
ევროპარლამენტმა სლოვაკეთისთვის ევროკავშირის სახსრების გაყინვას მხარი დაუჭირა | Rustavi2
ევროპარლამენტმა ფიცოს პოლიტიკის გამო სლოვაკეთისთვის ევროკავშირის სახსრების გაყინვას მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს, გაყინოს სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხები. მიზეზად ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისთვის შექმნილი საფრთხე სახელდება.
ევროპარლამენტარებმა 418 ხმით მხარი დაუჭირეს ოფიციალურ მოწოდებას ევროკომისიისადმი, რათა პირველად იქნას გამოყენებული ე.წ. "პირობითობის მექანიზმი" და შეჩერდეს სლოვაკეთის დაფინანსება. გადაწყვეტილება რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება, რამაც საფრთხე შეუქმნა კანონის უზენაესობასა და ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.
ანგარიში, რომელიც კენჭისყრაზე გავიდა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა დანიელ ფროინდმა მოამზადა. მან კენჭისყრამდე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ძირითად ჯგუფებს შორის საკითხზე ფართო კონსენსუსი არსებობს.
დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში, ევროპარლამენტარების სადამკვირვებლო მისიები ბრატისლავას ეწვივნენ, სადაც ფიცოსაც შეხვდნენ.
ოპოზიციური პარტიის, "პროგრესული სლოვაკეთის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. მათ განმარტეს, რომ თუმცა სრულად აცნობიერებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის მნიშვნელობას, არ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგებიც მათი სამშობლოსთვის მტკივნეული იქნება.