
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა. შესაბამისი ბრძანება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კრავჩენკოს გადაყენებას წინ უძღოდა დაპირისპირება და მისივე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რაც ქოლცენტერების „მფარველობის“ საქმეზე ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
14 სექტემბერს გენპროკურორმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ეჭვმიტანილის სტატუსის მინიჭებას ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსისთვის. კრავჩენკომ ჩატარებული ჩხრეკების დროს მათი თანამშრომლების წინააღმდეგ არსებული საქმეების მასალების „მიტაცებაში“ დაადანაშაულა, რათა საპროცესო გადაწყვეტილებები შეეჩერებინათ.
სამართალდამცავი ორგანოების წყაროებმა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადეს, რომ კრავჩენკომ ქვეყანა 14 სექტემბრის ღამეს, სამსახურებრივი ავტომობილით დატოვა. თავად გენპროკურორმა განაცხადა, რომ მივლინებაში იმყოფება. მიღებული ბრძანების თანახმად, მან საკუთარი თავი პარიზში 5-დღიან მივლინებაში გაუშვა „უკრაინელი ბავშვების შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსმენებში მონაწილეობის მისაღებად“, თუმცა ღონისძიების მომხსენებელთა სიაში ის არ ფიქსირდება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს გენპროკურორის გადაყენების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, პრეზიდენტის წარდგინება პარლამენტში უკვე შევიდა და რადას სამართალდამცავ საქმეთა კომიტეტმა მას უკვე დაუჭირა მხარი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge