
წყალდიდობა აზიაში - ტაილანდში, ინდოეთსა და ნეპალში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა
დახლების ნაცვლად წყალში მოტივტივე ყუთები, გასასვლელების ნაცვლად დატბორილი ქუჩები - ბაზარში პროდუქტების საყიდლად მისულ ადამიანებს წყალში გავლა უწევთ. მოვაჭრეებს საქონელი პლასტმასის კონტეინერებით გადააქვთ და ვაჭრობასაც დატბორილ სივრცეში განაგრძობენ.
ძლიერმა წვიმამ ტაილანდის დედაქალაქში ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. ბანგკოკის დატბორილ უბნებში მოსახლეობა საკვების შეძენას ცდილობს, ათასობით ადამიანი კი ამ დრომდე თავშესაფარში რჩება.
ძლიერ ნალექს მძიმე შედეგები მოჰყვა ინდოეთის ჩრდილოეთში. უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმედღიან უამინდობას, ბოლო ინფორმაციით, 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, დაზიანებულია დაახლოებით ათასი სახლი. ორ დღეში მოსული ნალექის რაოდენობამ დადგენილ ნორმას თითქმის ცხრაჯერ გადააჭარბა.
ადიდებული მდინარეები დასახლებებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. მაშველებს მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. რამდენიმე რაიონში, მათ შორის ქალაქ ლაქნაუში, სკოლები დაიხურა. საგანგებო სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე არ გადაადგილდნენ და ადიდებულ მდინარეებს მოერიდონ. სტიქიის გამო ქვეყნის აღმოსავლეთში ამ დრომდე დაახლოებით 75 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ნეპალში კი წყალდიდობას მეწყერიც დაემატა. ქვეყნის კატასტროფების მართვის უწყების ინფორმაციით, დაღუპულია 21 ადამიანი. მათგან 14 მეწყერმა იმსხვერპლა. კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ.
საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან დაახლოებით სამი ათასი ადგილობრივი გაიყვანეს. მთიან რაიონებში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის კი ვერტმფრენები გამოიყენება. დაზარალებულებს საკვებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს მოხალისეები და ექიმები აწვდიან.
სტიქიამ ნეპალში ელექტროგადამცემი და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც დააზიანა. უშუქობისა და სრული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, ხელისუფლება ქვეყნის 77 რაიონიდან 49-ში უეცარი წყალდიდობის შესაძლო საფრთხეზე მოსახლეობას დღესაც აფრთხილებს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge