
ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ამ სარჩელში წარმოდგენილი ვერ იქნება - გიორგი ჭანტურია
პარტიების აკრძალვის შესახებ განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია. მმართველი გუნდის სარჩელს დაემატა პარტია "გახარია საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად ცნობა.
"ქართული ოცნება" გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს, ინსტიტუტების შეურაცხყოფასა და, უცხოელ ლობისტებთან ერთად, ეროვნული ინტერესების დაზიანებას ასახელებს.
სარჩელის შეტანის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა, დადგენილ ვადაში, "ნაცმოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტების" და უკვე პარტია "საქართველოსთვის" კანონიერებასთან დაკავშირებით მოუწევს.
გახარიას გუნდის წევრების თქმით, პარტიების აკრძალვა მათ ვერ გააჩუმებს.
"ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ამ სარჩელში წარმოდგენილი ვერ იქნება ჩვენს არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენს პარტიას ყველა კანონის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ყველანაირი ვალდებულება შესრულებული აქვს.
ჩვენი პარტია იცით, რომ წარმოდგენილია პარლამენტში, ჩვენი პარტია წარმოდგენილია საკრებულოებში. ვინმეს თუ ჰგონია, რომ პარტიის აკრძალვის შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია გაჩუმდება ან გაქრება, ეს ასე არ მოხდება," - განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge