
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.
"მედიას აქვს განსაკუთრებული როლი საარჩევნო პროცესში - დაწყებული ამომრჩეველთა ინფორმირებით, გაგრძელებული საარჩევნო კულტურის ხელშეწყობითა და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. სწორედ ამ მიზნით, პერმანენტულად ვმართავთ შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან და გვაქვს შესაძლებლობა არამხოლოდ მივაწოდოთ აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი - მათი კითხვები და რეკომენდაციები, სხვა რაკურსით დანახული პროცესი. აღნიშნული კი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა საკითხს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ, ისევე, როგორც ვიფიქროთ პროცესის შემდგომ განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება როგორც მედიასთან, ისე სხვა ჩართულ მხარეებთან", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
საკრებულოს შუალედური არჩევნები, მედიის როლი და უფლებები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, სამართლებრივი ჩარჩო და სიახლეები, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესში: მიმდინარე გამოწვევები და პრაქტიკული მაგალითები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა და პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე.
შეხვედრის ფარგლებში მედის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ცესკოს ახალი პლატფორმის დეზინფორმაციის რეესტრის და ახალი საარჩევნო ჟურნალის "არჩევნები 360°"-ის შესახებ. აღნიშნული გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა. ხოლო დეზინფორმაციის რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.
გაიმართა აქტიური დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.
სამუშაო შეხვედრა 18-20 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 30-მა წარმომადგენელმა მიიღო.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge