
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - სასამართლომ გიორგი ფირფირაშვილი 4000 ლარით, ხოლო ეთერ სულაბერიძე 3000 ლარით დააჯარიმა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა გიორგი ფირფირაშვილი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაკა ბოჭორიშვილს, ეთერ სულაბერიძეს კი 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა პატრიარქ შიო მესამეს მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის. პროცესები გაიმართა გორსა და ზესტაფონშიც.
"ბატონი გიორგი ფირფირაშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე, მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საქმის მასალები, მტკიცებულებებთან ერთად, გადმოიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს განიხილა სასამართლომ აღნიშნული საქმე, დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა და ბატონი გიორგის მიმართ გამოიყენა სახდელის სახით ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
ქალბატონ ეთერ სულაბერიძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ქალბატონი ეთერი დღეს არ გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი. დღეს სასამართლომ განიხილა აღნიშნული სამართალდარღვევის საქმე, ქალბატონი ეთერის მიმართ სახდელის სახით, ჩვენი მოთხოვნით, გამოიყენა ჯარიმა, ყველაზე დიდი რაოდენობით, ამ შემთხვევაში მაქსიმალური რაოდენობით - 3000 ლარი," - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, სალომე ქირია.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge