
ციფრული "მიშა" და ახალი პოლიტიკური ამბიციები - სააკაშვილის უტოპიური განცხადებები განხილვის თემად რჩება
ციხიდან, მიხეილ სააკაშვილის ციფრული რეინკარნაციის მცდელობა გრძელდება. პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა პარტიის თავმჯდომარედ ვირტუალური მიშას არჩევა მოსთხოვოს. სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული უტოპიური განცხადებები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისევ განხილვის თემაა.
პატიმარი სააკაშვილის გეგმებს სრული სერიოზულობით უყურებენ მისი თანაგუნდელები. არგუმენტად დღეს აშშ-ის პრეზიდენტიც მოიყვანეს და, ნელსონ მანდელას, დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსჯავრდებული ლიდერი ამჯერად დონალდ ტრამპსაც შეადარეს. პეტრე ცისკარიშვილმა იმის ახსნაც კი სცადა, როგორ შეიძლება იმუშაოს ვირტუალურმა სააკაშვილმა.
სანამ საპატიმროდან ნელსონ მანდელას სახით გამოვა, სააკაშვილი თავის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. ნელსონ მანდელას შემდეგ კი თავი დავით აღმაშენებელსაც შეადარა და თქვა, რომ აღმაშენებელს, მასთან შედარებით, უფრო მეტად გაუმართლა, რადგან უკეთეს დროში ცხოვრობდა. შემდეგ იყო ილია ჭავჭავაძე. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე აღნიშნა ისიც, რომ მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ეპიზოდი გაახსენა. სააკაშვილის ეს განცხადებები და იდეები კი მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ რუსთავის ციხეში მყოფ ექს-პრეზიდენტს სამედიცინო შემოწმება სჭირდება.
მიხეილ სააკაშვილის არარეალურ იდეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა დღეს პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სააკაშვილი საღ აზრს აბსოლუტურად არის აცდენილი.
საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დააანონსა. თქვა, რომ მეორე ნელსონ მანდელაა და, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ ხელისუფლებაში მოვა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge