
3 წელი შოვის ტრაგედიიდან - ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
2023 წლის 3 აგვისტო. 15:10 საათი. დრო ცოტა ხნით ჩერდება, არსებული რეალობა კი უმძიმესი სურათით იცვლება. კურორტ შოვში მეწყრული პროცესები რამდენიმე წუთში ვითარდება. მალევე ვრცელდება ცნობა, რომ რაჭა სტიქიური უბედურების ზონაა.
ტრაგიკული დღიდან ზუსტად სამი წელი გავიდა. მას შემდეგ ათეულობით ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. დროის გასვლის მიუხედავად, ტკივილი არ ნელდება. მოგონებები ტრაგედიის ადგილას დღესაც ცოცხლდება.
სტიქიასთან ბრძოლამ სრულიად საქართველო გააერთიანა. დაკარგულ ადამიანებს ერთობლივი ძალებით ეძებდნენ მაშველები, მოხალისეები და ადგილობრივები. შედეგად, სტიქიის ზონიდან 152 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. 33 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ხოლო სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკულად დაღუპულები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღეს ეს ადგილი შოვის ტრაგედიის მთავარი სიმბოლოა. ტრაგედიიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით, სტიქიის ზონაში, მემორიალთან, დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა.
დღეს შოვში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ზღვის დონიდან 1 600 მეტრზე მდებარე კურორტი მიმზიდველი ადგილი იყო ყველასთვის, ვისაც მთაში დასვენება სურდა. შოვში ვითარება სტიქიური უბედურების შემდეგ შეიცვალა, როდესაც ბუნებრივმა კატასტროფამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და არსებული ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge