
შოვის სტიქია - როგორ იყენებენ ოპოზიცია და მედიის ნაწილი ადამიანთა ტრაგედიას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის
მთავრობის მეთაური შოვის სტიქიასა და იმ პერიოდში ოპოზიციის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის დისკრედიტაციას ტრაგედიის გამოყენებით ცდილობდნენ. შოვში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა სამი წლის წინ რაჭაში განვითარებული მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტიქიის დროს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების წარმატებით ჩასატარებლად, ადგილზე მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული.
ოპოზიციამ, მათმა მხარდამჭერებმა და გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შოვში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა დეზინფორმაციის გავრცელება ტრაგედიის დღესვე დაიწყეს. ოპოზიციური მედიის ნაწილი ამტკიცებდა, რომ თითქოს მდინარეს კალაპოტი ხელოვნურად შეუცვალეს, არადა, მისი გადამოწმება საჯარო რუკებითაც შესაძლებელი იყო. „ფაქტჩეკი“ საკურორტო ზონაში 60-იან წლებში აშენებულ კოტეჯებზე წერდა, რომ ნაგებობები სულ რამდენიმე წლის წინ აშენდა. „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი კი ამტკიცებდა, რომ სტიქიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ყველა ჯერზე, დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა ხელისუფლებისგან არგუმენტირებული პასუხები დაუყოვნებლივ მიიღეს.
ზუსტად 6 თვეში კი ყველა დეზინფორმაციასა და სპეკულაციას წერტილი უკვე შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ დაუსვა. მათი ანალიზით დადასტურდა, რომ შოვში სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო და კურორტზე კატასტროფა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ისიც, რომ მსგავსი უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიის პრევენცია შეუძლებელი იყო, მოვარდნილი მეწყრისა და ღვარცოფის სიჩქარის გამო კი ტრაგედიას ვერც დამცავი ბარიკადები შეაჩერებდა და ვერც საყვირების სისტემა.
სანამ სპეციალისტები მუშაობდნენ, ოპოზიცია საზოგადოებაში საკუთარ ვერსიას მტკიცებულებად წარმოაჩენდა და უარგუმენტოდ ამტკიცებდა, რომ სტიქია წყლის დაგუბებამ და მდინარის ჩახერგვამ გამოიწვია, რომელზეც პასუხისმგებლობას, ტრადიციულად, ხელისუფლებას აკისრებდა. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც კი მოითხოვდა. თუმცა, დღეს ამბობენ, რომ გარემოს დაცვის ექსპერტები არ არიან და, წარსულისგან განსხვავებით, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას ცდილობდა, თუმცა შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ ყველა ტყუილი გამოააშკარავა.
ტრაგედია შოვში 3 აგვისტოს მოხდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ანალიზს ეყრდნობა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ რაჭაში სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge