
"ანტი აფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია" - ნიკა გვარამიას განცხადება და მმართველი გუნდის შეფასებები
"მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები და ეს ბუნებრივია" - ნიკა გვარამია, თავადაც ოკუპირებული სოხუმიდანაა. ამბობს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი არ უყვართ. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ამტკიცებს, რომ მტრობას სიყვარული ვერ შეცვლის. აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ განცხადება რამდენიმე კვირის წინაც გააკეთა. მაშინ სომხური მოდელი ახსენა და მიანიშნა, რომ ყარაბაღის მსგავსად საქართველომ ოკუპირებული რეგიონი უნდა დათმოს.
ანტი აფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. შალვა პაპუაშვილის თქმით, გია ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ნიკა გვარამიას განცხადებების მიზანი, ევროკავშირში საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე გაწევრიანების იდეის დამკვიდრებაა.
ნიკა გვარამიამ დღეს განმარტებები მედიასთან აღარ გააკეთა. კომენტარს არც მისი თანაპარტიელები აკეთებენ. ყოფილი თანაგუნდელები კი ირწმუნებიან, რომ მათთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრიორიტეტულია.
არაფრის ფასად, საქართველო არ დათმობს აფხაზეთისა და ცხინვალის ისტორიულ რეგიონებს - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი ნიკა გვარამიას განცხადებაზე. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს ოპოზიციის მიერ გარედან მიღებული დავალების შესრულებაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ანტიაფხაზურ კამპანიას ახლა სათავეში ნიკა გვარამია ჩაუდგა.
ნიკა გვარამიამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge