
მსოფლიოშია ბუნებრივი კატაკლიზმები, მაგრამ ასეთი სპეკულაცია ტრაგედიებით, როგორც საქართველოშია ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტიკისა თუ არასამთავრობოების და პოლიტიკოსების მხრიდან, არსად არ ხდება - ირაკლი ქადაგიშვილი შოვის ტრაგედიაზე
შოვის ტრაგედია და არაერთი დეზინფორმაცია ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის, მათი მხარდამჭერების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან შოვში განვითარებულ მოვლენებზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას იხსენებენ.
3 წლის წინ, მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ სტიქია წყლის დაგუბებამ და მდინარის ჩახერგვამ გამოიწვია, რომელსაც ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია, თუმცა საბოლოოდ, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ოპონენტების ტყუილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანალიზით დადასტურდა, რომლებმაც თქვეს, რომ შოვში სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო და კურორტზე მასშტაბური კატასტროფა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია.
"შოვის მძიმე ტრაგედია, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მართლაც მთელმა ერმა როგორც ტრაგედია ისე მიიღო, თავიდანვე, პირველივე წუთებიდან, ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე დაიწყეს ამის გარშემო ისეთი მითების სპეციალურად შეთხზვა, რომ მოსახლეობაში მიზანმიმართულად გამოეწვიათ დიდი აღშფოთება, ანტისახელისუფლებო გამოსვლების ან რაღაც ამდაგვარის პროვოცირება. არ დაგიდევდნენ, რეალურად რაშია საქმე, რა მოხდა, როგორ არის.
რა თქმა უნდა, სახელმწიფომ მოიწვია ყველაზე ავტორიტეტული შვეიცარიული ექსპერტები, მეცნიერულად შეისწავლეს, ყველა ფაქტი გამოიკვლიეს და თქვეს, რომ ეს მართლაც ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც რამდენიმე ფაქტორის ერთდროულად დამთხვევამ გამოიწვია. ეს იყო გეოლოგიური, ჰიდრო-ეკოლოგიური, კლიმატური და სტიქიური მოვლენების ერთდროულობა, რამაც გამოიწვია ეს და ამის რაიმე სახით წინასწარმეტყველება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო.
ზოგადად, ერთი რამე არის, რომ მთელს მსოფლიოში იყო ასეთი ბუნებრივი კატაკლიზმები, ხან მიწისძვრის სახით, ხან ღვარცოფების სახით, ხან წყალდიდობების სახით და ხან ხანძრების სახით, მაგრამ ასეთი დონის სპეკულაცია ტრაგედიებით, როგორც საქართველოშია ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტიკისა თუ არასამთავრობოების და პოლიტიკოსების მხრიდან, არსად არ ხდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge