
გაქრება თუ არა მოლდოვა მსოფლიო რუკიდან და გახდება თუ არა ის რუმინეთის ნაწილი? - The Economist-ი მოლდოვის "გეგმა B"-ზე წერს
ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხების შემთხვევაში, მოლდოვის ხელისუფლება რუმინეთთან გაერთიანებას ალტერნატიულ გზად განიხილავს, - წერს გამოცემა The Economist-ი.სტატიის მიხედვით, იდეას ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად მხარს უჭერენ. მათ შორის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში გაერთიანების სასარგებლოდ მისცემს ხმას. გამოცემის შეფასებით, ამ გზით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლდოვას დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და დნესტრისპირეთისა და გაგაუზიის საკითხის გადაწყვეტა მოუწევს.
შესაძლოა თუ არა მოლდოვა გაქრეს? ეს წარსულშიც მომხდარა, - წერს გამოცემა. 1918 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, მოლდოვის პარლამენტმა მეზობელ რუმინეთთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი. დღეს მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ თუ ევროკავშირი გაწევრიანების პროცესს დაბლოკავს, მოლდოვამ შესაძლოა რუმინეთთან გაერთიანების საკითხი დააყენოს. რუმინეთი უკვე ევროკავშირის წევრია.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუმინეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, თავად „კი“-ს დაუჭერდა მხარს. ვიცე-პრემიერმა ეუჯენ ოსმოჩესკუმ ამას „გეგმა B“ უწოდა. რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი, ისევე როგორც არაერთი სხვა რუმინელი პოლიტიკოსი, ამგვარი გაერთიანების მომხრეა.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნები 2029 წლისთვის დააკმაყოფილოს. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ საფრანგეთმა ეს პროცესი შეაფერხოს. საფრანგეთის კონსტიტუციის მიხედვით, ევროკავშირში ახალი წევრის მიღებას ან რეფერენდუმი, ან პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატების სამი მეხუთედის მხარდაჭერა სჭირდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლდოვამ რომელიმე გზით საჭირო მხარდაჭერა მიიღოს.
წყაროს ცნობით, 2029 წლისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა მარინ ლე პენი გახდეს. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეა. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მიმზიდველი ხდება ე.წ. აღმოსავლეთგერმანული სცენარი - ევროკავშირში გაწევრიანება მეზობელ ქვეყანასთან გაერთიანების გზით.
რუმინეთში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მოლდოვასთან გაერთიანებას მოსახლეობის დაახლოებით 70% უჭერს მხარს, მოლდოვაში კი - დაახლოებით 40%. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოლდოვაში ამ იდეის მხარდაჭერა თითქმის გაორმაგდა, ამბობს იულიან გროზა, ანალიტიკური ცენტრის, "ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის", დირექტორი.
მოლდოვის მოსახლეობა დაახლოებით 2,9 მილიონია. მათგან დაახლოებით 850 ათასს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოლდოველებს, რუმინეთის მოქალაქეობა აქვთ. ამის მიზეზი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე იდეოლოგიური - რუმინეთის მოქალაქეობა მათ ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, პრაქტიკულმა მიდგომამ შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ნაცვლად რუმინეთთან გაერთიანებისკენაც უბიძგოს. ამ შემთხვევაში ისინი რუმინეთის შემადგენლობაში ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდებიან. ამომრჩეველთა ნაწილი უკვე მონაწილეობს რუმინეთის არჩევნებში და მათ შორის არიან ისინიც, ვინც ნიკუშორ დანის არჩევას შეუწყო ხელი.
მოლდოვა ღარიბი ქვეყანაა და მისი ხელისუფლება დნესტრისპირეთს - პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონს - ვერ აკონტროლებს. ამასთან, გაგაუზიასთან, მოლდოვაში მცხოვრებ პრორუსულ უმცირესობასთან, 1994 წელს გაფორმებული შეთანხმება მათ უფლებას აძლევს, დამოუკიდებლობა გამოაცხადონ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ოდესმე რუმინეთს შეუერთდება.
როგორც გამოცემა წერს, მოლდოვა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომლის არსებობაც მომავალში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ალბანეთსა და კოსოვოში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური ალბანელია, ქვეყნების გაერთიანების იდეას უმრავლესობა უჭერს მხარს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge