
"უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის პუტინთან შეხვედრისთვისაც, თუმცა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის პუტინი მზად არ არის" - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი შესთავაზა, თუმცა მოსკოვი ამ ეტაპზე არცერთი მათგანისთვის მზად არაა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, კიევი მზადაა ნებისმიერი ფორმატისთვის.
"ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერ ფორმატს: როგორც სრულ ცეცხლის შეწყვეტას, ისე საჰაერო სივრცეში ზავისა და ენერგეტიკული ზავის ვარიანტებს. არსებობს არაერთი ფორმატი. გარდა ამისა, შეთავაზებულია ფრონტის ხაზზე ომის გაყინვაც, რათა შემდეგ უკვე რთული მოლაპარაკებების წარმართვა იყოს შესაძლებელი... უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის პირადი შეხვედრისთვისაც, რათა რთული საკითხები განიხილონ და ა.შ. შეერთებული შტატები ამ ყველაფერს სრულად უჭერს მხარს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
პოდოლიაკის თქმით, პუტინი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
"ის ერთ იდეაზეა ჩაციკლული და ამ იდეის გარშემო საკუთარ წარმოსახვაში მთელი სამყარო ააგო. იქიდან მისი გამოყვანა მედიკამენტების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია", – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge