
თორნიკე ფაღავა: მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობებია. ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობის შენარჩუნება, ესკალაციის თავიდან აცილება და მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია
"ევროპის უმთავრესი ძალა ყოველთვის მისი უნარი იყო, მრავალფეროვნებისა და განსხვავებების მიუხედავად, ერთიანობა შეექმნა - საერთო პრინციპების, თანაბარი წესებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებით", - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ, საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ, ფაღავამ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გაფართოება მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
მისივე განცხადებით, მშვიდობა და სტაბილურობა, საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობებია.
"დღეს, როდესაც ღრმა გეოპოლიტიკური გარდაქმნების ეპოქაში ვიმყოფებით, ევროკავშირის გაფართოება მნიშვნელოვან ეტაპს გადის. საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკური მიზანი არ არის, ევროპული ინტეგრაცია არის ისტორიული არჩევანი და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისადმი მტკიცე ერთგულება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება უცვლელია. ჩვენ კვლავაც ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან. ამასთან, აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ.მიუხედავად ამისა, ევროკავშირის გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ტექნიკური კრიტერიუმების შესრულება. გაფართოება მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
ჩვენი ხედვა მკაფიოა: დამსახურება და უსაფრთხოება ერთმანეთს აძლიერებს.
საქართველოსთვის გაფართოების საკითხი ჩვენი უსაფრთხოების გარემოსგან არსობრივად განუყოფელია. ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, მაშინ როდესაც საქართველო ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის წევრი არ არის. შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენთვის მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის, ისინი ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობებია. ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობის შენარჩუნება, ესკალაციის თავიდან აცილება და დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით გაგრძელება.
ამავდროულად, საქართველოს არ სურს ევროპული უსაფრთხოებისგან მხოლოდ ცალმხრივად მიიღოს სარგებელი, ჩვენ მზად ვართ, თავადაც შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ მისიებში ჩვენი აქტიური მონაწილეობით, მათ შორის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე დიდი კონტრიბუტორის რანგში, ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად გავიზიაროთ საერთო პასუხისმგებლობა.
დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს სჭირდება მეტი დიალოგი და არა ნაკლები, მეტი ჩართულობა და არა იზოლაცია", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge