გლობალური ინიციატივა GI-TOC-ის ანგარიშით დგინდება, რომ უკრაინაში თაღლითური ქოლ-ცენტრების ინდუსტრია თვეში 1 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ამ სფეროში ამჟამად, დაახლოებით, 60 000 უკრაინელი მუშაობს, რაც ქვეყნის ლეგალური საბანკო სექტორის დაახლოებით ორი მესამედია.

28 ივნისს, მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის, ვადიმ იერმოლაევის მკვლელობის მცდელობა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მის მშობლიურ ქალაქ დნეპრში მდებარე უკანონო ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, რომლის სამიზნე ევროკავშირის და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ამ მასშტაბის აფეთქება მონაკოს ისტორიაში პირველია, თუმცა მთავარმა პროკურორმა მალევე გამორიცხა ტერორისტული აქტის ვერსია. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ტოვებს ეჭვმიტანილი ასაფეთქებელ მოწყობილობას მონაკოში, უკრაინელი ბიზნესმენის სახლთან.
თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ვადიმ იერმოლაევი, მისი მეუღლე და 13 წლის ვაჟი. ბიზნესმენის პარტნიორი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაშია, მას ქვედა კიდურების სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული, როგორც "უკრაინსკა პრავდა" იტყობინება, თავდასხმის შედეგად მან ორივე ფეხი დაკარგა.

იერმოლაევის ბიზნეს ინტერესები
იერმოლაევმა თავისი ქონება "ალეფის" სამრეწველო და კომერციული ჯგუფის მეშვეობით დააგროვა და დნეპრის ერთ-ერთი უდიდესი უძრავი ქონების დეველოპერად იქცა, მაგრამ მას შემდეგ მან დამატებით შექმნა დიდი ქოლ-ცენტრების ქსელი, მისი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Forbes Ukraine-მ მისი წმინდა ქონება 2021 წელს, დაახლოებით, 220 მილიონ დოლარად შეაფასა. მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა 2019 წელს, 2024 წელს კი Forbes-ს განუმარტა: "უკრაინის სასამართლო სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არ არის იდეალური და საგადასახადო სისტემა არ არის ობიექტური", თუმცა, მისი ბიზნეს საქმიანობის ირგვლივ გამოძიება არასდროს დაწყებულა.
2023 წლის ბოლოს, უკრაინის მთავრობამ პირადად დააწესა სანქციები იერმოლაევზე რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობისა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ დროს განაცხადა, რომ სანქციები მიმართული იყო "მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას, ვინც მას ეხმარება და მათ, ვინც აირჩია ტერორისტულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სამარცხვინო გზა".
უკრაინული საინფორმაციო საიტის, Glavcom-ის გამოძიების თანახმად, ოლიგარქი ამ ბრალდებებს უარყოფს, სანქცირების შემდეგ კი, თავისი აქტივების დიდი ნაწილი ქალიშვილს, სოფია კონონენკოს გადასცა.
იერმოლაევი ადრე იყო ესტონური Versobank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ლიცენზია ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2018 წელს, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო გაუუქმა. იმავე პერიოდში მისი უფროსი ვაჟი, არტური, ასევე იყო საბჭოს წევრი.
გარიგება გამოძიებასთან
სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" იტყობინება, რომ მონაკოში თავდასხმა თაღლითური ქოლ-ცენტრების ირგვლივ დავას, კერძოდ - ტერიტორიის, გავლენებისა და ფინანსების გადანაწილებას უკავშირდება.
უფრო კონკრეტულად, მედია წერს, რომ აფეთქების სავარაუდო მოტივი იერმოლაევის შვილს, არტურს უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წლის 4 დეკემბერს კვიპროსში ინტერპოლის ორდერით იმ დროს დააკავეს, როდესაც დუბაიში მიმავალ თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა.

კვიპროსიდან არტურ იერმოლაევის ექსტრადაცია ესტონეთში განხორციელდა, სადაც ის დამნაშავედ ცნეს თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელობაში, რომელმაც მსხვერპლებისგან 100 მილიონ ევროზე მეტი მოიპარა. თუმცა, ოთხ თვეში, მოულოდნელად, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, რის შედეგადაც მხოლოდ 8,5 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა, ხუთწლიანი პირობითი სასჯელი და შენგენის ზონაში შესვლის 10-წლიანი აკრძალვა დაეკისრა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გარიგების ფარგლებში, არტურ იერმოლაევი დათანხმდა საერთაშორისო გამოძიებისთვის ინფორმაციის გადაცემას და თაღლითური ქოლ-ცენტრის ბიზნესში მომუშავე სხვა ადამიანების სახელები გათქვა, რამაც ბანდების სტილის ანგარიშსწორება გამოიწვია.
"გაცილებით უფრო სავარაუდოა, რომ ეს დაკავშირებული იყო თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან და, სავარაუდოდ, მის შვილთან. როგორც ჩანს, არტურმა გარიგება დადო გამომძიებლებთან და, სავარაუდოდ, ხელი დაადო თავის თანამზრახველებს და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ ქოლ-ცენტრების ქსელის სხვა ბენეფიციარებს. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ეს შურისძიება იყო", - განუცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვოლოდიმირ ფესენკომ Kyiv Independent-ს.
ქოლ-ცენტრების ოპერატორის მკვლელობა ბალიზე
ქოლ-ცენტრების ინდუსტრიის მიერ ძალადობა მხოლოდ მონაკოთი არ შემოიფარგლება. 2026 წლის თებერვალში, უკრაინის 28 წლის მოქალაქე იგორ კომაროვი, რომელიც უკრაინულმა მედიამ 2021 წლიდან დნეპრის ქოლ-ცენტრების ქსელების აღიარებულ ოპერატორად დაასახელა, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიტაცეს. მისი დანაწევრებული ცხედარი 26 თებერვალს გიანიარის სანაპიროზე იპოვეს.

გარდაცვლილის ვინაობა ბალის პოლიციამ 4 მარტს დნმ-ის ტესტირებით დაადასტურა და შვიდი უცხოელი ეჭვმიტანილი დაასახელა, რომელთაგან ოთხმა ინდონეზია უკვე დატოვა. სიკვდილამდე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში კომაროვი მისი გატაცების მიზეზად კრიმინალური შემოსავლების შესახებ დავას უკავშირებდა.
მრავალმილიარდიანი ინდუსტრია
ჟენევაში დაფუძნებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივის (GI-TOC) ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინის თაღლითური ქოლ-ცენტრების ინდუსტრია თვეში 1 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ სფეროში ამჟამად დაახლოებით 60 000 უკრაინელი მუშაობს - ქვეყნის ლეგალური საბანკო სექტორის დაახლოებით ორი მესამედი.
GI-TOC-ის შეფასება წყაროებთან ინტერვიუების საფუძველზეა შედგენილი. ავტორების თქმით, საშუალო ზომის "ოფისი" თვეში დაახლოებით 1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო დიდი - 3 მილიონ დოლარამდე.
როგორც ამბობენ, უკრაინის თაღლითური ცენტრების უმეტესობას მხოლოდ სამი ქსელი აკონტროლებს, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მნიშვნელოვანი ჩართულობით და, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების დაცვით, რაც დახურული ქოლ-ცენტრების ხელახლა გახსნის საშუალებას იძლევა.
დნეპროპეტროვი და კიევი კვლავ ეპიცენტრებად რჩებიან - 2024 წლის ბოლოსთვის, მხოლოდ დნეპროში თაღლითურ "ოფისებში", დაახლოებით, 30 000 ადამიანი მუშაობდა - თუმცა, ინდუსტრია ოდესაში, ჟიტომირში, ვინიცაში, ტრანსკარპატიასა და ლვოვში გავრცელდა, რადგან რუსეთის შეჭრის შემდეგ ორგანიზებული დანაშაული აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან გადავიდა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge