"ჩვენ შევიმუშავეთ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას და მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ხედვის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ საკითხზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„გასულ წელს დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, დაიწყო მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება და მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის გადაკვეთის დროის განახევრების მიმართულებით. ამასთან, სასაზღვრო პროცედურების დრო დაახლოებით 7.5-ჯერ შემცირდა, ხოლო საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვით ნავსადგურებში გემების მომსახურების დრო 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გაწეულ ძალისხმევას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, რაც რეკორდულ მაჩვენებლებში აისახა.
„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაზეც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა“- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზრდამ 30%-ს მიაღწია.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge