
"ნაციონალური მოძრაობის" შიდა ომი ახალ ფაზაშია - ბოიკოტში მყოფი მოქმედი თავმჯდომარე მსჯავრდებულ ლიდერს და გენერალურ მდივანს პარტიის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს
მთავრობის მეთაური ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს პოზიტიურად მიიჩნევს. საუბარია დაპირისპირებაზე "ნაციონალურ მოძრაობაში," სადაც მოქმედი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ერთმანეთს პარტიული პროტოკოლის დარღვევასა და პოლიტსაბჭოს შედეგების ფაქტობრივ გაყალბებაში ადანაშაულებენ. პრემიერის აზრით, "ნაცმოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეების სრული ლუსტრაცია ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციისთვის სივრცეს გააჩენს. ირაკლი კობახიძემ დღეს, კიდევ ერთხელ, საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ მოქმედი ოპოზიცია არა შიდა დემოკრატიის, არამედ ლობისტების კარზე დაწინაურებისთვის იბრძვის.
ურთიერთბრალდებები ყოფილ სახელისუფლებო გუნდში დღესაც ისმოდა. პარტიის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ცდილობს, "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭო სამართლებრივად არალეგიტიმურად გამოაცხადოს, რაც პეტრე ცისკარიშვილისთვის წითელი ხაზია. მედიასთან კონტაქტი და ბრალდებებზე პასუხი დღეს თავად თინა ბოკუჩავამ არ ისურვა.
"ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციურ ალიანსში არსებული პოლიტიკურად მყიფე მდგომარეობა სიმპტომატურია საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ "ხალხის ძალის" წევრებისთვის. მათი თქმით, ოპოზიციის რიგებში ღრმა შეუთავსებლობაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საუბრები კოალიციური მთავრობის სამომავლო ფორმირებაზე სრული ილუზია და სიცრუე იყო.
სააკაშვილის პარტიაში პატიმარი ექს-პრეზიდენტისვე ინიციატივით დაწყებულ ქაოსს ლოგიკურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", წლებია, ღირებულებითი კრიზისი უდგას, რომლის სტიმულატორიც, დღეს არსებულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" განახლების ეგიდით პოლიტიკური საბჭო რამდენიმე დღის წინ ჩაატარა, რომელსაც თინა ბოკუჩავა არალეგიტიმურად მიიჩნევს. 5 აგვისტოს კი სააკაშვილის პარტია ყრილობას გამართავს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge