
როდესაც ფაშისტური სლოგანების ავტორები ევროკავშირის ფულით ფინანსდებიან, ეს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის დაფინანსებასა და წახალისებას ნიშნავს - შალვა პაპუაშვილი
რადიკალიზმის წახალისება და "ქართული ოცნების" ამომრჩევლის შეურაცხყოფა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებას. საუბარია გორში, 26 სექტემბერს დაგეგმილ მუსიკოს კორძის კონცერტზე.
მმართველი გუნდის განცხადებით, ევროკავშირი და დანიის კულტურის ინსტიტუტი თანამშრომლობს და სცენას უთმობს მუსიკოსს, რომელიც "ოლე ოლას" ავტორია და მილიონზე მეტ ქართველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას კორძისთან თანამშრომლობით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - ამ კითხვით "კურიერმა" დიპლომატიურ უწყებას უკვე მიმართა.
"საქართველოში ევროკავშირის ფული ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება. როგორც ვნახე, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია, აღნიშნულ ღონისძიებას ატარებს გორის კულტურის ცენტრი (მგონი, ასე ჰქვია ამ ორგანიზაციას). შეგახსენებთ, რომელი ორგანიზაციაა ეს: მათ კედელზე მოაწყვეს პერფორმანსი, სადაც 1 200 000 ადამიანს მონას უწოდებდნენ. ალბათ, გახსოვთ გერმანიის ელჩიც, რომელიც ამ წარწერების წინ პოზირებდა. ანუ, როდესაც ფაშისტური სლოგანებისა და შეძახილების ავტორები ევროკავშირის ფულით ფინანსდებიან, ეს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის დაფინანსებასა და წახალისებას ნიშნავს.
აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს ესაუბრება: როდესაც სხვა ქვეყანაში საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასარევად მზად ხარ, შეეგუო და პირდაპირ დააფინანსო ექსტრემიზმი და ექსტრემისტები. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი, რომ ამ საკითხს ვინმეს მხრიდან რაიმე გამოხმაურება მოჰყვება, რადგან მათ არაფერი აინტერესებთ. ისევე, როგორც არ ადარდებთ 4 ოქტომბერი, როცა სისხლისღვრას, პირდაპირი გაგებით, სანტიმეტრებით გადავურჩით - იმ სისხლისღვრას, რომლისკენაც თავისუფლების მოედანზე გასული საქართველოს 7 000 მოქალაქე მიდიოდა და რომელსაც ევროკომისიამ რამდენიმე დღით ადრე თავისი განცხადებით დაუჭირა მხარი. ზუსტად ასე, აბსოლუტურად არ ადარდებთ ისიც, თუ რა მოხდება საქართველოში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge