ნიკა გვარამიას დახასიათება თუ დაგჭირდათ, ანა წითლიძეს მიმართეთ. ანა წითლიძის სანდოობით თუ დაინტერესდებით, ნიკა გვარამიას მოუსმინეთ. იაგო ხვიჩიაზე თენგო თევზაძე მოგიყვებათ. ხვიჩია სხვებსაც დაგიხასიათებთ, თუმცა ფიქრობს, რომ განსაკუთრებით გვარამიას ატკინა.
სია ვრცელია, წერილები გრძელი - ყოფილი პარტნიორები ერთმანეთს ლანძღავენ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევათ. ამომრჩეველს დაწვრილებით უხსნიან, რატომ არ უნდა ენდონ მათ ყოფილ მოკავშირეს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფილ იდეოლოგს სიტყვებს არ პატიობენ. ახსენებენ, ვინ მისცა პოლიტიკური წონა და ვისი მხარდაჭერით სარგებლობდა. წითლიძე, რომელიც ადრე გვარამიას პოლიტპატიმარს უწოდებდა, ახლა მას "რუსთავი 2"-ის, "მთავარი არხისა" და პარტიის გაძარცვაში ადანაშაულებს. ასახელებს მის სავარაუდო ხელფასსაც: თვეში 85 000-ს ლარს. სახელფასო ამონაწერის გამოქვეყნებით კი, ჯერ მხოლოდ იმუქრება.
ამბობს იმასაც, რომ გვარამიამ ნიკა გილაურისგან 40 მილიონი მიიღო ოპოზიციის დაშლის სანაცვლოდ.
გვარამია ბრალდებებს უარყოფს. გვარამიას ვერსიით, გილაური კოალიციის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო, კოალიციამ კი, 10 მილიონი ლარი დახარჯა. ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას სააკაშვილიც უჭერდა მხარს და მასთან სწორედ სააკაშვილისთვის სანდო პირის - პარტიული ფიგურის შუამავლობით მივიდა. თანამშრომლობას ადასტურებს. თუმცა ოპოზიციის დაშლის სანაცვლოდ ფულის მიღებას უარყოფს.
სააკაშვილი 40-მილიონიან ბრალდებას პოლიტიკური კორუფციის კონტექსტში განიხილავს და გვარამიას კოალიციას ჩამოშლილს უწოდებს. გილაურის პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობაში საკუთარ მონაწილეობაზე კი პირდაპირ პასუხს არ იძლევა.
პოლიტიკური განქორწინების შემდეგ, მეხსიერება ორივე მხარეს ერთდროულად გაუუმჯობესდა. ახლა იხსენებენ შეხვედრებს, დაფინანსებასა და გარიგებებს, რომლებზეც ერთად ყოფნის დროს საჯაროდ არ საუბრობდნენ. მათი მონათხრობიდან გამოდის, რომ ყველაზე საეჭვო ხალხი წლების განმავლობაში ერთმა პარტიამ გააერთიანა.
თუმცა "ნაციონალები" საზღვარს ამ გულახდილობასაც უწესებენ. გვარამია გილაურთან შუამავალს არ ასახელებს. წითლიძე ამბობს, რომ იცის, ვის გულისხმობს, მის დასახელებას ითხოვს და საჭიროების შემთხვევაში ვინაობის გამხელას თავად აპირებს.
ამ დავაში გვარამია მის წინააღმდეგ შეთანხმებულ მოქმედებას "ნაციონალურ მოძრაობასა" და იაგო ხვიჩიას გუნდს აბრალებს. ამას ორივე მხარე უარყოფს. "გირჩში" მის ვრცელ განმარტებას სკანდალის გადაფარვის მცდელობად აფასებენ. თენგო თევზაძე კი, "ნაციონალური მოძრაობისა" და "გირჩის" შესაძლო კოალიციაზე საუბრობს და წითლიძეს ოპოზიციაში განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს.
წითლიძეს საპასუხოდ ერთი კითხვა ჰყოფნის.
გილაურთან შუამავლის ვინაობა, მისი თქმით, იცის. თევზაძის ვინაობას ჟურნალისტებს ეკითხება. არადა, თევზაძე იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელთანაც "ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ხნის წინ ალიანსში იყო. საერთო მაგიდიდან ადგომის შემდეგ პოლიტიკური ნაცნობობაც გადასახედი გახდა.
ხვიჩიას გუნდი გამიჯვნას სახელის შეცვლითაც ცდილობს. "გირჩი" - "თავისუფალი ხალხის პარტიის" სახელით გააგრძელებს საქმიანობას. მათი განმარტებით, ზურაბ ჯაფარიძის გუნდთან საერთო სახელიც კი, რეპუტაციას აზიანებს.
პარტიების სახელების მიღმა კი ისევ იგივე დავაა: ვის გაჰყვება ამომრჩეველი, ვის დააფინანსებენ და ვინ შეინარჩუნებს სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობით სარგებლობის შესაძლებლობას. ამას თან ახლავს ორგანიზაციული რღვევაც. ცხრა პარტიის ალიანსი საბოლოოდ დაიშალა. თინა ბოკუჩავას წასვლით ცვლილებები დაიწყო თავად სააკაშვილის პარტიაშიც.
მათივე მონათხრობით, ერთობის დღევანდელი კრიზისი გაცილებით ადრე იწყება.
"ქართული ოცნება" ამ დაპირისპირებას დაფინანსების მოპოვებისთვის ბრძოლით ხსნის და ოპონენტების თვითმხილებად აფასებს. ხელისუფლებას ციტატების ძებნა აღარ სჭირდება: ყოფილი მოკავშირეების წინააღმდეგ ნათქვამს ოპოზიციონერები თავად აწვდიან.
ფინანსური ბრალდებები დასაბუთებას მოითხოვს. პოლიტიკური შედეგი კი უკვე სახეზეა - ერთმანეთის არასანდოობაზე საუბრობენ ისინი, ვინც ამომრჩეველს ერთად დგომას სთავაზობდნენ. თითოეული ცდილობს დაამტკიცოს, რომ პრობლემა მის გვერდით მდგომი იყო. რატომ იდგა თვითონ მის გვერდით, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.
ამ კვირაში ოპოზიციონერებმა ერთმანეთის შესახებ ვრცელი დახასიათებები მოგვცეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ დღეს თუ ხვალ ისევ ერთ მაგიდასთან დასხდებიან, ისევ ერთობისკენ მოგვიწოდებენ, ლუკმასაც გაიყოფენ და დაფინანსებასაც. მაგრამ, საერთო განცხადებამდე ერთი განმარტება დასჭირდებათ: ამ დახასიათებებიდან რომელი აღარ არის ძალაში?
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge