
გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე, საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება - ვახტანგ ცინცაძე | Rustavi2
დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე, საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება. კერძოდ, მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10.7%, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებული და მასში წვლილი სხვადასხვა სექტორს შეაქვს.
"ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის, განათლებისა და სხვა სექტორებმა. ასევე ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ნიშნავს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას, 75%-ზე მეტად გაიზარდა. ასევე რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ტურისტული შემოსავლების კუთხით ქვეყანაში.
ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესაქტივობის გაძლიერებას, რაც თავისთავად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე," - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება.
"ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და საქართველოს ექნება იმაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვა ორგანიზაციები პროგნოზირებენ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა.