
არ შეიძლება, რომ ესა თუ ის დაკავებული თანამდებობა რაიმე ტიპის ინდულგენცია იყოს - თორნიკე ჭეიშვილი
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატების" ეთერში საუბრობს პასუხისმგებლობის ორმაგ პოლიტიკურ და სამართლებრივ განზომილებაზე და აღნიშნავს, რომ როდესაც პირი აღარ იკავებს თანამდებობას, პოლიტიკური პასუხისმგებლობის უმაღლესი ზომა უკვე სახეზეა. მისივე თქმით, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ის მკაცრად ინდივიდუალურია და ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, არ იყოს არავითარი შემგუებლური დამოკიდებულება იქ, სადაც დანაშაულის ნიშნებია, რადგან მისივე თქმით, თანამდებობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია.
"მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის: როცა პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, თუნდაც კონსტიტუციურ-სამართლებრივ კონტექსტში, მას აქვს ორი გამოხატულება, თქვენ თვითონაც ახსენეთ, სხვათა შორის, ეს არის: პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ინდივიდუალური, შეიძლება იყოს სოლიდარული და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ინდივიდუალური პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლენა, როდესაც კონკრეტული პირი, ვისზეც თქვენ საუბრობდით, უბრალოდ აღარ არის თანამდებობაზე?
ყველაზე უფრო მკაცრი პოლიტიკური სანქცია რაც შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილში ვიგულისხმოთ რა არის? ის, რომ ადამიანი აღარ არის უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე. ამ ფონზე, როგორ ხედავთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ დაკისრებას? ცოტა უცნაურია.
რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც უკვე ინდივიდუალური განზომილებაა: აქ ყველამ ძალიან კარგად იცის (და ეს არის ზუსტად ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საგანი), რომ არცერთ მსგავს ქმედებაზე, სადაც არის დანაშაულის ნიშნები (და მით უმეტეს, დადასტურებული დანაშაულია), არ იყოს არავითარი შემგუებლური დამოკიდებულება.
პირიქით, ჩვენი გუნდის წევრებს არაერთხელ აღგვინიშნავს და ყოველთვის ვსაუბრობთ ამის შესახებ, რომ არავის არ სიამოვნებს (და ნამდვილად არ არის ეს მოსაწონი თემები საზოგადოებისთვის), როდესაც ვიწყებთ ამ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებასა და დაკისრებას (რასაკვირველია, შესაბამისი ორგანოები მონაწილეობენ ამაში). მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ესა თუ ის დაკავებული თანამდებობა რაიმე ტიპის ინდულგენცია იყოს.
ახლა რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს: ზუსტად ეს არის ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მოხდეს ამის გამოყენება. ეს რეალურად არის პრეცედენტული პროცესი და პრეცედენტული გადაწყვეტილება იქნება (როგორიც არ უნდა იყოს იგი), რასაც საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო ჯამში მიიღებს ამ საქმესთან დაკავშირებით.
რატომ? იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს ჩართული მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებაში და შემდგომ უკვე (თუკი შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს), მოახდინოს ამის ტრანსფორმაცია კონკრეტულ აქტივობებში და ღონისძიებებში,"- აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge