტიკებს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას ქვეყანაში – კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან?რესტორანი აკეთებს განცხადებას მედიის თავისუფლებაზე ან გარემოს დაცვაზე – კავშირშია ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან?
ამდენად, სს კოდექსის შესაბამისი ნორმის რედაქციის სამართლებრივი უსწორობის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ შემოთავაზებული რედაქცია (სსკ-ის 3553 -ე მუხლი) ბიზნესს სრულად უკრძალავს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ პოზიციონირებას, აქტივობას, პოლიტიკურ დისკურსში მონაწილეობას, ვინაიდან პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა არასოდეს არის ბიზნესის ძირითადი საქმიანობა, ამდენად, მისი ნებისმერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიციონირება, აქტივობა ყოველთვის იქნება საქმიანობა, რომელიც მისი სამეწარმო საქმიანობის მიღმაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი და ადამინის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, ეს ნიშნავს პოლიტიკური მოსაზრებების თავისუფლებას, პოლიტიკური დებატების თავისუფლებას და ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლებას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ., გადაწყვეტილება საქმეზე – VgT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland, N24699/94, 28 ივნისი 2001) აღიარებს, რომ იურიდიულ პირებსაც აქვთ გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე.
(ბ) ვინ არის ამ დანაშაულის სუბიექტი
დანაშაულის სუბიექტია როგორც (i) იურიდიული პირი, ისე (ii) მისი პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოქმედებს იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით.
საგანგაშოდ ყურადსაღებია იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შედეგი – ჯარიმა ან ჯარიმა და მისი ლიკვიდაცია.
იურიდიული პირის სახელით მოქმედი პირი “მეწარმეთა შესახებ” კანონით წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია. შესაბამისად, იურიდიული პირის პასუხისმგებლობა რომ დადგეს, საჯარო პოლიტიკური აქტივობა უნდა განახორციელოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა.
თუმცა გაუგებარია, ვინ არის იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირი სსკ-ის 3553 -ე მუხლის თვალსაზრისით, ვინც მოქმედებს ამ იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით.
“მეწარმეთა შესახებ” კანონი არ განსაზღვრავს იურიდიული პირის პასუხისმგებელ პირს, არამედ განსაზღვრავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს.
პრაქტიკული მაგალითი: თუ ტელეეთერში საუბრობს რომელიმე ბიზნესსუბიექტის მთავარი ბუღალტერი და ქვემოთ აქვს მინაწერი, რომ არის კონკრეტული კომპანიის ბუღალტერი, უნდა ჩაითვალოს თუ არა, რომ ის მოქმედებს ამ იურიდიული პირის სახელის გამოყენებით?
ვინ უნდა განსაზღვროს, რომელია სსკ-ის 3553 -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი – ფიზიკური პირი? იურიდიული პირის რომელი თანამდებობის პირის საჯარო საქმიანობისათვის შეიძლება დადგეს თავად ამ ფიზიკური პირის და იურიდიული პირის პასუხისმგებლობა ერთდროულად, მათ შორის ლიკვიდაცია?
სსკ-ის შესაბამისი მუხლი ამ მხრივ ხარვეზიანია, რაც ცხადია, მსუყე ნიადაგია დამატებითი თვითნებობისათვის, რასაც ემატება ბიზნესისათვის აკრძალული “არაძირითადი საქმიანობის”.
შესაძლო თვითნებური განსაზღვრა გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს მიხედულებით და არა “მეწარმეთა შესახებ” კანონით.
იურიდიული პირის ლიკვიდაცია და მისი “პასუხისმგებელი პირის” სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა “საჯარო პოლიტიკური აქტივობისათვის” არის უკიდურესად რეპრესიული და არაპროპორციული ზომა, რისი ანალოგიც არ იძებნება ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობაში. ცივილიზებულ მსოფლიოში არ არსებობს აკრძალვა იურიდიული პირებისათვის ან მისი წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური პოზიციის საჯარო გამოხატვისა და მხარდაჭერითვის, არამედ არსებობს რეგულაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის.
ცვლილებების ჯამური მსუსხავი შედეგები:
კანონის ნორმათა შერჩევითად გამოყენება, რაც უკავშირდება გაუგებარ და ბუნდოვან ჩანაწერებს („უცხოური პოლიტიკური… მიდგომებიდან გამომდინარეობს“). პროკურატურას ექნება ფართო დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, რომელი ორგანიზაციის ან პირის რა სახის აქტივობა ჩათვალოს დანაშაულად. ეს უპირობოდ წაახალისებს კანონის შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოყენებას.სამოქალაქო სექტორისა და მედიის პარალიზება, ვინაიდან არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები და დამოუკიდებელი მედია იძულებული იქნება, მაქსიმალურად შეზღუდონ თავიანთი საქმიანობა. ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობა/კამპანია (მაგალითად, გარემოსდაცვითი მოთხოვნების წამოყენება ან სასამართლო რეფორმის ადვოკატირება) შესაძლოა შეფასდეს, როგორც ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ქმედება და, შესაბამისად, დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.მტკიცების სტანდარტის სრული გაუგებრობა და გაუფასურება, რაც, მაგალითად, უკავშირდება განუხორციელებელ აქტივობებს/ქმედებებს. მაგალითად, გამოყენებული სიტყვათა წყობა „შეიძლება მოხმარდეს“, “განსახორციელებლი საქმიანობა” უგულებელყოფს ყოველგვარ მტკიცების სტანდარტს. გამომძიებელს/პროკურორს აღარ დასჭირდება იმის უტყუარი მტკიცება, რომ თანხა/გრანტი კონკრეტულად აკრძალულ პოლიტიკურ აქტივობას მოხმარდა; საკმარისი იქნება ვარაუდიც კი, რომ ის სამომავლოდ „შეიძლებოდა“ გამოყენებულიყო ასეთი მიზნით.ფინანსური ინსტიტუტების გადაჭარბებული სიფრთხილე (over-compliance): კომერციულმა ბანკებმა შესაძლოა უარი თქვან სამოქალაქო სექტორის, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის მომსახურებაზე, რათა თავიდან აირიდონ ფულის გათეთრების ხელშეწყობაში დადანაშაულების რისკი.სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მძევლად ხელში ჩაგდება: ბიზნესის და მისი წარმომადგენლების ნებისმიერი “არასასურველი” აქტივობა შესაძლებელია გახდეს ბიზნესის დახურვის და ხელმძღვანელების დაპატიმრების საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივი სასჯელის შიშით სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის, მედიის, ქართული ბიზნესის და მისი წარმომადგენლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკურსიდან იძულებით განდევნას.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge