
გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა | Rustavi2
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და UNESCO-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობაზე, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე.
ხალედ ელ-ენანიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა, რომ ორგანიზაციამ მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების განვითარებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.
ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge