
იდენტობის, ისტორიის, ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვა - მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებს არ გამორიცხავს | Rustavi2
დაკვეთას, რომელიც ეროვნული ღირებულებების, ისტორიული მოვლენებისა თუ გამორჩეული ფიგურების დაკნინებას ისახავს მიზნად, საქართველოში კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გამოხატვის თავისუფლების სახელით მიმდინარე კამპანიას. ირაკლი კობახიძე მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს. ის არ გამორიცხავს, რომ ღირებულებით კრიზისში მყოფი ჯგუფების აქტივობის პრევენციის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებიც მომზადდეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბრძოლა იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომლებზეც ქართული თვითმყოფადობა საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი მტრობაა.
გარე ძალების მხრიდან ჩარევის პრევენციისა და ქართული იდენტობის დასაცავად, საკანონმდებლო ბაზის განახლებას არც საპარლამენტო უმრავლესობაში გამორიცხავენ. მმართველ გუნდში ე.წ. ულტრალიბერალური იდეოლოგიის მავნე გავლენებზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ქართული ეკლესია, ტრადიციები და ეროვნული მნიშვნელობის ფიგურები ხშირად გააზრებული შეტევის სამიზნეები ხდებიან. მათი თქმით, კანონმდებლობამ მკაფიო ზღვარი უნდა გაავლოს სიტყვის თავისუფლებასა და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფას შორის.
ეროვნული იდენტობის, ეკლესიისა და ისტორიული ფიგურების შეურაცხმყოფელი კამპანიებისგან დასაცავად კანონმდებლობის შეცვლას საჭიროდ არ მიიჩნევს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯი სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს, რაც, მათი შეფასებით, სხვა ფასეულობებზე მაღლა დგას.
ოპოზიციასა და უცხოელ ლობისტებს ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დაუფარავ ბრძოლაში ადანაშაულებს "ხალხის ძალა". საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში აცხადებენ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის შემთხვევაში მათ მხარს დაუჭერენ. პოლიტიკოსების განცხადებით, თუ ქვეყანა საკუთარი სახელმწიფოებრიობის საყრდენს ვერ დაიცავს, ვერც საგარეო ასპარეზზე იქნება სრულფასოვანი პარტნიორი.
იდენტობის, ისტორიის, ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვის მიზნით, საქართველოში არაერთი ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. არ არის გამორიცხული, რომ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, უახლოეს მომავალში საზოგადოებამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც იხილოს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge