
წამებისა და ქონების იძულებით დათმობის საქმე - ბესიკ ხარძიანის ოჯახის მრავალწლიანი მოლოდინი დასრულდა
მოკლული ბიზნესმენის ოჯახის მოლოდინი გამართლდა - ციხეში, ბესიკ ხარძიანის წამებისა და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის საქმეზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, დამნაშავედ ცნო. ორივე ძებნილ ბრალდებულს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2008 წელს, გიორგი უდესიანი და ბესიკ ხარძიანი შპს "კუს ტბა კალასა" და შპს "კუს ტბა პალასის" პარტნიორები იყვნენ. 2011 წელს კი ბესიკ ხარძიანი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ, გია უდესიანმა, ქონების იძულებით დათმობის მიზნით, მაშინდელ ციხის დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, ხარძიანის წამება დაავალა. უდესიანის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის საკანში შეგზავნილნი იყვნენ აგენტი პატიმრები, ხოლო ბიზნესმენზე ძალადობაში, მათთან ერთად, ციხის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წელს, ვაკეში, მარაბდის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, ქილერმა ჩაცხრილა. გამოძიება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო.
მისმა ოჯახმა ჯერ იძულებით ჩამორთმეული კუს ტბის წილები დაიბრუნა. 9-წლიანი ძებნის შემდეგ, ქილერი თურქეთში დააკავეს და 2024 წელს საქართველოში გადმოიყვანეს. ფარიდ გურბანოვი ახლა უვადო სასჯელს იხდის. წამებისა და ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, უდესიანისა და მუხაძის დამნაშავედ ცნობას მოკლული ბიზნესმენის ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა.
ბესიკ ხარძიანის წამების საქმეზე გამოტანილ განაჩენს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოკლული ბიზნესმენის მიმართ ჩადენილი დანაშაული ყოფილი ხელისუფლების სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
ბესიკ ხარძიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურა ბიზნესმენის მკვლელობის დამკვეთების ვინაობას ადგენს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge