
"ნეთანიაჰუს პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს თავად ისრაელსაც, უდიდესი ზიანი ადგება პალესტინელებს და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი | Rustavi2
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებს. ფიდანის განცხადებით, ნეთანიაჰუს პოლიტიკა არა მხოლოდ პალესტინელებისთვის, არამედ თავად ისრაელისა და მთელი რეგიონისთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ფიდანმა ამის შესახებ სტამბოლში, თურქეთის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის მონაწილეობით, "მექის თავდაცვის შეთანხმების" ფარგლებში გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეთანხმება სამ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
"მისი პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს თავად ისრაელსაც, უდიდესი ზიანი ადგება პალესტინელებს და ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. მის განცხადებებს თუ გადავხედავთ, ის არ არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მომხრე და არ სურს, რეგიონში მიმდინარე ოკუპაცია შეწყდეს. პირიქით, მას სურს, გაგრძელდეს გენოციდური და ოკუპაციური პოლიტიკა - მიდგომა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებას.
ეს უკვე მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის უდიდესი საფრთხეა. საერთაშორისო საზოგადოება ამ საფრთხეს, ნეთანიაჰუს საფრთხეს, უნდა დაუპირისპირდეს. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი", - განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
ლუკა ჩლაიძე
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge